GE

რას შეამცირებს და რას არა თამარ სანიკიძე სამინისტროს ხარჯებიდან?! – ინტერვიუ მინისტრთან

5 მარტის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კოლეგა მინისტრებს ქამრების შემოჭერისკენ, ანუ წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

ამავე სხდომაზე პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, რატომ ვერ ახდენს რამდენიმე სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების დროულად განკარგვას და დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას. აღნიშნული კითხვის ადრესატი რამდენიმე სხვა სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც იყო.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თამარ სანიკიძემ  Aris.ge-განათლებასთან საუბარში იმ პროექტებზე ისაუბრა,  რომელთა განხორციელების  ტემპი უნდა დაჩქარდეს და  იმ დაგეგმილ აქტივობებზე,  რომელთა  განხორციელებას საფრთხე არ ემქურება და ,,ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის  მიუხედავად, მაინც განხორციელდება.

– ქალბატონო თამარ მთავრობის სხდომაზე სახსრების ათვისებაზე იყო საუბარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რა მიმართულებით აქვს თანხების ათვისების პრობლემა?

– საბიუჯეტო სახსრებში ყველაფერი ათვისებული გვაქვს, საუბარია დონორების მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, რომელზეც ასევე ვერ ვიტყვით, რომ ჩამორჩენაა, უბრალოდ გააქტიურება არის საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ ჩამორჩენა გვაქვს, განსაკუთრებით საბიუჯეტო სახსრების ნაწილში.

– რას გეგმავთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად?

– ზოგადად, არსებობს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. სხდომაზე უკვე აღვნიშნე, რომ ჯერ კვარტალი არ არის დასრულებული და მარტის თვეში ასეთი ხარჯები უფრო იზრდება, რადგან იანვარი და თებერვალი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის არ არის პოპულარული თვეები. არ არის არანაირი ჩამორჩენა. ნაწილობრივ გააქტიურება გვირჩია ფინანასთა მინისტრმა, დონორების პროექტების შესრულების კუთხით  და ამას გავაკეთებთ კიდეც – შემდგომშიც, რომ არ იყოს ჩამორჩენა.

– მთავრობის სხდომაზე თქვით, რომ ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ზაფხულში არდადეგების დროს სრულდება, ხომ არ გეგმავთ, სარეაბილიტაციო სამუშაოები უფრო ადრე დაიწყოთ?

– ზოგადად რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად ჯერ უნდა ჩატარდეს ტენდერი. თუ ტენდერები ადრე დასრულდა, დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უფრო ადრე. სასწავლო წლის დაწყებამდე პროცესი უნდა დასრულდეს.

– სხდომაზე საუბარი იყო გარკვეული მიმართულებით ხარჯების შემცირებასა და თანხების დაზოგვაზე, თქვენი სამინისტრო  როგორ  აპირებს თანხების დაზოგვას?

– მითითებული იყო ის წყაროები, საიდან შეიძლება თანხების დაზოგვა. ეს არის ავეჯის შესყიდვა, ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, საწვავის ხარჯები, გადავხედავთ და გავარკვევთ, როგორ შეიძლება თანხების დაზოგვა.

– ფინანასთა მინისტრმა სასწავლო პროგრამებიც ახსენა? პედაგოგთა ტრენინგები ან სასკოლო სემინარები ხომ არ შემცირდება?

 არავითარ შემთხვევაში. არც ერთი სასკოლო სემინარზე და ტრენინგზე საუბარი არ არის. ყველა ჩვენი აქტივობა დაგეგმილია საჭიროებების მიხედვით.

– ინვენტარის შესყიდვის შემცირებაში ხომ არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ სასკოლი ინვენტარის შეძენა შემცირდება

 არა, არავითარ შემთხვევაში.

 პედაგოგთა ხელფასების მატების გეგმას ხომ არ შეიძლება რაიმე საფრთხე დაემუქროს?

– მე ვარ გარანტი, რომ პედაგოგთა ხელფასების დაგეგმილ მატებას არაფერი შეაფერხებს. მე პირადად არაფრით არ დავუშვებ, რომ ხელფასების მატება არ მოხდეს. თუმცა დასაშვები არაფერია, სხდომაზე არც ყოფილა მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება ამ პროცესს რამე დაემქუროს.

 მაშინ რის ხარჯზე აპირებთ თანხების დაზოგვას?

– ჩვენ ისედაც ვაკონტროლებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და თუ სადმე რამის დაზოგვაა საჭირო, ვზოგავთ კიდევ. თუმცა, რადგან მითითება გაკეთდა, კიდევ ვნახავთ სად შეიძლება ოპტიმიზაციის გაკეთება. მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი ადმინისტრაციული ხარჯები. თუმცა, შეიძლება, სხვა სისტემაში იყო რაიმე ლუფტი, შეიძება იყოს აქტივობა,  რომლის გადადება შესაძლებელი იქნება  შემდგომისთვის. ეს ჯერ ზოგადი მიდგომაა.  ვიმეორებ, ჩვენთან ადმინისტრაციული ხარჯები მკაცრად კონტროლდება, განსაკუთრებით კი პრემიების გაცემა. ყოველთვის ყველა ხარჯი დასაბუთებული გვაქვს და გაწერილი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებებისა და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ხარჯების შემცირების შესახებ გეგმას 10 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 16 მარტამდე ელოდება. 

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური