GE

როდის და რა თანმიმდევრობით გამოქვეყნდება მასწავლებელთა ზამთრის გამოცდების შედეგები

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდები 13 იანვარს დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დარეგისტრირებული 10 000-ზე მეტი აპლიკანტიდან ტესტირებაზე 60%-ზე ოდნავ მეტი გამოცხადდა. ამ ეტაპზე ნაშრომების კომპიუტერში გადატანის პროცესი მიმდინარეობს.

გამოცდები, ძირითადად, ერთ სესიად წარიმართა. რამდენიმე ცენტრში  ჩატარდა ორ სესიად. პირველ სესიაზე გავიდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და მეორეზე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგები. უმრავლეს საგამოცდო ცენტრში კი მხოლოდ ერთი სესია იყო. გამოცდების დრო არ შეცვლილა. საგნობრივი გამოცდისთვის ახლაც 5 საათი იყო  განსაზღვრული. ისტის პედაგოგებისთვის 2 საათიანი იყო წერითი ნაწილი და მომდევნო დღესაც ამდენივე, პრაქტიკული ნაწილისთვის.

როგორ ჩაიარა პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებმა და როდის გამოქვეყნდება შედეგები, ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.

-როგორ შეაფასებდით საგამოცდო პროცესს?

-პირველად ჩატარდა პედაგოგთა გამოცდები ზამთარში. აქამდე ყოველთვის ივლისში ტარდებოდა, ამ გამოცდებზე დარეგისტრირდა 10 ათასზე მეტი პედაგოგი.  შეიძლება ითქვას, ბევრი არ გამოცხადდა, 60 %-ზე ოდნავ მეტი, 62%  გამოცხადდა. სხვა მხრივ, ნორმალურად ჩაიარა. თუმცა თავისი სპეციფიკა ჰქონდა ამ გამოცდებს. ცხადია, არ შეგვეძლო უმაღლესი სასწავლებლების შენობების გამოყენება, ვინაიდან უნივერსიტეტებში სწავლა მიმდინარეობს. სკოლებით შემოვიფარგლეთ. თბილისის და ქუთაისის სკოლებში ჩავატარეთ გამოცდები. ასე რომ, თავისი გარკვეული სპეციფიკა ჰქონდა.

-როდის გამოქვეყნდება გამოცდების შედეგები?

-შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ვფიქრობ, ეს არ იქნება იანვარში და სადღაც თებერვლის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. სხვადასხვა საგნის შედეგები, ცხადია, სხვადასხვა დროს იქნება, იმიტომ რომ გასწორებისთვის ზოგს მეტი დრო დასჭირდება, ზოგს ნაკლები.

-გასწორების პროცესი უკვე დაიწყო?

-უშუალოდ გასწორება ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ფურცლების სკანირება, კომპიუტერში შეყვანა. ესეც გასწორების შემადგენელი ნაწილია. გამსწორებლები ჯერ არ დამსხდარან კომპიუტერთან გასასწორებლად. ყველა კანდიდატს ექნება საშუალება, ნახოს თავისი ნაშრომი. გამოქვეყნდება ტესტები და შეუძლიათ შეადარონ. თუკი პედაგოგი გასწორების შედეგებს არ დაეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს და სააპელაციო კომისია ხელახლა განიხილავს ამ ნაშრომს. თუ შეიცვლება ქულა, პედაგოგს დაუბრუნდება გასაჩივრების თანხა. სააპელაციო პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც შედეგები გამოქვეყნდება და ამისთვის აპლიკანტებს, დაახლოებით, 1-კვირინაი ვადა ექნებათ.

-პედაგოგები აღნიშნავდნენ, რომ ზაფხულის გამოცდებთან შედარებით, ახლა უფრო გართულებული პროგრამა მოვიდა. იყო თუ არა ეს ასე? შეცვალეთ რაიმე ტესტებში სირთულის თვალსაზრისით?

-პროგრამა არ შეცვლილა და არც გართულება იყო ვინმეს მიზანი. წინასწარ ამის თქმა, უფრო რთული, ან უფრო იოლი იყო გამოცდები, საეჭვოა, რადგან შედეგები ჯერ არ გვაქვს. დაველოდოთ გასწორების პროცესს და შევადაროთ წინა და ახლანდელი გამოცდების შედგები ერთმანეთს. ჩვენ იგივე სირთულის ტესტები შევთავაზეთ პედაგოგებს და დავალებებიც წინა გამოცდების ანალოგიური იყო.

-საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები აღნიშნავდნენ, რომ დაწყებითი საფეხურის ტესტებში მოსული იყო მაღალი კლასების პროგრამაც. რას უპასუხებდა ცენტრი მათ?

-დარწმუნებით  შემიძლია ვთქვა, რომ არ უნდა ყოფილიყო და არც იყო. როცა გამოქვეყნდება ტესტები, ვნახოთ ერთად. არცერთხელ არ შეგვიტანია ის საკითხები, რომლებიც საგამოცდო პროგრამას ცდება.

-პედაგოგები წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში  ციოდა. არ იყო ჩართული გათბობა?

-ყველგან იყო. დიდი ხნით ადრე ვრთავდით. ზამთარია და ცოტა ცივა, მაგრამ აუდიტორიებსა და სექტორებში ნამდვილად არ ციოდა. მთლიანობაში, ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა გამოცდებმა და რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები 11 იანვარს დაიწყო. იანვრის გამოცდაზე დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 552-ი იყო კვალიფიკაციის შესაბამისობაში. აქედან მასწავლებლობის მსურველი – 703, ხოლო 9 849 მოქმედი მასწავლებელი იყო.

აპლიკანტები გამოცდებს 11-13 იანვარს თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში აბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა, ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული (I-XII კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

რაც შეეხებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ისინი გამოცდებისათვის დარეგისტრირებას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ საგნის გამოცდაზე ივლისის თვეში გავიდნენ. როგორც ცნობილია,  2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური