GE

ყოფილი რექტორის განცხადება: აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ის კონსერვატორიაში ლექტორის პოზიციაზე რჩება და იმედი აქვს, პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

სახელოვნებო განათლების რეფორმის პაკეტი მთავრობას უნდა წარედგინოს, შემოდგომაზე კი სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტიტუციური რეფორმა დაიწყება

ნანა შარიქაძის განცხადებას EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის ერთადერთი კონსერვატორიის რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც უდიდესო ტრადიციები გააჩნია. 4 წლიანი პასუხისმგებლობა დასრულდა – პერიოდი სავსე გამოწვევებით, არაპროგნოზირებადი სირთულეებით (განსაკუთრებით პანდემიის ჟამს), მაგრამ ასევე წარმატებებით და, რაც მთვარია, სიახლეებით, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესს აჯანსაღებდა, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოდ გარდაქმნიდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან აახლოებდა.

ჩემს გუნდთან ერთად (გუნდი იყო ყველა ის ადამიანი კონსერვატორიის შიგნით და გარეთ, ვინც გაუმჯობესების გზაზე, მიზნების მიღწევაში ხელს გვიწყობდა) მარტო ბოლო 4 წელიწადში ბევრი უმნიშნელოვანესი საქმე გავაკეთეთ. განსაკუთრებით ვიამაყებ ევროპულ საგანამანთლებლო სივრცესთან დაახლოების მიზნით სასწავლო გეგმაში შეტანილი უმნიშნელოვანესი და ძირეული ცვლილებებით, საერთაშორისო აკრედიტაციისთვის სრული პაკეტის მომზადებით და მსოფლიო ბანკის გრანტით, საორკესტრო და კამერული მუსიკის სწავლების რეფორმით (ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება), ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯით, საბჭოთა სასწავლო გეგმიდან შემორჩენილი ნარჩენების უარყოფით, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ფანტასტიკური კავშირებით და უკლებლივ ყველა პროექტით;

განსაკუთრებით ვიამაყებ კომფორტის ზონის დარღვევით, რაც ძველსა და ახალს შორის ბრძოლაში განვითარებისკენ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდა, ვიამაყებ ახალგაზრდა კადრების უპრეცენდენტო შემოდინებით კონსერვატორიაში და მათი სასწავლო პროცესში ჩაბმით; ასევე ვიამაყებ ჩვენი სახელგანთქმული არტისტების სასწავლო პროცესში დატვირთვით; მეტიც, ხარისხის კულტურის დამკვიდრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმით და სხვა მრავალით…

განსაკუთრებით ვიამაყებ კონსერვატორიის როიალების პრობლემის წამოჭრით (მაშინ ჯერ კიდევ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ვიყავით), რომლის გადაჭრის იმედი არავის ჰქონდა ჩემ გარდა.

ასევე ვიამაყებ იმ 3 ახალი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამით (საკონცერტმაისტერო, სიმფონიური დირიჟორობა, ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობა), რომლებიც კულტურის სამინისტრომ და მის მიერ შემქნილმა ჯგუფმა დაბლოკეს.

ვთვლი, რომ სახელმწიფი, რომელიც განებივრებული არ არის ადამიანური რესურსით, ისეთ ადამიანებს, რომელთაც იდეა, საქმის ცოდნა და უანგარობა აქვთ, უნდა უფრთხილდებოდეს. რადგან ეს თვისებები კონვერტირდება სიყვარულში, იდეისადმი და საქმისადმი ერთგულებაში (არა პიროვნებისადმი მორჩილებაში) და კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნაში.

არ მახსენდება, ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი- ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან… და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ.

ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის.
რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ 4 წლის მანძლზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა მათ, ვინც ამ ომში არ მიმატოვა, ჩემს გვერდით იდგა და მამხნევებდა; ჩემს გუნდს (სახელებს არ ჩამოვწერ), იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამას ღიად არ/ვერ აკეთებდნენ (იმის შიშით რომ სამიზნე არ გამხდარიყვნენ), და მადლობა მათაც, ვინც ეს ომი საკუთარი ვიწრო ადამიანური სურვილების მიღწევის შესაძლებლობად აღიქვა…

ამ კრიზისმა გამოავლინა საუკეთესო ღირსეულებში და ფსკერი წახდენილებში.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ყველა თაობის სტუდენტს (ამჟამინდელს და ყოფილს) გულშემატკივრობისთვის, თბილი სიტყვებისთვის და ასეთი სიყვარულისთვის.

ვრჩები კონსერვატორიაში, როგორც ლექტორი და, იმედია, პროფესიულ საქმიანობას (მუსიკოლოგი ვარ, თუ ვინმემ არ იცის და იურისტი ვგონივარ) შეუფერხებლად გავაგრძელებ.
ნათქვამია – “თუ გინდა იარო ჩქარა, იარე მარტომ, მაგრამ თუ გინდა წახვიდე შორს, იარე სხვებთან ერთად”. ჰოდა 4 წელია ერთად სიარულით საკმაო მანძილი გავიარეთ. ახლა ჩქარა სიარულის დროა”, – ნათქვამია ნანა შარიქაძის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური