GE

როდის იწყება ზამთრის არდადეგები უნივერსიტეტებში – 2015 -16 სასწავლო წლის განრიგი

ზამთრის არდადეგების ვადებს უმაღლესი სასწავლებლები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ბაკალავრიატის სტუდენტების დაინტერესების გათვალისწინებით, Aris.ge-განათლებამ ზოგიერთი უნივერსიტეტის არდადეგების დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო დასვენება 27 დეკემბერს იწყება და 7 იანვარს დასრულდება, 8 იანვრიდან 4 თებერვლამდე უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია, ზამთრის არდადეგები კი 14-დან 28 თებერვლამდე გაგრძელდება. გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები უნივერსიტეტში 29 თებერვალს განახლდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი 16 იანვარს სრულდება, საშობაო არდადეგები ილიაუნის აკადემიური კალენდარის მიხედვით, 28 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება საგამოცდო პერიოდს, კალენდარში ის 18 იანვრიდან 13 თებერვლამდეა ჩანიშნული. ილიაუნიში გაზაფხულის სემესტრი 14 მარტს დაიწყება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი 30 იანვარს სრულდება. 1-16 თებერვალს კი უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია. არდადეგების ზუსტი პერიოდი დეკემბრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

აგრარულ  და თავისუფალ უნივერსიტეტებში 27 დეკემბრიდან 4 იანვრამდე საახალწლო დასვენების დღეებია. რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის არდადეგები 22 თებერვლიდან 6 მარტამდე გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 14 მარტიდან განახლდება.

უნივერსიტეტის მე-2-3-4 კურსის სტუდენტებს ზამთრის არდადეგები 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ექნებათ, ახალი სემესტრი კი 7 მარტს დაეწყებათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის  პირველკურსელებისთვის, აკადემიური კალენდრის მიხედვით, 15 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ზამთრის არდადეგების პერიოდია. სასწავლო პროცესი კი 7 მარტს განახლდება.

რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტის დანარჩენი კურსის სტუდენტებს, მათ არდადეგები 25 იანვრიდან 21 თებერვლამდე ექნებათ. ახალი სემესტრი კი 29 თებერვალს დაიწყება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში  სალექციო პერიოდი 26 დეკემბერს სრულდება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერთი კვირა შესაძლოა, დაეთმოს კონსულტაციებს, 11-დან 30 იანვრამდე კი უნივერსიტეტში დასკვნითი გამოცდები ჩატარდება. გაზაფხულის სემესტრი კსუ-ის ქართველი ბაკალავრებისთვის 29 თებერვალს განახლდება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე საახალწლო დასვენების დღეებია. ზამთრის არდადეგები კი იანვრის ბოლოს დაიწყება და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 31 დეკემბერიდან 9 იანვარმდე დასვენებაა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, 20 თებერვლამდე სტუდენტებს სასესიო პერიოდი ექნებათ, ახალი, გაზაფხულის სემესტრი კი უნივერსიტეტში თებერვლის ბოლოს დაიწყება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ლექციები სტუდენტებისთვის 11 იანვრიდან განახლდება. II, III და IV კურსს ლექციები 11-დან 15 იანვრის ჩათვლით ჩაუტარდებათ. 18 იანვრიდან დაიწყება ფინალური გამოცდები და 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 6-დან 21 თებერვლის ჩათვლით საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ისევ დაისვენებენ და 22 თებერვლიდან განაახლებენ სწავლას.

პირველკურსელებს საახალწლო არდადეგების შემდეგ 11-დან 22 იანვრის ჩათვლით ლექციები ჩაუტარდებათ. 25-დან 12 თებერვლის ჩათვლით ფინალური გამოცდები. 15-დან 19 თებერვლის ჩათვლით მათი ზამთრის არდადეგები დაიწყება, სწავლას კი 22 თებერვალს განაახლებენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი შეწყდება 31 დეკემბერს. 1 იანვრიდან დაიწყება საშობაო არდადეგები, რომელიც დასრულდება 7 იანვარს. 8 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში განახლდება სასწავლო პროცესი, ხოლო 18 იანვრიდან 31 იანვრამდე უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია. ზამთრის არდადეგები დაიწყება 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით. გაზაფხულის სემესტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 თებერვლიდან დაიწყება.

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური