GE

კატასტროფების რისკის შემცირებისადმი მიძღვნილი გაფართოებული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მხარდაჭერით გაიმართა კატასტროფების რისკის შემცირებისადმი მიძღვნილი გაფართოებული საკოორდინაციო შეხვედრა.

სამინისტროს ოფიციალური გვერდის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა პროექტის მთავარი დონორი ორგანიზაცია – ევროკომისია და კატასტროფის რისკის შემცირების პროექტში ჩართული საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო; საერთაშორისო ორგანიზაციები: გადავარჩინოთ ბავშვები (Save The Children); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR CENTER); არბაიტელ სამარიტელთა კავშირი (ASB); საქართველოს წითელი ჯვარი; OXFAM.

საკოორდინაციო შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო სივრცეში კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა.

როგორც სამინისტროს ოფიციალულრ გვერდზეა აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონაწილეობდა 2015 წლის მარტში იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ კატასტროფების რისკის შემცირებისადმი მიძღვნილ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც მიღებულ იქნა 2015-2030 სამოქმედო ჩარჩო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა პირდაპირ ითვალისწინებს განათლების კომპონენტის გაძლიერებას როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე.

2015 წლის მაისში ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ბრიუსელის სამოქალაქო უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, სადაც საქართველო, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა. კონფერენციის უმთავრეს მესიჯს უსაფრთხო სკოლის ფორმატში კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის მეტად გაძლიერება წარმოადგენდა; ასევე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება კერძო ბიზნეს-სექტორის ჩართვის თაობაზე კატასტროფების რისკის შემცირების და პრევენციის საქმეში.

საკოორდინაციო შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი საქმიანობაც. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სამოქალაქო უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური