ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ და „ვეფხისტყაოსანი“ – მეორე დღის პირველი სესიის საკითხები ქართულში
ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის აბიტურიებნტებს წერით დავალებაში ზაირა არსენიშვლის “ვა, სოფელო” და შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” შეხვდათ.
39-ე სკოლიდან გამოსული აბიტურიენტები მესამე ვარიანტის ტესტს მარტივად და კარგად დასაწერად აფასებენ.
“მე პროგრამული ნაწარმოები დავწერე – “ვეფხისტყაოსანი”. თემა იყო შემდეგი: “კრიტიკულ სიტუაციაში, გონიერმა ადამიანმა მუდმივად უნდა ეძებოს გამოსავალი”. მონაკვეთი იყო როსტევანზე, რომელიც დამწუხრებული ბრუნდება, მას შემდეგ, რაც ტარიელს ნახავს. პარალელებს რაც შეეხება, ძირითადად, რაც თავში პირველი მომივიდა ამ თემის ირგვლივ, ეს იყო ციტატები და გამონათქვამები. მაგალითად, ილიას ციტატა: “მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა…”, მეორე, უძრაობის შემთხვევაში რა ხდება, ამას მივუსადაგე ჯემალ ქარჩხაძის “ანტონიო და დავითი”. არ მომეწონა ტექსტის გააზრება, რადგან ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვდა. რაც შეეხება რედაქტირებას, ძირითადად პუნქტუაციური შეცდომები იყო”, – ამბობს ანა არაბული.
ნიკოლოზ ხოზროშვილი, 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ვეფხისტყაოსანი მოვიდა და ეგრევე გადავწყვიტე მაგის დაწერა, მეორე არც წამიკითხავს. ის ნაწილი იყო, სადაც მეფე პირველად ნახავს უცხო მოყმეს და გაბრაზებულია. თეზისი – “ადამიანი კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავალს უნდა ეძებდეს”. გრამატიკა საკმაოდ ადვილი იყო, ყველაზე მეტად პუნქტუაციური და სინტაქსური ნაწილი იყო გასასწორებელი”.
გოგიძე ირაკლი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არაპროგრამულიდან იყო ზაირა არსენიშვილის რომანი “ვა, სოფელო”. მე პროგრამულიდან შევარჩიე. “ვეფხისტყაოსნიდან” შემოვიდა უცხო მოყმესთან შეხვედრის ეპიზოდი. არგუმენტები მქონდა საკუთარი პირადი გამოცდილებიდან. თეზა კი ასეთი გვქონდა: “როგორ გამოდის ადამიანი კრიტიკული სიტუაციიდან”. საშუალო სირთულის ტესტი იყო”, – აბიტურიენტი, გოგიძე ირაკლი.
აბიტურიენტები რედაქტირების თემასაც იხსენებენ და მასში არსებულ შეცდომებზე საუბრობენ:
“რედაქტირებაში ერთ სიტყვაში “თ”-ს ნაცვლად “დ” უნდა დეგვეწერა. იყო ბევრი სტილისტური შეცდომა. რედაქტირების ტექსტი ელენე ახვლედიანზე იყო. ასევე, მახსოვს, რომ რედაქტირებაში სიტყვა მხოლობითი ფორმით ეწერა და მრავლობითით უნდა შეგვეცვალა. პროგრამული თემა შევარჩიე “ვეფხისტყაოსნიდან”, სადაც თეზა იყო თუ როგორ გამოდის ადამიანი კრიტიკული სიტუაციიდან და რა გამოსავალს ეძებს აქედან. რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. არ იყო მარტივი ტესტი “, – ამბობს მარიამ მაჭავარიანი.
ალექსანდრე ლაბაძე იხსენებს, რომ რედაქტირებაში 14 შეცდომა იპოვა: “მძიმეები “რომ” კავშირის წინ იყო გამოტოვებული. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, “ვეფხისტყაოსნიდან” მახსოვს კონკრეტული კითხვაც: “რის გამო იყო მეფე დადარდიანებული?”. ასევე, კითხვა იყო ჰიპერბოლაზეც. არაპროგრამული ტექსტი მგონი არავინ აირჩია. რთული იყო გასაანალიზებლად”.
ალექსანდრე ცდება, რადგან ზაირა არსენიშვილი ბევრს უყვარს. ავტორის რომანიდან მოცემული წერითი დავალება არაერთმა ჩვენმა რესპონდენტმა აირჩია.
რომანიდან “ვა, სოფელო” მოცემული დავალების თეზისი გაიხსენა გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა:
“ვეფხისტყაოსანის” დავალების თეზისი იყო ,,გონიერ ადამიანებს დაფიქრება სჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღებამდე”. მეორე თემა იყო ზაირა არსენიშვილის “ვა, სოფელო”. თეზა იყო “უსამართლო გარემოებებში ადამიანებს რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ”. მაგალითად სხვადასხვა ნაწარმოები მოვიყვანე. მათ შორის, “ნატვრის ხე” – მარიტას რომ უსამართლოდ მოექცნენ, ეგ ეპიზოდი. რედაქტირებაში მოვიდა ტექსტი ელენე ახვლედიანზე, სადაც, ძირითადად, სასვენი ნიშნების გასწორება იყო საჭირო”.
არაპროგრამული დავალება აირჩია ანა ცომაიამაც, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არაპროგრულიდან ზაირა არსენიშვილის რომანი “ვა, სოფელო” შემოვიდა და მეც ეს ვწერე. თეზა ეხებოდა სამართლიანობასა და უსამართლობის განცდას, კონკრეტულად, უსამართლო სიტუაციაში როგორი არჩევანი უნდა გააკეთო. იყო საკმაოდ რთული არგუმენტები და პირადი გამოცდილებიდან მოვიყვანე. ამ დავალებაში ძირითადად მხატვრულ ანალიზს ითხოვდნენ და ამიტომ უმრავლესობამ აირჩია “ვეფხისტყაოსანი”. რაც შეეხება რედაქტირებას, 15 შეცდომა ვიპოვე, მართლწერის საკითხები იყო უფრო მეტი. “თითოეული” და “ერთ-ერთი”, ეს სიტყვები იყო გასასწორებელი”.
191 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ამირან მინდიაშვილისგან EDU.ARIS.GE-მ შეფასებებიც მოისმინა, როგორც მისი არჩევანის, ასევე, საგამოცდო პროცესის თაობაზე:
“ვეფხისტყაოსანი დავწერე, რადგან ჩემთვის მარტივია. პოემაა, ისედაც დაღეჭილი უნდა გქონდეს. მე პირადად, დიდი ხანია, “ვეფხისტყაოსანს” ვუზივარ და ვსწავლობ. ძალიან მინდოდა შემხვედროდა. ზაირა არსენიშვილის “ვა,სოფელოც” წაკითხული მქონდა, მაგრამ, რომ გადავხედე, “ვეფხისტყაოსანი” ბევრად მერჩივნა.
არგუმენტრებული ესე ასეთ თემაზე დავწერე: “არსებობს მოსაზრება, რომ უსამართლო გარემო ადამიანს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას დავეთანხმე, რადგან ბევრი მაგალითი არსებობს დამადასტურებელი, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუნდაც ნაწარმოებებში. არგუმენტად “დათა თუთაშხია” მოვიყვანე, ასევე, ჩვენს გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ბანკებში შევარდნები, ძარცვები, მოპარვები და ა.შ.
რედაქტირება ძალიან მარტივი იყო. იმდენად, რომ შეცდომები ჩანდა. ჩემთვის, შეცდომები ყვიროდა. გასასწორებელი იყო სასვენი ნიშნები, მთელი წინადადებაც, ელემენტარული პრობლემები იყო – ასოები აკლდა, ზოგი შესაკვეცი იყო და ა.შ. მოკლედ, დიდი პრობლემა, როგორც ასეთი, არაფერია. მით უმეტეს, აბიტურიენტები ორი წელი ამ გამოცდისთვის ემზადებიან.
შიგნით იდეალური გარემო დაგვხვდა, პრობლემა არაფერზე შეგვქმნია – სიწყნარეა, სიმშვიდეა, სიგრილეა. მე რაც შემეხება, აგრარულ უნივერსიტეტში ვაბარებ, მევენახეობა-მეღვინეობის განხრით. რამდენიმე წელიწადში, ჩემს ჩამოსხმულ ციცქა-ცოლიკაურს მიირთმევთ”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდა ისევ ორ სესიად ტარდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე გამოსაცდელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით გამოცდაზე არავის დაუგვიანია. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024