„რეფორმის ლოგიკაა, მივცეთ ნაკლები განათლება ახალგაზრდებს და იაფ მუშახელად დარჩებიან“ – მოსალოდნელ რისკებზე ილიაუნიში ისაუბრეს
„დავკარგავთ თავისუფალ უნივერსიტეტებს“, „სახელმწიფო უნივერსიტეტს ან მეტი ფულის დახარჯვა მოუწევს ერთ სტუდენტზე, ან გაფუჭდება განათლების ხარისხი“, – ამ და სხვა არაერთ რისკს ხედავს უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხიშტოვანი, რომელმაც საკუთარი ხედვა 26 დეკემბერს, ილიას სასხელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, პროფესორმა პრეზენტაცია „უმაღლესი განათლების რეფორმის სოციალური და პოლიტიკური შედეგების შესახებ“ წარმოადგინა და რისკები მიმოიხილა. მან ყურადღება ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუარესების, სოციალური მობილობის შემცირების, გარე მიგრაციისა და ა.შ. რისკებზე გაამახვილა, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას კი ყველა შესაძლო შედეგი დეტალურად განიხილა.
მათ შორის, პროფესორი თვლის, რომ პირველ ეტაპზე, რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, უმთავრესი რისკი სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიის დაკარგვა, შემდეგ კი – აკადემიურ თავისუფლებაზე უარყოფითი გავლენა იქნება, რადგან ფიქრობს, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები დაკარგავენ ავტონომიას, განსაზღვრონ, რა ასწავლონ, ვის ასწავლონ, შეეზღუდებათ უფლება, რა რაოდენობით სტუდენტი აიყვანონ, ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლება და ფინანსური მდგრადობა დამოკიდებული იქნება მთავრობაზე.
„მთავარი რისკი, რასაც დღეს ვხედავ, შემდეგია – დავკარგავთ თავისუფალ უნივერსიტეტებს – ჯერ სახელმწიფო უმაღლესებს და მაქვს ვარაუდი, რომ ძალიან მალე ეს, შესაძლოა, კერძო უნივერსიტეტებსაც შეეხოთ. რადგან იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ახორციელებს ამ ე.წ. რეფორმას „ქართული ოცნება“, მას, ადრე თუ გვიან, მოუწევს, მსგავსი წესები კერძო უნივერსიტეტებსაც განუსაზღვროს. სხვა შემთხვევაში, ბევრად უფრო კარგ პირობებში აღმოჩნდებიან კერძო უნივერსიტეტები და სახელმწიფო უმაღლესი საერთოდ დაკარგავენ მომხიბვლელობას“, – გვეუბნება გიორგი ხიშტოვანი.
ილიაუნის პროფესორი უმაღლესი განათლების რეფორმას „მზაკვრულად დაგეგმილს“ უწოდებს, რადგან ფიქრობს, რომ მთავრობა რეფორმით განსაზღვრულ საფრთხისშემცველ ცვლილებებს ბენეფიტად წარმოაჩენს და ამან, შესაძლოა, აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, შეცდომაში შეიყვანოს.
„როდესაც საუბარია უფასო განათლებაზე, არ არის საუბარი იმაზე, რომ უფასო განათლების მიმღებთა რაოდენობა იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. ახალგაზრდამ შეიძლება მიიღოს უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილების შემცირება დაანონსდა და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს მთავრობის დადგენილება, მოხვედრა იქნება ბევრად რთული. შესაბამისად, ეს იქნება უფასო ცოტასთვის და შეუძლებელი გახდება ბევრისთვის.
ავიღოთ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება უფლება, ასწავლოს ერთი პროგრამა, მაგალითად სამართალმცოდნეობა. ორი სცენარია – ან ამ შერჩეულ უნივერსიტეტს მოუწევს, მიიღოს ბევრად მეტი სტუდენტი და თუ მას შესაბამისად არ გაუზარდეს დაფინანსება, სწავლების ხარისხი, შესაძლოა, შემცირდეს. ან თუ თქვი, რომ შეარჩევ ერთ უნივერსიტეტს, ვინც ასწავლის სამართალმცოდნეობას, მაგრამ ადგილების რაოდენობას შეკვეცავ, ხელმისაწვდომობა ისევ იზღუდება“, – აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.
პრეზენტაციის ავტორი, რისკებს ხედავს 3+1+1 პრინციპსა და სახელმწიფო უმაღლესებში უცხოელი სტუდენტების შეზღუდვის საკითხშიც და ამბობს, რომ უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვის ფონზე, სახელმწიფო უნივერსიტეტს ან მეტი ფულის დახარჯვა მოუწევს ერთ სტუდენტზე, ან სწავლების ხარისხი გაუარესდება:
„პრინციპი – 3+1+1 – სტუდენტმა შეიძლება იფიქროს, რომ მალე დაამთავრებს ბაკალავრიატს და 4 წლის ნაცვლად, 3 წლის გადასახადს გადაიხდის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: სახელმწიფო ადგენს, რომ უმაღლესის პირველი წლის განმავლობაში სტუდენტმა უნდა ისწავლოს ფაქტობრივად სკოლის მასალა. ბოლო ცვლილებების მიხედვით, ქართული ენაც კი უნდა ისწავლოს – ანუ ახალგაზრდა 12 წელი სწავლობს სკოლაში და შემდეგ ქართული ენის სწავლას უნივერსიტეტშიც აგრძელებს. ასევე, თუ სტუდენტს მოუწია უცხო ენების სწავლა, ან ტექნიკურ მიმართულებებზე მათემატიკის ფაქტობრივად თავიდან სწავლა, შენ ამის პარალელურად ეუბნები, რომ პროფესიას მხოლოდ სამ წელიწადში უნდა დაეუფლოს – როდისღა უნდა ისწავლო ის, რამაც უნდა მოგცეს თავდაჯერებულობა, რომ პროფესიონალი ხარ?! კი ისწავლი, კი შეიძლება სამ წელიწადში მიიღო დიპლომი, მაგრამ შენ ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნები“.
როგორც გიორგი ხიშტოვანი გვეუბნება, მიზეზები, რითაც მთავრობა რეფორმის აუცილებლობას ხსნის და მიზეზები, რაც სინამდვილეში ამ რეფორმის უკან იმალება, განსხვავებულია:
„გვეუბნებიან, რომ გაუნათლებელ მოსახლეობას რაღაც დანიშნულება შრომის ბაზარმა უნდა უპოვოს. ქვეყანაში სამუშაო ძალა გაძვირდა, მაგრამ ბიზნესი ამაზე წუხს. ის ამბობს, რომ გაუძვირდა სამუშაო ძალა და მას იაფი მუშახელი უნდა. ამიტომ, იპოვეს გადაწყვეტა – მოდი, მივცეთ ნაკლები განათლება ახალგაზრდებს და ისინი იაფ მუშახელად დარჩებიან. ეს არის ლოგიკა“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში – „ლიგამუსი“ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი პრეზენტაციები: „უმაღლესი განათლების
სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის სამართლებრივი შეფასება“, „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“, „მოსალოდნელი ცვლილებები ზოგადი განათლების რეფორმაში“.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
რა შეიცვალა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის პროგრამაში – სპეციალისტი სიახლეებს გვაცნობს და სასკოლო რეფორმას მიმოიხილავს
by განათლებული ბლოგი
-
„სამინისტროს დონეზე ხდება ხოლმე, რომ ყველა რეფორმა ან ფერხდება, ან მეტამორფოზას განიცდის, ან იცვლება და „კისერს იტეხს“
by განათლებული ბლოგი
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ შეძენას გეგმავს
by ARIS.GE-განათლება