GE

ქართველი ავტორების შექმნილი მათემატიკის სახელმძღვანელოების წარმატება ინგლისში

გურამ ბერიშვილი იმ მათემატიკის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორია, რომელსაც სკოლებში ასწავლიდნენ, თუმცა როგორც თავად ამბობს, დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობის დროს წიგნს გრიფი აღარ მიანიჭეს და სკოლებშიც აღარ ისწავლება. თუმცა სწორედ ამ მათემატიკის სახელმძღვანელოს წარმატება სხვაგან ხვდა წილად.

„ჩემი მონაწილეობით შექმნილია მათემატიკის სახელმძღვანელოები, ძირითადად დაწყებითი კლასებისათვის. ერთი ქართველი ქალბატონი (რომლის სახელსაც გეტყვით როდესაც მისგან ნებართვას ავიღებ) ინგლისში სკოლაში მუშაობს, მათემატიკის მასწავლებლად. მას წაუღია ეს სახელმძღანელოები და ამით ასწავლის. მოსწავლეებს იმდენად მოსწონებიათ ეს წიგნი, რომ უთხოვნიათ ის ენაც გვასწავლეო, რომელზეც ეს წიგნია დაწერილიო, რათა თვითონ წავიკითხოთო. ჩემი შრომის ამაზე მაღალი შეფასება მე არასოდეს გამიგია.

ეს სახელმძღვანელობი კი, ძირითადად შაშკინის „მადლიერებით“, საქართველოში აკრძალულია (ანუ გრიფი არა აქვს). თავის ქებად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მსოფლიოში არ მეგულება ჩემი რანგის მათემატიკოსი, რომელსაც პირველ კლასში მასწავლებლად რეგულარულად უმუშავია, ეს შედეგიც აქედანაა. ანუ ლამის ტავტოლოგია: შრომას მოაქვს შედეგი, ოდნავი აზროვნების უნარის შემთხვევაშიც“ ტრაბახის გამო კიდევ ერთხელ პატიებას ვითხოვ“, – წერს გურამ ბერიშვილი.

Aris.ge – განათლება დაუკავშირდა მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორს, რომელიც ახლა პენსიონერია, პერიოდულად მათემატიკის შესახებ ლექციებს აცხადებს და დაინტერესებულ პირებს უტარებ. ჩვენ მას წიგნის წარმატების შესახებ დეტალების მოყოლა ვთხოვეთ.  

„ფაქტი ჩემთვის სასიამოვნოა. ეს სახელმძღვანელოები 1976 წლიდან არსებობს. სკოლაშიც ასწავლიდნენ. უბრალოდ, შაშკინმა აკრძალა და აღარ არის. ცნობილია მასწავლებლებისთვის. კოლექტივმა, ჯგუფმა შექმნა ჩემი ხელმძღვანელობით. პირველიდან მერვე კლასებისთვის ძირითადი სახელმძღვანელო იყო, რომელიც კარგად მუშაობდა სკოლაში. შემდეგ გრიფის მინიჭება არ მოხდა. ინგლისში მასწავლებელმა წაიღო, მისით ასწავლიდა და მოსწავლეებს მოეწონათ. მათ გამოთქვეს ასეთი აზრი, მე გამიხარდა, რა თქმა უნდა“, – გვითხრა გურამ ბერიშვილმა.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური