GE

„წესით, რეპეტიტორიუმი კერძო რეპეტიტორების რეალური ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს“ – მშობლების ხარჯი სკოლიდან სტუდენტობამდე

„გავტყავდით მშობლები, ზოგი ოთხ საგანში ამზადებდა, ზოგი – ხუთში“, „კერძო რეპეტიტორს 2 000 ლარი სჭირდება. ამ ფინანსების გადახდა, შესაძლოა, 100%-დან 20%-მა შეძლოს, მაგრამ ზოგს საჭმლის ფული არ აქვს…“, „ბავშვის მომზადებაში 4 500 ლარი გადავიხადე. რასაც ვშრომობ, აბსოლუტურად ყველაფერს მასწავლებლებს ვურიცხავ“, „რეპეტიტორთან მომზადება და ბანკეტი, 10-11 ათას ლარამდე დაგვიჯდა“, – ეს ფრაზები ეკუთვნით 2026 წლის აბიტურიენტების მშობლებს, რომლებსაც EDU.ARIS.GE-მ ჰკითხა, თუ რა თანხას ხარჯავს ოჯახი იმისთვის, რომ მოსწავლის სკოლის დამთავრება და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მიყვანა უზრუნველყოს.

მე-12 კლასის მოსწავლე – ეს სიტყვათშეთანხმება საქართველოში უმრავლესობისთვის დიდ ფინანსურ ხარჯთან, დაძაბულ პერიოდსა და საგამოცდო ციებ-ცხელებასთან ასოცირდება და არც ცდებიან. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მე-12 კლასში მშობლების დიდ ნაწილს უწევს შვილის კერძო რეპეტიტორთან მომზადება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში [რომელიმეში მაინც, ან ყველაში] წლის ბოლოს კი, ამას ბოლო ზარისა და ბანკეტის, ხშირ შემთხვევაში არცთუ მოკრძალებული, ხარჯებიც ემატება.

„გამზითვება უფრო იაფი დამიჯდებოდა, ვიდრე შვილისთვის სკოლის დამთავრება და გამოცდები“ – ასეთი ფრაზაც კი მოვისმინეთ მშობლისგან, რომელსაც შვილის დამამთავრებელი კლასის ფინანსურ სიძნელეებზე დავუსვით კითხვა. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან, ტესტირებაზე შესული შვილების მომლოდინე დედებს ჩვენ ასევე ვკითხეთ – ამზადებდნენ თუ არა კერძო მასწავლებლებთან შვილებს და რატომ, თუკი აბიტურიენტი სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდოდა ტესტირებაზე, ექნებოდა თუ არა სასურველი შედეგი მისაღებ გამოცდებზე და მიაჩნდათ თუ არა რეპეტიტორიუმი, რომლის დანერგვაც მე-11 კლასში იგეგმება, „კერძო რეპეტიტორთა ინსტიტუტის“ რეალურ ალტერნატივად.

ჩვენი პირველი რესპონდენტი 46 წლის ქეთევან რევაზიშვილია, რომლის უფროსი შვილი – სტუდენტი, შუათანა – აბიტურიენტი, ხოლო უმცროსი სკოლის მოსწავლეა. როგორც ქალბატონმა ქეთევანმა გვითხრა, საერთო ჯამში, ბანკეტისა და რეპეტიტორთან მომზადების ხარჯი ოჯახისთვის „საშინელი ფინანსური წნეხია“, თუმცა იცოდა, რომ მხოლოდ სკოლის ცოდნით მისი შვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველ შედეგს ვერ მიიღებდა, ამიტომ, აბიტურიენტის მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და მათემატიკაში 10 თვის განმავლობაში მოუწია:

„რეპეტიტორებთან მომზადების ხარჯი 8 ათასი, ბანკეტის ხარჯი კი, დაახლოებით, 2 ათასი ლარი იყო. საერთო ჯამში, მომზადება და ბანკეტი, პლუს-მინუს, 10-11 ათას ლარამდე დაგვიჯდა. ეს არის საშინელი ფინანსური წნეხი. ვერ ვიტყვი, რომ მიჭირს და პურის ფული არ მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას ვიკლებ, რომ ჩემს შვილებს მომავალი მივცე და მიზნების განხორციელებაში ხელი შევუწყო.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ არ არის სკოლა მობილიზებული ისე, რომ მოსწავლე ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადოს. მე ვსაუბრობ ჩემს შვილზე – არ არის ზარმაცი, პირიქით, ძალიან მშრომელია, მოტივირებულია, მაგრამ ვიცოდი, რომ რეპეტიტორი დამჭირდებოდა. ამ გადმოსახედიდან – სკოლის სიტუაცია და ის, რასაც აძლევენ სკოლაში, საკმარისი არ იქნებოდა, რომ მისაღებ გამოცდაზე წარმატება ჰქონოდა“.

მშობელი იწონებს მე-11 კლასში რეპეტიტორიუმის დანერგვის იდეას, თუმცა საგამოცდოდ შერჩეულ საგნებში მომზადებასთან ერთად, სრულყოფილი ზოგადი განათლების მიღების აუცილებლობასაც ხედავს.

„[რეპეტიტორიუმი] უფასო თუ იქნება, მშვენიერია. რა თქმა უნდა, მივესალმები, თუმცა მთავარია, შედეგი რა იქნება. აქ მეორე საკითხიც არის – შერჩეულ საგნებში მომზადებასთან ერთად, ზოგადი განათლებაც საჭიროა. არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ – „ეს რაში გამომადგება, ან მჭირდება“. ვერ იაზრებს ახლანდელი თაობა, რომ სამომავლოდ, ის ზოგადი განათლება, შესაძლოა, ყველაფერში დასჭირდეთ“, – გვითხრა ქეთევან რევაზიშვილმა.

ერთი წლის განმავლობაში კერძო რეპეტიტორთან ემზადებოდა ქალბატონი ნინოს აბიტურიენტი შვილიც, რომელიც როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, ოქროსმედალოსანია და სკოლაში „ძალიან კარგი ცოდნა“ აქვს მიღებული. მშობლის განმარტებით, მომზადება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მისაღებ გამოცდებზე არა მხოლოდ ზღვარის გადალახვა, არამედ მაღალი ქულების მიღება სურდათ:

„ზღვარს აუცილებლად გადალახავდა. ოქროსმედალოსანია და სკოლიდან ძალიან კარგი ცოდნა აქვს, თუმცა ასევე აქვს ამბიცია, რომ უნდა მაღალი ქულები. გარდა ამისა, უნდოდა, რომ მიეღო სახელმწიფო გრანტი და ძალიან დამწუხრდა, როცა გრანტები გაუქმდა. ამბობდა – გრანტისთვის რომ არ მდომებოდა, არც მოვემზადებოდი, თავისუფლად ჩავაბარებდიო… მე მაქვს ინფორმაცია სკოლებიდან, რომ ძალიან კარგ ცოდნას აძლევენ მასწავლებლები ბავშვებს, ენერგიას არ იშურებენ და ასწავლიან, თუკი ბავშვი ისწავლის“.

მშობლის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო რეპეტიტორთან მომზადება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბავშვებს კი მომზადება ძირითადად მაინც სჭირდებათ, რეპეტიტორიუმი ერთგვარი გამოსავალი იქნება:

„მივესალმები რეპეტიტორიუმს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ბავშვებს სჭირდებათ მომზადება მაინც და სამომავლოდ რა იქნება, ზუსტად არ ვიცი. ჩემს მესამე შვილს მოუწევს რეპეტიტორიუმში სწავლა და ამბობს, რომ არ მოემზადება კერძოდ, ფლობს ისეთ უნარებს და ისწავლის ისე, რომ მხოლოდ ზღვარი კი არ გადალახოს, არამედ უფრო მაღალი ქულებიც აიღოს. იმდენად დიდია კერძო რეპეტიტორთან თანხა გადასახდელი, რომ ბევრი ამას ვერ ახერხებს. და მე ამ მხრივ, მივესალმები რეპეტიტორიუმს, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება ფასიანი“.

ფინანსურად დატვირთული წელი ჰქონდა 45 წლის ნანა ჩიქოვანსაც, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. მას ერთი წლის განმავლობაში აბიტურიენტის 3 საგანში მომზადებისთვის 4 500 ლარი დასჭირდა, რასაც სკოლის ბოლო ზარისა და ბანკეტის შედარებით მოკრძალებული, მაგრამ მაინც, ხარჯებიც დაემატა:

„ბავშვის მომზადება მასწავლებლებთან 4 500 დაგვიჯდა, ბანკეტი ბოლო ზარის სუფრით კი, დაახლოებით, ათას ლარამდე. მე ვიყავი ორგანიზატორი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ შესაგროვებელი თანხა მინიმალური ყოფილიყო. 300-300 ლარი იყო დედა და ბავშვი ბანკეტზე, ბოლო ზარზე – 100 ლარი. მოკრძალებული სახლი ვიქირავეთ. იყო სხვა ხარჯებიც – ყვავილის, ფოტოგრაფის და ა.შ. ანუ ბანკეტი+რეპეტიტორი 5 500 ლარი დამიჯდა. ტანსაცმელიც ხომ ხარჯია, თუმცა ჩემს შვილს შარვალ-კოსტუმი ჩემმა დამ ემიგრაციიდან საჩუქრად გამოუგზავნა“.

ჩვენ მშობელს ვკითხეთ – იყო თუ არა შესაძლებელი, რომ აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან არ მოემზადებინა და მისაღებ გამოცდებზე სკოლის ცოდნით გასულიყო, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

„თუ რეპეტიტორთან არ მოვემზადებოდით, პერსპექტივა არ გვქონდა. ბავშვსაც ხომ გააჩნია. არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც არის აქტივობა თუ არ არის, სკოლას მაინც ფეხს უწყობენ. ჩემი შვილი ამ სტილის არ არის…

გეტყვით, რაზეც ვბრაზდები – მიმაჩნია, რომ სკოლის მასწავლებელს საკმაოდ კარგი, ღირსეული ხელფასი აქვს, სკოლის მასწავლებლები ექიმებზე კარგად არიან. რასაც ვშრომობ, ჩემს შემოსავალს, აბსოლუტურად ყველაფერს მასწავლებლებს ვურიცხავ. აბიტურიენტის გარდა, სხვა შვილიც მყავს, რომელსაც მათემატიკასა და ინგლისურში ვამზადებ. ვფიქრობ მე-9 კლასიდან ქართულშიც მოვამზადო, რადგან არანაირი ბაზა არ აქვს. ვერ იძლევა სკოლა – არ მიხარია ეს, არც ნიშნისმოგებით ვსაუბრობ. პირიქით, ეს არის პრობლემა. წელს, მაგალითად, ჩემი შვილის კლასიდან ყველა ემზადებოდა.

ყველაზე მეტად მამწარებს, რომ სპორტშიც ფულს ვიხდი. ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური განვითარებაც და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რომლებითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვი არ ისარგებლებს. მე შეიძლება, არ ვარ სოციალურ დაუცველი, მაგრამ ქვეყანაა, ზოგადად, სოციალურად დაუცველი“.

ნანა ჩიქოვანს კითხვები აქვს სკოლის დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორიუმის შემოღების იდეის ავტორებთანაც. მშობელს აინტერესებს – ვინ და როგორ გააკონტროლებს სწავლების ხარისხს და როგორ მოხდება მასწავლებლების შერჩევა:

„გამოდის, რომ ჩემს მეცხრეკლასელ შვილზე გამოცდიან ამას. მანდაც მომიწევს ტარება და მერე მშობელი გადაიზღვევს თავს და რეპეტიტორიუმში სწავლის პარალელურად, კერძო რეპეტიტორთანაც მოამზადებს. შვილს ისედაც სკოლის მასწავლებლებთან ვამზადებ. თუ ეს მასწავლებელი ზუსტად ისე დახვდება ბავშვს სკოლაში, როგორც კერძოდ მომზადების შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ხარისხიანი. მასწავლებელი სკოლაში ვეღარ იხარჯება, რადგან პასუხისმგებლობა მშობელთან უფრო აქვს [როდესაც ამხელა თანხას უხდი]. ამ ეტაპზე მშობლების გამოსავალი კერძო რეპეტიტორებია და თუ რამე უკეთესი და პერსპექტიული იქნება, რომ შეღავათი იყოს ჩვენთვის, მხოლოდ მოხარული ვიქნები“.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი 43 წლის ცირა თოდუაა. მისი აზრით, თუ მოსწავლე სკოლის ცოდნით მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს, ამაზე პასუხისმგებელი ზოგჯერ სკოლა, ზოგჯერ კი მოსწავლეა:

„სკოლებში არ არის ისეთი განვითარება, რომ ბავშვებმა ისწავლონ. ერთია, რომ ყველაფერს მასწავლებლებსაც ვერ დავაბრალებთ, ზოგ ბავშვს სულ არ აინტერესებს [სწავლა]. მეორეა ის, რომ მე-12 კლასში, როდესაც მოსწავლე უკვე აბიტურიენტია, არ ისწავლება ის, რაც მას სჭირდება. ბავშვები დადიან იმიტომ, რომ არები არ ჩაეწეროთ და ატესტატი აიღონ. თუ კერძო რეპეტიტორთან არ მოემზადა, ისე აბიტურიენტი მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებს. არ ვაკნინებ მასწავლებლებს, შრომობენ, ცდილობენ, რომ ასწავლონ ჩვენს შვილებს, თუმცა ეს მე-11 კლასამდე. მე-12 კლასში უნდა ისწავლებოდეს ის, ვისაც რა სჭირდება გამოცდებზე“.

ქალბატონი ცირა შვილს კერძო რეპეტიტორთან სამ საგანში ერთი წელი ამზადებდა. როგორც ის EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, მომზადებაში ფინანსების გადახდა, შესაძლოა, 100%-დან 20%-მა შეძლოს, მაგრამ „ზოგს საჭმლის ფული არ აქვს და ვერ იხდის“:

„კერძო რეპეტიტორს 2 000 ლარი სჭირდება. შეიძლება, ახლობლობით ნაკლები გადაგახდევინოს, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ეს ნაცნობობა… ზოგს ერთი კი არა, 5 შვილი ჰყავს, მან რა ქნას?! მე შარშანაც მყავდა აბიტურიენტი და წელსაც მყავს. ჩვენ ვცდილობთ, რაღაც გავაკეთოთ და ვშრომობთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვებს, თუმცა ვიღაცას რომ 6 და 7 შვილი ჰყავს – საჭმელი აჭამოს, ჩააცვას, ასწავლოს, მოამზადოს?! არ არის ამდენი საშუალება“.

შექმნილ ვითარებაში მშობელს რეპეტიტორიუმი გამოსავლად ესახება მათთვის, ვინც კერძოდ მომზადების ხარჯებს ვერ წვდება, მაგრამ სწავლა უნდა.

„[რეპეტიტორიუმი] ძალიან კარგი და მისაღები იქნება. ვფიქრობ, გაამართლებს – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სწავლა უნდა. რაც შეეხება კერძო რეპეტიტორიუმის ჩანაცვლებას – ისინიც მეცოდებიან, ვინც ამზადებს ბავშვებს. მათი ხელფასი და შემოსავალიც ეგ არის, მაგრამ მშობლებისთვის იქნება კარგი – ვისაც არ აქვს საშუალება, ის მოემზადება რეპეტიტორიუმში და ისწავლის. ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განათლებული ხალხი გვყავდეს“, – გვითხრა ცირა თოდუამ.

კერძო რეპეტიტორებთან მიღებული ცოდნის იმედად აბარებს წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 52 წლის თინა დავითულიანის შვილი, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთი წლის განმავლობაში, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში მე-5 კლასიდან ემზადებოდა:

„როგორც კი შევწყვიტე მომზადება, მასწავლებელმა მითხრა: „დამიბრუნე ბავშვი ისეთი, როგორიც იყო“. მასთან არ ვამზადებდი. სკოლიდან წამოღებულს სახლში ვეღარ ასრულებდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს ძალიან რთულია ფინანსურადაც და ისედაც – დროს ვკარგავთ, ფაქტობრივად, ორ სკოლას გადის ბავშვი. ერთი სახლში აქვს რეპეტიტორების სახით და მეორე – სკოლაში, რაც ძალიან დამღლელია. ჩვენს შემთხვევაში სკოლის ცოდნა ნაკლებადაა. მისაღებ გამოცდებზე, შესაძლოა, გადაელახა მინიმალური ზღვარი, მაგრამ სასურველ შედეგს, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა“.

ამის მიუხედავად, მშობელი მიიჩნევს, რომ აბიტურიენტს სკოლის ცოდნითაც შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, თუმცა საჭიროა, რომ ამისთვის მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთნაირად მობილიზებული იყვნენ:

„სკოლას ჰყავს ძალიან კარგი კადრები. პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბავშვიც, მშობელიც ამ ამბავს და მასწავლებელიც, რა თქმა უნდა, თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ გამჯდარი გვაქვს სისხლში და ხორცში რეპეტიტორული სისტემა, რომ გინდა თუ არა, უნდა მოამზადო. არიან ბავშვები, რომლებიც არ ემზადებიან, მაგრამ სწავლობენ და აბარებენ. ასეთებიც ხომ არიან?! ანუ შესაძლებელია, რომ ბავშვმა მომზადების გარეშე მიიღოს სრულფასოვანი განათლება, თუმცა სამივე მხრიდან [მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი] უნდა იყოს ამისი სურვილი“.

ქალბატონი თინა იმედის თვალით უყურებს რეპეტიტორიუმს და მიაჩნია, რომ ის კერძო რეპეტიტორთა რეალური ჩამნაცვლებელი იქნება, ეს კი თავის მხრივ, ოჯახებს ფინანსური ხარჯისგან გაათავისუფლებს.

„ჩემს მეორე შვილს მოუწევს რეპეტიტორიუმში სწავლა და ძალიან ვნერვიულობ, იმედია, რომ ყველაფერი ხარისხიანი და კარგი იქნება. წესით, რეალური ჩამნაცვლებელი უნდა იყოს კერძო რეპეტიტორების. ზოგი რას აბარებს და ზოგი – რას. ეს ბავშვები დაიქსაქსებიან და ჯგუფში აღარ იქნება 29 ბავშვი, იქნება უფრო ნაკლები. მე მგონია, რომ ეს ამბავი გამოვა. გავტყავდით მშობლები, ზოგი ოთხ საგანში ამზადებდა, ზოგი – ხუთში. არ ღირს იაფი და ვერც იქნება უფრო იაფი, რადგან ის მასწავლებელიც ძალიან ბევრს დებს ამ ყველაფერში. წესით და კანონით, რეპეტიტორიუმი გაამართლებს. ერთ წელიწადში თუ ვერ, ორ-სამ წელში შედეგს აუცილებლად დავდებთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თინა დავითულიანმა.

ასევე იხილეთ: 

„რთული წელი ფინანსურად“ – აბიტურიენტების მშობლები სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოწვევებზე ქუთაისიდან

„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური