GE

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

რატომ უჭირთ ბავშვებს ამბის თხრობით გადმოცემა? მიზეზი – მწირი ლექსიკური მარაგი

თხრობითი მეტყველება კომპლექსური უნარია, რომელიც ბევრი სხვადასხვა ფსიქიკური პროცესის ჩართვას მოითხოვს. შესაბამისად, მრავალფეროვანია თხრობითი მეტყველების დარღვევის მიზეზიც. ქვემოთ სათითაოდ განვიხილავ პრობლემის მიზეზებს და  აღვწერ სავარჯიშოებს ამ ტიპის სირთულის დასაძლევად.

1.პრობლემის მექანიზმი – მწირი ლექსიკური მარაგი

მოსწავლის ლექსიკური მარაგი მწირია ასაკობრივ სტანდარტთან მიმართებაში, არ იცის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა, არ ფლობს მრავალფეროვან ცნებებს. შესაბამისად, თხრობითი მეტყველება ღარიბია. წინადადებები – მარტივი და მოკლე; სიტყვებს შორის პაუზებით.

გადაჭრის გზა – ლექსიკური მარაგის გამდიდრება ქვემოთ მოცემული სავარჯიშოების საშუალებით.

ვირჩევთ ტექსტს და ვუკითხავთ ბავშვს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვმა უკვე იცის კითხვა, მაშინ თავად კითხულობს. ახალ სიტყვებს გავუსვამთ ხაზს და ვიწყებთ მათ დამუშავებას.

ა ) თამაში „გამოცნობანა“ – გამოცანის შედგენისას აღუწერთ ნივთის ფუნქციას, ან მის ვიზუალურ ხატს. კონკრეტული არსებითი სახელების სწავლებისთვის გამოიყენეთ მათი სურათები.

თქვენ ეუბნებით: ამ გრძელი ჯოხით ვიჭერთ თევზებს. რა არის?

ბავშვი გპასუხობთ: ანკესი, ან მიგითითებთ სურათზე. გამოცანებზე პასუხს ბავშვი კარგად რომ დაამუშავებს, შესაძლოა უკვე თავად მოიგონოს გამოცანები და თქვენ გამოიცნოთ.

ბ)  არსებითი სახელების ჩამაგრება ლექსიკონში შინაარსობრივი ბადის შექმნის გზით

თუ ბავშვი ვერ კითხულობს, მუშაობთ ახალი სიტყვების სურათებით. თუ კითხულობს – იყენებთ დაწერილ სიტყვებს.

დავუშვათ, ჩვენი ახალი სიტყვებია : სავარძელი, წამწამი, ხორბალი.

ბარათებზე ვწერთ სათითაოდ ამ სიტყვებს. შემდეგ, ვიფიქრებთ ამ სიტყვებთან დაკავშირებულ, ბავშვისთვის უკვე კარგად ნაცნობ სიტყვებს და იმათაც ვწერთ ბარათებზე სათითაოდ.  შემდეგ ყველა ამ ბარათს წარვუდგენთ ბავშვს.

მოცემულ 3 სიტყვასთან ერთად,  ჩემი სიტყვათა რიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

სკამი, თვალი, პური, მცენარე, თავი, ხელი, ყანა, სახე, სხეული, მაგიდა, დივანი, სავარძელი, წამწამი, ხორბალი.

შემდეგ ვიწყებთ შინაარსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვების დაჯგუფებას. რადგან 3 სამიზნე სიტყვა გვაქვს აღებული, ამ შემთხვევაში გამოვყოფ 3 ჯგუფს

პირველი ჯგუფი თვალი, წამწამი, ხელი, სახე

მეორე ჯგუფი : პური, მცენარე, ყანა, ხორბალი

მესამე ჯგუფი : მდივანი, სავარძელი, სკამი, მაგიდა.

დაჯგუფების შემდგომ, განვმარტავთ მიღებულ შედეგს.

მაგ: ხორბალი მცენარეა. იგი ყანაში იზრდება. ხორბლისგან ვიღებთ პურის ფქვილს. პურის ფქვილისგან კი ვაცხობთ პურს. შეგიძლიათ ეს პროცესი და კავშირი სურათებითაც წარმოადგინოთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის.

tvalsss

ობიექტებს შორის შინარსობრივი მიმართებების დამყარება ძველი და ახალი ინფორმაციის დაკავშირების საუკეთესო გზაა. შესაბამისად, ამ ტიპის სავარჯიშო ბავშვს დაეხმარება ახალი სიტყვის უკეთ დამახსოვრებაში, აზრობრივი სქემების გამდიდრებაში.

მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ თხრობითი მეტყველების პრობლემის კიდევ ერთ მიზეზსა და შესაბამის სავარჯიშოებს.

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

მოამზადა მარი არევაძემ

წყარო: თამარ გაგოშიძე “ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები”2007 წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური