GE

„ადმინისტრაცია, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არის აბსოლუტურად კანონიერი“

განათლების მინისტრი, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მხარეებს მოუწოდებს, სამართლებრივი პროცედურების შედეგებს დაელოდონ და ამ თემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განაცხადებას ეხმიანება. მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას  მიაჩნია, რომ სტუ-ში კანონი არ დარღვეულა.

„ჩემს მოვალეობაში სახალხო დამცველის შეფასება ნამდვილად არ შედის. რაც შეეხება კანონდარღვევას, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, სასამართლო ადგენს ჩვენს ქვეყანაში კანონის დარღვევის ან დაცვის ფაქტს. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ პროტესტისა და რადიკალური ფორმების ნაცვლად, რაც ხელს შეუშლის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს უნივერსიტეტს, პროფესორებსა და სტუდენტებს, გამოიყენონ სამართლებრივი გზები.

ძალიან ვწუხვარ, რომ კონკრეტული ადამიანები თავის პირად ინტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ამას არაფერი საერთო, განსხვავებით აუდიტორიის შემთხვევისგან, უნივერსიტეტის კეთილდღეობასთან არ აქვს.

ჩემი მოსაზრება არის, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ჩემი მოსაზრება არის, რომ ადმინისტრაცია, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არის აბსოლუტურად კანონიერი“, – განაცხადა მინისტრმა.

სახალხო დამცველის განცხადებას თავად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილიც გამოეხმაურა. იგი ომბუდსმენის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის  თანახმადაც, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რექტორის არჩევის წესი დაარღვია.

„ჯობია, სახალხო დამცველმა წაიკითხოს კარგად, რა წერია კანონში, მერე, შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღოს უნივერსიტეტიდან, რომელიც არ მიუღია. სახალხო დამცველი სცდება თავისი კომპეტენციის ფარგლებს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მას უნდა, ჩაანაცვლოს სასამართლო. აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის უმაღლესმა ორგანომ, სამი თვის წინ მიმართა პროკურატურას თხოვნით, რომ შეესწავლა, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა ხდება, რამდენად სწორია ის, რაც აქამდე ხდებოდა. პროკურატურა აქტიურადაა ჩართული. ზუსტად ახლა, როდესაც მიმდინარეობს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მათ მოინდომეს თავიდან აქციების მოწყობა“, – განაცხადა ფრანგიშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები უკვე მესამე დღეა რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ. როგორც პროფესორი ზაალ მიქაძე აცხადებს, დღეს არჩილ ფრანგიშვილისთვის მიცემული ვადა იწურება და თუ რექტორი დღის ბოლომდე თანამდებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები მიტინგის გამართვასა და უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

სტუ-ს პროფესორები უვადო შიმშილობით იმუქრებიან

დეპუტატის ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობაზე დარჩენას მესამე ვადით აპირებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური