GE

„ყველა მიმართულებით ხდება ბიუჯეტის ზრდა, აშენდება სტუდენტური საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსი“ – აჭარის განათლების მინისტრი

„2023 წლისთვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა მიმართულებით ხდება ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა. უპირველეს ყოვლისა ეს მოხმარდება უფრო მეტი ახალგაზრდის დაფინანსებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, მათი ახალი ინიციატივების მხარდაჭერას“, – ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრმა დღეს, 24 ოქტომბერს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგინეს და ის ნახევარ მილიარდით არის განსაზღვრული.

მაია ხაჯიშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მხარადაჭერას.

მისივე თქმით, სტუდენტთა გაძლიერების მიმართულებით იგეგმება ახალი სასწავლო კორპუსისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

„ეს იქნება დიდი შეღავათი ჩვენი რეგიონის და არამარტო ჩვენი რეგიონის სტუდენტებისთვის, რომ ხელმისაწვდომ ფასად იყოს მათთვის შეთავაზებული საცხოვრებელი სივრცე“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა.

სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემაც და განმარტა, რომ რადგან საცხოვრებელი ფართები გაძვირებულია, უნივერსიტეტთან ერთად შეთანხმდნენ, რომ აშენდეს 400 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი.

მაია ხაჯიშვილის განცხადებით, გაგრძელდება სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაც. მისივე თქმით, ბიუჯეტი გაიზრდება კულტურის მიმართულებითაც.

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი იზრდება 7 მილიონი ლარით და 25 მილიონი ლარით განისაზღვრება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური