GE

გორის საგანმანათლებლო ცხოვრებას ახალი ბიბლიოთეკა შეემატება

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 50 ბიბლიოთეკა დაიხურა. გორში მდებარე  ექვსი ასეთი დაწესებულებიდან მხოლოდ ხუთი დარჩა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,  ვერხვების დასახლებაში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ახლო მომავალში, კომბინატის დასახლებაში კიდევ ერთი სამკითხველო დაწესებულების გახსნა  იგეგმება – ეს გადაწყვეტილება ქალაქ გორის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

გორის ცენტრში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკაში  ფართის სიმცირეს უჩივიან. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ყოველწლიურად წიგნების შესაძენად გამოყოფილი თანხა 1300 ლარს შეადგენს და ეს საკმარისი არ არის.

,,მომხმარებლები ძირითადად ახალ ლიტერატურას მოითხოვენ. ჩვენ ვცდილობთ მათი ინტერესები გავითვალისწინოთ, მაგრამ მაინც არ გვყოფნის ეს თანხა,“ – აღნიშნავს ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო აბრამიძე.

დაწესებულებას ყოველდღიურად 20-დან 30-მდე პირი აკითხავს.  ბავშვთა ბიბლიოთეკას კი  ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. წიგნების ფონდში 64 000 წიგნია, მათგან 37 ათასი უნივერსიტეტის საცავში ინახება – სწორედ ამ რესურსით გეგმავს

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი ახალი ბიბლიოთეკის გახსნას კომბინატის დასახლებაში.

,,ძალიან კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტ დასახლებაში გვქონდეს ბიბლიოთეკა, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ ერთი დაწესებულების დამატება შეგვიძლია,“ – აცხადებს გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი.

გორში არსებული ორივე ბიბლიოთეკა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლიურად 120 ათასი ლარით ფინანსდება.

ნინო ბოლაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური