GE

ჟან პიაჟეს რჩევები მასწავლებლებს

შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, რომლის კვლევის ძირითადი სფერო ბავშვის გენეტიკური ფსიქოლოგიაა, ამტკიცებს, რომ ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს გავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მასთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით კი არ ვითარდება, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც.

ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმულისგან. პიაჟეს მიხედვით, თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), ის ამ ინფორმაციას იგებს, ანუ ახდენს მის ასიმილაციას; თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით და არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით.
ასიმილაციისა და აკომოდაციის ურთიერთქმედება კი თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის მართებულობას. კერძოდ, ერთსა და იმავე ინფორმაციაზე ყოველი ბავშვი სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან ინფორმაციას სხვადასხვანაირ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას – კონსტრუქციას.

პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპები ასეთია:
. შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები; შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვს ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია); სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდეს მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

პიაჟეს მიხედვით, გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს ყველა ბავშვი მსგავსი თანამიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება. არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ეტაპი ანუ საფეხური:
. სენსომოტორული, რომელიც მოიცავს ცხოვრების პირველ ორ წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებსა და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს მარტივი მოქმედებების საშუალებით შეიმეცნებს. ასეთი მარტივი მოქმედებებია წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა.

. პრეოპერაციული. იგი მოიცავს 2-დან 6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით.

. კონკრეტული ოპერაციები. ეს 6-დან 11 წლამდე პერიოდია. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების უმეტესობა ქრება. ამ ასაკის ბავშვს უკვე შესწევს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატება, გამოკლება, დალაგება და ა. შ. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ სიტუაციების წარმოდგენას – რა მოხდებოდა, რომ… ამავე პერიოდში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა. ამ ასაკში მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ოცნება, განზოგადება, სინთეზი. რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიკაციებს და რიგის მიხედვით დალაგებას.

. ფორმალური ოპერაციების ეტაპი. იგი იწყება 11 წლიდან და ზრდასრულ ასაკამდე გრძელდება. მას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი პირდაპირ რეალობიდან არ იყოს აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.

ჟან პიაჟე მასწავლებლებს ურჩევს:

ყურადღება გაამახვილონ მოსწავლეთა აზროვნების პროცესზე და არა მხოლოდ მის შედეგზე. მასწავლებელმა მოსწავლეს მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეუმოწმოს, არამედ დაადგინოს, რა გონებრივი პროცესები გამოიყენა მან ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.

მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, განვითარების სტადიებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანამიმდევრობით, მაგრამ სხვადასხვა ტემპით გადის, ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის. შეფასებაც თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

საიტისათვის: www.mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური