GE

როგორ გავუმკლავდეთ საგამოცდო სტრესს

ირმა კახურაშვილი

მისაღები გამოცდებთან ერთად დაიწყო მასთან დაკავშირებული განცდები, უძილობა, ნერვიულობა, შიში, გადამეტებული ემოციები. ამ შემთხვევაში ბევრი რამ არა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ვინც გამოცდებს აბარებს, არამედ მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერაზე. სტრესთან გამკლავება რთულია. ის უარყოფითად ისახება ყველაზე, ვინც საგამოცდო მარათონში პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ბოლო ანგარიშში ნათქვამია: „სტრესის შესამსუბუქებლად საუკეთესო დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ახალი ცვლილებაა. მანამდე კი იკვებეთ რაციონალურად, მუდმივად ივარჯიშეთ და საკმარისად იძინეთ”. სტრესის დაძლევა შესაძლებელია. ის ორგანიზმის ჯანსაღი რეაქციაა იმ ექსტრემალურ პირობებზე, რომელიც თქვენს ემოციურ სიმშვიდეს და წონასწორობას არღვევს.

საგამოცდო სტრესი დაძაბულობის სხვა სახეობებს შორის ყველაზე გავრცელებულია. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საგამოცდო პერიოდში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტრესს გოგონების 48%-ი და ვაჟების 60%-ი განიცდის.

ტერმინი „სტრესი” ინგლისური წარმომავლობისაა და „დაძაბულობას” ნიშნავს. მისი სიმპტომებია დეპრესია ან გუნება-განწყობის სწრაფი ცვალებადობა, უძილობა ან ძილიანობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, გაფანტული ყურადღება, კუდურების კანკალი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაკარგვა, სისუსტე, ასთმატური შეტევები, მონელების სისტემის მოშლა და სხვ. დროში გახანგრძლივებული სტრესი პროვოცირებას არადექვატურ ქცევას, ააქტიურებს იმ დაავადებებს, რომლებიც ადამიანს აქვს. როგორც კი სტრესის ნიშნებს შეამჩნევთ, ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ.

საგამოცდო სტრესს ყველაზე ხშირად ნაკლები თავდაჯერება განაპირობებს. ახალგაზრდა პანიკაშია, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, ცოდნის ხარისხში. ამ მომენტში მნიშვნელოვანია მასწავლებლების და მშობლების თანადგომა, რომლებიც ხშირად სიტუაციას უარესად ძაბავენ – ისინი ზედმეტად აქცენტირდებიან საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე, აშინებენ შვილს იმით, რომ თუ „კარგად ვერ ჩააბარებს, ცხოვრებაში არაფერი გამოუვა”. მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მისაღები გამოცდების პერიოდი მართლა მძიმეა. მრავლად არსებობს იმის მაგალითი, თუ როგორ დაუზიანებიათ სტრესის გამო საკუთარი თავი ახალგაზრდას, ზოგს სუიციდის მცდელობაც ჰქონია, რადგან მშობლებს იმედი გაუცრუა… უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური გამოცდილება სხვაგვარია – წითელი დიპლომი და ოქროს მედელი სულაც არ არის იმის გარანტი, რომ თავბრუდამხვევი კარიერული ზრდა გველის.

სტრესის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი სამუშაო დროის არასწორი გადანაწილებაა. ზოგი მისაღები გამოცდებისთვის მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებს, მერე კი სამეცადინოდ დრო არ ჰყოფნის, ცდილობს ყველანაირ ცოდნას დროის მცირე მონაკვეთში ეზიაროს, მაგრამ დადებით შედეგს ვერ აღწევს. მას შიში იპყრობს და მასალა, რომელიც თითქოსდა ახლახან აითვისა, ავიწყდება.

საგამოცდო სტრესთან გასამკლავებლად შეგიძლიათ მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლე გამარჯვებისთვის უნდა განეწყოს. გამოცდის დროს არ უნდა იფიქროს შეცდომას დაშვებაზე. საკუთარ თავს უნდა „შეუძახოს”. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაკლებად გაუმართლა და ბევრი ქულა ვერ ააგროვა, არავინ დასჯის, დედამიწა უკუღმა არ დატრიალდება, მშობლებს და მეგობრებს ნაკლებად არ ეყვარება. ყველაფერი გამოსწორებადია.
გამოცდებისთვის მზადება ახალგაზრდამ რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს. ეს კომფორტის და სიმშვიდის განცდას მიანიჭებს. აკონტროლეთ, რომ ახალგაზრდა ძალიან არ გადაიტვირთოს. მეცადინეობის პირველი საათები იმ საკითხების სწავლას უნდა დაუთმოს, რომელშიც მოიკოჭლებს. მეცადინეობის დროს თხოვეთ, რომ ხშირად დაისვენოს, რათა ფიზიკურად არ გამოიფიტოს.

პატარა ხრიკი იმ ახალაგაზრდებისთვის, ვისაც სუსტი მეხსიერება აქვს: დაწერეთ „შპარკალკები”, ოღონდ არა იმიტომ რომ გამოცდაზე გამოიყენოთ. უბრალოდ, წერის დროს ადამიანთა უმრავლესობა გაცილებით უკეთესად იმახსოვრებს მასალას. გამოყავით მასალის მთავარი თეზისები. ეს მოგეხმარებათ გავლილი გაკვეთილის გახსენებაში.

აბიტურიენტმა არაფერი არ უნდა დაიზეპიროს. სჯობს, მასალა გაიაზროს და ისე აითვისოს. თუ რაიმე არ ესმის, დაეხმარეთ. თუ თვითონ ერიდება, თავად ჰკითხეთ მასწავლებელს.

სტრესის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორი ურყოფითი განცდებია. სტრესი სერიოზული გამოცადაა ნერვული სისტემისათვის. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მცირე დოზით სტრესი აუცილებელიცაა. ის პრობლემების წარმოქმნის პირველ სიგნალს იძლევა, აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი. მცირე სტრესის გამო ორგანიზმი ადრენალინის დოზას იღებს და „ფორმას” ინარჩუნებს.

საგამოცდო სტრესს მოსწავლეების ერთი ნაწილი უხმოდ და სხვებისათვის შეუმჩნევლად იტანს, მეორე ნაწილი კი უფრო ემოციური. მოსწავლის ხასიათიდან გამომდინარე მშობლებმა და მასწავლებლებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ სჭირდება თუ არა თანაგრძნობა, ღირს თუ არა მისი განცდების გაზიარება თუ ურჩევნია თვითონ გაუმკლავდეს სტრესს. ინგლისში ამბობენ: „პრობლემა, რომელსაც ვინმეს გაუზიარებ, მოგვარებული პრობლემაა”. ასე რომ, განცდების გაზიარება სისუსტის აფიშირებას არ ნიშნავს. თავის დროზე მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება მშობლებმაც იგემეს. თუ ახალგაზრდა ზედმეტად ნერვიულობს და ამის ნიშნები თვალსაჩინოა, მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება. სპეციალისტი განტვირთვაში დაეხმარება.

ფსიქოლოგები აბიტურიენტებს ფსიქოლოგიური ტექნიკის – ვიზუალიზაციის გამოყენებას ურჩევენ. ის მარტივი და ეფექტიანია. წინასაგამოცდო პერიოდში სასურველია ახალგაზრდამ გამოცდების ჩაბარების პროცესი თვალდახუჭულმა წარმოიდგინოს ხოლმე, ანუ მთელი პროცესის ვიზუალიზაცია მოახდინოს. ვიზუალიზაცია კარგია ძილის წინ. აბიტურიენტი წარმოიდგენს, რომ გამოცდას აბარებს და საკმაოდ თავდაჯერებული, მობილიზებული, უშიშარია. ყოველი ახალი ვიზუალიზაციის დროს აბიტურიეტმა თავი სხვადასხვა ტერიტორიაზე უნდა წარმოიდგინოს – კლასში, აუდიტორიაში, დარბაზში. როდესაც ახალგაზრდა მართლაც მისაღებ გამოცდებზე აღმოჩნდება, უცხო გარემო ნაკლებად შეაწუხებს და დააფრთხობს. ვიზუალიზაციას ყოველთვის „ჰეპი ენდი” უნდა ჰქონდეს – წარმოდგენაში გამოცდა წარმატებით უნდა ბარდებოდეს.

სტრესის ყველაზე ნეგატიური შედეგი ჟანგბადის უკმარისობაა, რაც აბიტურიენტის შრომისუნარიანობას აფერხებს. გარემო, სადაც მეცადინეობენ, ხშირად უნდა ნიავდებოდეს. სხვათა შორის, სტრესულ სიტუაციებში ექიმები გვირჩევენ, ვამთქნაროთ და მთქნარების სურვილისგან თავი არ შევიკავოთ 🙂 მთქნარების რეფლექსის დროს ბევრ ჰაერს ვისუნთქავთ ღრმად.

სტრესის შედეგებში მოიაზრება ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიული მუშაობის დარღვევა. მშვიდ მდგომარეობაში ორივე ნახევარსფერო შეთანხმებულად მუშაობს. მარცხენა – ანალიზზე და ლოგიკაზეა პასუხისმგებელი, მარჯვენა – ემოციებზე. მათ შორის ინფორმაციის გაცვლა უწვრილესი დამაკავშირებელი მონაკვეთით ხდება. სტრესის დროს ეს მონაკვეთი ბლოკირებულია. თუ ადამიანს მარჯვენა ნახევრასფერო აქვს დომინანტი, ლოგიკა უქრება, უჭირს ამოცანების ამოხსნა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია უმარტივესი ვარჯიშით ორივე ნახევარსფეროს ამუშავება – А4 ფორმატის ქაღალდზე კუთხიდან კუთხემდე «Х» დაწერეთ და ერთი-ორი წუთი დაჟინებით დააკვირდით.

გამოცდების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ჯანსაღ კვებას ჭირდება. არ ღირს ზედმეტად კალორიული ან ცხარე კერძების მირთმევა. სასურველია ბევრი ხილ-ბოსტნეული ან ვიტამინების დალევა.

ბევრი აბიტურიენტი უჩივის უძილობის პრობლემას. იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნებოდა ერთსა და იგივე დროს დაგვეძინა და გაგვეღვიძა. ძილის წინ დამაშვიდებლად მოქმედებს თბილი აბაზანა, წყნარი მუსიკა, მსუბუქი ხემსი ან ჭიქა რძე.

სულ ახლახან კი მალაიზიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცილი არა მხოლოდ ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ სტრესსაც ხსნის: აუმჯობესებს მადას და შრომისუნარიანობას, ძილს არეგულირებს. გამოცდების წინ, ცხრა დღის განმავლობაში, ექსპერიმენტის 30 მონაწილემ სიცილთერაპია გაიარა. თერაპიის ნაწილი იყო სუნთქვითი ვარჯიშები (სიცილის იმიტაცია). ტრენინგის დროს მონაწილეები რეამდენიმე საათი იცინოდნენ. საბოლოოდ, უკლებლივ ყველამ გამოცდები უპრობლემოდ ჩააბარა. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთივე ეფექტი აქვს კომედიური ჟანრის ფილმებს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ფსიქოლოგებმა მონაწილეებს საკმაოდ რთული თავსატეხის ამოხსნა თხოვეს. იმ ჯგუფმა, რომელმაც მანამდე კომედიურ ფილმს უყურა, ამოცანას კარგად გაართვა თავი, მეორე ჯგუფმა კი ვერ. ასე რომ, თუ გაქვთ გამოცდებამდე ღიმილ-სიცილის მიზეზი, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური