GE

მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვედრაზე ჰკითხა, თუ როგორ ახერხებენ ისინი ბავშვების დაინტერესებას სასწავლო პროცესში.

აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ამას გართობის, დისკუსიის და დებატის ხარჯზე ახერხებენ. პასუხების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა კარგი მასწავლებელი ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე სასწავლო გეგმის დარღვევით ახერხებს, რაც ჯეჯელავამ განათლების სისტემის გაუმართაობას მიაწერა.

„ჩემი მიკროკვლევის შედეგად დავადგინე, რომ ყველა კარგი მასწავლებელი, ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე ახერხებს იმის შედეგად,  რომ არღვევს ეროვნულ სასწავლო გეგმას.“

ამ კონტექსტში მინისტრმა სკოლებში მათემატიკის საგნისთვის დათმობილ საათებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2 საათი მათემატიკაში წილადებისთვის მცირეა და  შეუძლებელია, მოსწავლემ ამ დროში რამე გაიგოს.

„მე ყველა დარგში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მათემატიკაში ვერკვევი კარგად. წილადებზე გვაქვს 2 საათი. ახლა მე მაქვს  ასეთი მოსაზრება,  რომ უნდა შევკრიბო სამინისტროს თანამშრომლები, ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებზე.  მერე გამოვცადო მათი ცოდნა და სავარაუდოდ,  სამინისტროს, მათი დიდი ნაწილი დატოვებს.”

“მოკლედ, მაგარ შარში ვართ ხალხო.   ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს.  ვერ გაიგებს ბავშვი ვერაფერს. თან ხელს რომ აიწევს და გეტყვის ვერ გავიგეო, შენ ეტყვი –  მორჩა, ის ორი საათი გავიდა, ახლა სხვა გაკვეთილი გაქვთ.  ერთი ორ რამეს რომ ვერ გაიგებს,  ჩარგავს თავს ტელეფონში, კომპიუტერში და მორჩა, დავკარგეთ ეს ბავშვი.”

“ტექნიკურად ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც შეუძლებელია კარგად ასწავლო. ეს საოცარი ამბავია. წიგნი რომ დავწერო ოდესმე, ამ საოცრებას შევიტან შიგნით, რომ სახელმწიფომ შექმნა ისეთი გეგმა,  რომელსაც თუ დაარღვევ კარგი მასწავლებელი იქნები, თუ შეასრულებ ცუდი.”

“ვერ გავამტყუნებ ვერცერთ მასწავლებელს, ვიღაცებმა თქვეს, რომ ჯანდაბა, კაი ბატონო ორი საათი? – იყოს 2 საათი. ნოლი საათი? – იყოს ნოლი საათი. ვიცი, რომ ვერ გაიგებს? –  კარგი იყოს ვერ გაიგებს. მივხვდი, რომ ამ წიგნით ვერაფერს ისწავლის? – ნუ ისწავლის. რადგან ასეა, იყოს ასე.”

“მოკლედ ეს არის რეპუტაციის საკითხთან ერთად,  ქრესტომათიული უსამართლობა.  რა დავარქვა ამას არ ვიცი: შეცდომა,  ბოროტმოქმედება,  უჭკუობა ნებისმიერი რამე აქედან,“- განაცხადა განათლების მინისტრმა ქუთაისელ პედაგოგებთან შეხვედრისას.

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად

რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური