„ზოგადად, წელს მაინც დაძაბული გარემო და რისკები იყო“ – ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ერთიან ეროვნულ გამოცდებს აანალიზებენ
გამოცდები 2020 დასრულდა. საგამოცდო პროცესი 6 ივლისს დაიწყო და თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი გამოცდები, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული. იყო გაურკვევლობა და კითხვები იმასთან დაკავშირებით, მოხერხდებოდა თუ არა საერთოდ მისი ჩატარება, შეიცვლებოდა თუ არა რაიმე ფორმატში და რა შეიცვლებოდა, რასთან შეგუება მოუწევდათ აბიტურიენებს და როგორი იქნებოდა პანდემის პირობებში შედგენილი ტესტები.
საბოლოოდ, გამოცდები, ფაქტობრივად, სახეშეუცვლელი ფორმით ჩატარდა – იგივე დროს, იგივე წესით, იგივე ხანგრძლივობით. ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში განსხვავებულად აფასებენ – ის, რითაც უმრავლსეობაში ამაყობენ, ოპოზიციისათვის უპასუხისმგებლობა და მოსახლეობის რისკის ქვეშ დაყენებაა.
EDU.ARIS.GE-მ გამოცდები 2020-ის შეფასება პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს სთხოვა – როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი პირველი რესპონდენტის, სერგო რატიანის აზრით, ხელისუფლებამ უარი თქვა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში განსხვავებული გამოსავლის მოძიებაზე, რაც, ამავდროულად, პროგრესულიც იქნებოდა და ისევ ძველ, სარისკო გზას დაადგა.
სერგო რატიანი: ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და ვფიქრობ, ეს იმას ნიშავს, რომ გარკვეული გამოწვევებს წინაშე ხელისუფლება არ ცვლის თავის სტრატეგიებს.
-მკითხველს რომ განვუმარტოთ, რას გულისხმობდა თქვენი რეკომენდაცია?
-ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აუცილებელი იყო მაგდენი გამოცდის მაგივრად ერთი, კომბინირებული გამოცდა ყოფილიყო. ეს, ამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, აბტურიენტებს სამჯერ, ან ოთხჯერ საგამოცდო ცენტრში მისვლას აარიდებდა. თან წინ გადადგმული ნაბიჯიც იქნებოდა და უნდა ითქვას, რომ კომბინირებული ტესტები უცხო არაა. შესაძლებელი იყო ამ შემთხვევაშიც გამოეყენებინათ და თან წინ გადადგმული ნაბიჯიც გამოსულიყო. კომბინირებული ტესტის მაგალითად უნარების ტესტი, ორი რაღაცის კომბინაცია – მათემატიკური უნარებისა და ვერბალური უნარების. ასევე შეიძლებოდა, დავუშვათ, მათემატიკისა და ქართულის კომბინაცია, ან ისტორიისა და ქართულის და ა.შ.
-თქვენი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა და გამოცდებიც, მცირედ ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით, იგივე დროსა და იგივე ფორმატით ჩატარდა, როგორც წინა წლებში. რამდენად გამართული იყო პროცესი, რამდენად თანაბარ, მშვიდ და სამართლიან გარემოში მოუწიათ, თქვენი აზრით, აბიტურიენტებს თავიანთი ცოდნის გამოვლენა?
-ზოგადად, წელს მაინც დაძაბული გარემო და რისკები იყო. ჩვენ ისეთ რეჟიმში ვართ, რომ ყოველ წუთს შესაძლოა (ეპიდემიის) აფეთქება იყოს. ამ რისკების შემცირება და დაძაბულობის მომენტის მოხსნა არ მოხდა. მარტის შემდეგ სამინისტრომ იცოდა, რომ პანდემია არსებობს. გაგვიმართლა და კარგია, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ სახელმწიფო გამართლებაზე, ან არგამართლებაზე არ უნდა იყოს.
-კომბინირებული ტესტი აბიტურიენტებში დაბნეულობას არ შეიტანდა? მაინც სიახლე იქნებოდა მათთვის…
-არანაირი სიახლე არ არის. თუკი აბარებ ცალკე მათემატიკას და ცალკე ქართულს, ტესტში საკითხების რაოდენობა მცირდება და ერთხელ აბარებ. განსაკუთრებული დისკომფორტი არ უნდა ყოფილიყო. ამ პირობებში ოთხჯერ მისვლა გაცილებით დიდი დისკომფორტია.
-აბიტურიენტები პირად საუბრებშიც და სოციალურ ქსელებშიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ წლევანდელი ტესტები უფრო ადვილი იყო, ვიდრე გასული წლების, რომელთაც მეცადინეობის დროს აკეთებდნენ. ფიქრობთ, რომ ტესტების შემდგენლებმა გარკვეული „ბონუსი“ გაუკეთეს წლევანდელ აბიტურიენტებს?
-ეს ბონუსი დაკავშირებული იყო არა მხოლოდ პანდემიასთან, არამედ, ალბათ, იმასთანაც, რომ წელს უნარების ტესტი მოიხსნა და ფაქტობრივად, მათემატიკით ჩანაცვლდა. აქ პრობლემა იმაში მგომარეობდა, რომ საშუალო ჩაჭრა მათემატიკაში 39% იყო, მაშინ როცა უნარებში 10%-მდე გვქონდა. უნარებში კი მეშვიდე კლასის მათემატიკა შედის. ანუ, მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა გაიზრდებოდა. შესაძლოა, პანდემიის მომენტიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, აქედანაც იყო განპირობებული ის, რომ ტესტების გააიოლეს.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, სწორედ დღეს გქვონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების წესი ხელისუფლებამ იგივე დატოვა. რაც იმას გულისხმობს, რომ კვლავ უსამართლო და არარაციონალური განაწილება გვაქვს – პრიორიტეტული საგნები და პროფესიები არსებობს და ისინი სრულად ფინანსდება. ანუ, ფული სტუდენტების შედეგების მიხედვით კი არ ნაწილდება, არამედ რაღაც გაუგებარი პრიორიტეტებისა და კვოტების მიხედვით.
თუ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით მათემატიკა და აბარებთ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ჩემზე უკეთესი ქულები მიიღეთ, მაგრამ მე ვაბარებ ფიზიკაზე, დამაფინანსებენ მე და არა თქვენ. ეს უსამართლობაა. ასევე, კვოტების განაწილება აბსოლუტურად სუბიექტურია და არანაირი ობიექტურობა არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხელისუფლებას დიდი ხანია ვაკრიტიკებთ, მას მერე, რაც დაფინანსების აღნიშნული წესი შემოიღეს, 2013 წლიდან. ზუსტად ორი წლის წინ კი დაიდო აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ფაქტობრივად 40 მილიონი არამიზნობრივადაა გაფლანგული. მითუმეტეს, საუბარი იყო იმაზე, რომ რომ ამ პრიორიტეტულ ფაკულტეტებზე შესულ სუტდენტთა 50 %, ანუ ნახევარი ერთი, ან ორი წლის მერე ფაკულტეტს ტოვებს.
შესაბამისად, მითუმეტეს ამ პანდემიის პირობებში, როცა ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული ეკონომიკური ვარდნაა, ასეთი უყაირათო ხარჯვა ძალიან შემაშფოთებელია. კრიზისი და პრობლემები იზრდება, ხელისუფლება კი თავის წესს არ ცვლის.
-თქვენი კოლეგებისგან რა არგუმენტი გაქვთ მოსმენილი ამ საკითხზე? რატომ არ მიიჩნევენ საჭიროდ დაფინანსების წესის შეცვლას?
-2017 წლიდან ჩვენ ამის შესახებ არამარტო არგუმენტი არ მოგვისმენია, არამედ სამივე მინისტრი ადასტურებდა, რომ ეს მავნებლობა და არასწორად დახარჯული თანხაა. ეს მინისტრი უკვე მეორედ შემობრუნდა და ახლა აღარ შევხვედრივარ, მაგრამ პირველად რომ იყო მინისტრი, კომიტეტის სხდომაზე მას დაუფუქსირებია, რომ ეს წესი შესაცვლელია. მეტიც, ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, აუდიტის დასკვნა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრებიც კი ამბობენ უკვე, რომ ეს არასწორი და შესაცვლელიაო, მაინც ამას აგრძელებენ. ეს უბრალოდ უყაირათობა და პროტექციონიზმია. მე ვფიქრბ, ეს ჩვეულებრივი, გარკვეული უნივერსიტეტების პროტექციონიზმია და მეტი არაფერი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარებას განსხვავებულად უყურებენ უმრავლესობაში. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაერთვა და ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ამას ელოდნენ. შედეგად, ჩვენი რესპონდენტის თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით უმნიშვნელო პროტენზიაც კი არ გამოთქმულა.
გუგული მაღრაძე: მოგეხსენებათ, წელს, კოვიდ-19-თან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაცია იყო. იყო გარკვეული შიშები – მოხერხდებოდა თუ არა საერთოდ ეროვნული გამოცდების ჩატარება, სადაც ერთ სივრცეში უამრავი ადამიანი იყრის თავს. უნდა ვთქვა, რომ მთავრობამ, განათლების სამინისტრომ, ყველა შესაბამისმა ორგანომ კარგად იმუშავა და ფაქტობრივად, არანაირი შეფერხება არ გვქონია. გათვალისწინებული იყო ისიც კი, რასაც წინა წლებში ვერ უწევდნენ ანგარიშს – თუ ბავშვი ავად იყო და ცუდად გახდა, ესეც კი იყო გათვალისწინებული და ვისაც რამე პრობლემა ჰქონდა, მათთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, დაცული იყო დისტანცია. კარგი იყო ისიც, რომ ბავშვებს შეეძლოთ მუშაობისას პირბადე მოეხსნათ. 3-4 საათი, რომელიმე ბავშვისთვის, შეიძლება ეს რთული და ხელისშემშლელი ყოფილიყო.
ასე რომ, მიმაჩნია ძალიან კარგად იმუშავეს და ფაქტობრივად, შედეგებიც კარგი გვაქვს, რადგან ამ ეროვნული გამოცდებს არანაირი ექსცესი არ მოჰყოლია. მოგეხსენებათ, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ აბიტურიენტს კოვიდი აღმოაჩნდა და იმასაც ხელი შეუწყვეს, რომ დანარჩენი გამოცდები ჩაებარებინა. ასე რომ, ვფიქრობ, მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩატარებაში იყო ჩართული.
-მოგეხსენებათ, ოპოზიციას ჰქონდა ინიციატივა გამოცდების განსხვავებული წესით ჩატარების თაობაზე. ისინი გაზაფხულზევე ამბობდნენ, რომ უკეთესი იყო ერთი, კომბინირებული ტესტით ჩატარება, რათა საგამოცდო ცენტრებში 3-4-ჯერ მისვლა არ ყოფილიყო საჭირო. მსგავსი ინიციატივები რატომ არ იქნა გათვალისწინებული?
-საქმე იმაშია, რომ მაშინ სისტემა უნდა შეცვლილიყო და ამას დრო უნდოდა. ტესტირების ეს სისტემა კი საერთაშორისო ექსპერტების მიერ ძალიან კარგადაა გათვლილი, შემოწმებული, გამორიცხულია შეცდომები. ამის გაკეთებას თვეები და წლები დასჭირდა. კომბინირებული ტესტის გაკეთებას, რომელიც ყველა იმ მოთხოვნასა და კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა, რომლებიც აუცილებელია, რათა გამოცდა ყველასთვის თანაბარი იყოს, არ იყოს ცდომილებები, არ იწვევდეს უთანაბრობას, ანუ დაცულ იქნას ყველაფერი, რათა გამოცდაზე მიღებული შედეგები სანდო იყოს, დრო უნდოდა. თანაც ამის გაკეთება მხოლოდ ერთი წლისთვის. მადლობა ღმერთს, გაისად აღარ გვექნება ეს სიტუაცია -წამალი, ვაქცინა იქნება და პანდემია აღარ გვექნება. ასე რომ, ახლა შეგვეცვალა გამოცდა და გაისად ისევ იგივე დაგვებრუნებინა? ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამოცდა ჩატარდა, ამდენი ხალხი იყო შეკრებილი, მოხერხდა და ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ამას არანაირი ექსცესი არ მოჰყოლია.
-ფიქრობთ, რომ კომბინირებული ტესტის, ან სხვა რაიმე სიახლის შემოტანა აბიტურიენტებს დააბნევდა, რადგან ამ ისედაც რთულ სიტუაციაში მათ სიახლესთან მოუწევდათ შეგუება?
-ცხადია. ისინი ამ ტიპის გამოცდისთვის ემზადებოდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს და აბიტურიენტებიცა და მასწავლებლებიც მიჩვეულები არიან. იციან რა როგორ არის. ახლა ხელახლა გადასტრუქტურება, ორი თვით ადრე ისეთი სიახლის შეტანა, რომელმაც ადამიანის მომავალი ბედი უნდა განსაზღვროს, მიმაჩნია, რომ არ იყო მართებული. ნუ, ოპოზიცია იმისთვისაა ოპოზიცია, რომ რაღაც თქვას და რაღაც დაიწუნოს. ფაქტია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ამას თავი ძალიან კარგად გაართვა.
-და ყველა აბიტურიენტს მიეცა თავისი ცოდნის თანაბარ გარემოში გამოვლენის საშუალება?
-აბსოლუტურად. ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ყველას მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნო თავი და თავისი ცოდნა გამოევლინა. მე არ ვიცი, რომ რაიმე საპროტესტო ყოფილიყო ამ გამოცდებთან დაკავშირებით. არც პირობების, არც რაიმე სხვა ვითარების მიმართ პროტესტი არ ყოფილა.
-აბიტურიენტები აღნიშნავდნენ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილ პერსონალსა და ასევე საუბრობდნენ ტესტებზე, რომლებიც მათ უფრო მარტივი მოეჩვენათ, ვიდრე წინა წლების. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი კომპონენტით ნაეკი ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი აბიტურიენტებისათვის, ერთგვარად, საქმის გამარტივებას შეეცადა? პანდემიის ფონზე ასეთი ბონუსი რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ?
-მე არ ვიცი როგორი იყო ტესტები შარშან, ან წელს, ასე ჩართული არ ვარ, მაგრამ ცხადია, როცა სპეციფიკური პირობებია, მეტია მზაობა, კონტროლი საკუთარ ქცევებზე და მეტია პასუხისმგებლობა. სტრესული და მშვიდი სიტუაცია, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდება. პრინციპში, ეროვნულ გამოცდებში ჩართული ადამიანები კარგად გადამზადებულნი არიან, მათ ყოველწლიურად ინტენსიური ტრენინგები აქვთ. ესაა წლების განმავლობაში გამოცდილი პერსონალი, რომელმაც იცის რა როგორ გააკეთოს. პლიუს,მათი დამოკიდებულება კიდევ უფრო ფაქიზი იქნებოდა, რადგან სტრესული სიტუაციაა. ფიქრობ, ამ ყველაფერმა გამოცდებზე კარგი ატმოსფერო შექმნა. ყველა გამოცდის დროს არის ხოლმე საჩივრები და ამ გამოცდის დროს რაიმე უკმაყოფილება არ ყოფილა არც აბიტურიენტებისა და არც მათი მშობლების მხრიდან.
-ანუ, რომც ყოფილიყო ტესტების მცირედი გამარტივება, ეს ამ სიტუაციაში დასაშვები იქნებოდა?
-არ ვიცი, ეს უკვე შიდა სამზარეულოა და ამის შესახებ კომიტეტს რაიმე ინფორმაცია არ აქვს. აქ სპეციალისტების ძალიან გამოცდილი ჯგუფი მუშაობს და მათი საქმეა.
-ხომ არ არის საუბარი მომდევნო წლებში ეროვნული გამოცდების სტრუქტურის, ან ჩატარების წესის მნიშვნელოვან ცვლილებაზე?
-ეროვნული გამოცდები, ჯერ-ჯერობით, თავის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ, თანდათანობით, როდესაც უნივერსიტეტები ნამდვილ საერთაშორისო აკრედიტაციას გაივლიან და უფრო მაღალ დონეზე იქნებიან, შეიძლება მეტი ტვირთი გადავიდეს უმაღლეს სასწავლებლებზე, რომელთაც აბიტურიენტები უნდა მიიღონ. თუმცა, ეს სამომავლო ამბავია და დამოკიდებულია იმაზე, თავად უმაღლესები რამდენად სანდო, კომპეტენტურნი და მომზადებულნი იქნებიან იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ჯერ-ჯერობით, ვფიქრობ, რომ ეროვნული გამოცდები თავის ფუნქციას კარგად ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თემაზე ინტერვიუსთვის ჩვენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილსაც მივმართეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ ჩვენზე განაწყენებულია და შემოგვთავაზა გაგვეგრძელებინა მასთან რეკვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდებოდა. EDU.ARIS.GE-ს რედაქცია ისურვებდა, რომ ნებისმიერი მხარის წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდონ ჟურნალისტების სამუშაოსა და დროს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება