GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება

განათლების სამინისტრო პედაგოგებს პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

,,განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვისა და ახალი სტანდარტების პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

ცვლილებები გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა, კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია. მით უმეტეს, ის გავლენას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეთა შედეგებზე. სწორედ ამიტომ, მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა გამოცდების დახვეწა-გაუმჯობესებაც, რადგან სამინისტროს მიზანს მხოლოდ პედაგოგთა „გამოცდა-გაკონტროლება”არ წარმოადგენს.

სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური