GE

როგორ ვასწავლოთ ფერები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს

ფერების გარჩევის სწავლება – სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობლისთვის ერთ-ერთი ამოცანაა და ეს არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავად დაფიქრდით, რამდენი ფერი არსებობს სამყაროში და ბავშვს მოუწევს მათი ერთმანეთისგან განსხვავება და ამოცნობა. ეს ყველაფერი მშობლებისგან მოითხოვს მოთმინებასა და მოხერხებულობას. გვინდა გასწავლოთ მარტივი თამაშები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სირთულის დაძლევაში.

გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც მოეწონება ბავშვს და საკმაოდ სასარგებლო იქნება მისთვის. ცოტახანში თავად დარწმუნდებით, თუ როგორ ისწავლის თქვენი პატარა ფერების გარჩევას.

„ბურთულები ვაგონებში!“
ამ თამაშისთვის იდეალური იქნება, თუ სახლში გექნებათ სხვადასხვა ფერის პატარა ბურთულა და ყინულის გასაკეთებელი ან კექსის მოსამზადებელი ფორმები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ჩასალაგებელი ფორმაც. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი წინასწარ დამუშავება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე არ არის ჭუჭყი და დაავადების გამომწვევი ბაქტერია. თამაშის პრინციპი მარტივია: დაალაგებთ ერთად ყველა ფერად ბურთულას და „მიაგორებთ ვაგონებს“ – თქვენთვის ხელმისაწვდომ ფორმას (კვერცხის, ყინულის, კექსის), ერთ ფორმაში „სხდებიან“ ერთი ფერის ბურთულები. თუ თქვენ ერთი ფორმა გაქვთ, არ იდარდოთ. პირველად „გაემზგავრებიან“ ერთი ფერის ბურთულები, შემდეგ რიგ-რიგობით სხვა დანარჩენები. თამაში ბავშვს ასწავლის ბურთულების გაერთიანებას ფერების მიხედვით. თუ თქვენ თამაშის დროს ფერებს დაასახელებთ კიდეც, დასახელებებს თქვენი პატარა მალევე დაიმახსოვრებს.

„ჯუჯავ, ჯუჯავ, სად არის შენი სახლი?“
უმჯობესია ითამაშოთ გარეთ. საჭიროა ასფალტზე დახატოთ წრეები, ამასთან, თითოეული სხვადასხვა ფერის უნდა იყოს. წამყვანი კითხულობს „ჯუჯავ, ჯუჯავ, სად არის შენი სახლი?“, ბავშვი პასუხობს: „მე ვარ მხიარული ჯუჯა, მაქვს მწვანე სახლი!“ მირბის და დგება მწვანე ფერის წრეზე. თუკი თამაშობს რამდენიმე ბავშვი, თამაში უფრო საინტერესო ხდება.

„მხიარული ანაბეჭდები“
აიღეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები და გამოჭერით ისე, რომ გამოვიდეს სამკუთხედები, კვადრატები, წრეები და სხვა გეომეტრიული ფიგურები. მოათავსეთ ერთჯერად თეფშებზე საღებავები. იატაკზე დააფინეთ გაზეთები, ზევიდან კი დიდი ფორმატის ფურცლები, ან ძველი შპალერის ნაწილები. ბავშვმა უნდა დატოვოს ანაბეჭდები ქაღალდზე. თქვენ თვალი ადევნეთ, შეაქეთ კარგად შერჩეული ფერებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენი პატარა საღებავით იქნება მოსვრილი, სამაგიეროდ დიდ სიამოვნებას მიიღებს და თანაც გაერკვევა ფერებსა და გეომეტრიულ ფიგურებში.

„მძივები გველეშაპისთვის“
გველეშაპი დიდია, შესაბამისად, მძივიც დასჭირდება უზარმაზარი. და მაინც როგორი? ვიღებთ ბაწარს და ვაგროვებთ ტუალეტის ქაღალდისგან მორჩენილ მუყაოს რულონებს, შემდეგ ვღებავთ თითოეულს სხვადასხვა ფრად. თამაში შეგიძლიათ დაუსრულებლად, თუ შეგროვდება ბევრი ფერადი რულონი. მძივის აწყობა შესაძლებელია ფერების მიმდევრობით ან ქაოტურად შერჩევით. გველეშაპი კმაყოფილი დარჩება!

„თევზაობა“
თევზები იქნებიან ნათელი, ფერადი სარჭები, რომლებიც უნდა დაამაგროთ სპეციალურ თოკზე ან ჭიქის კიდეზე. თითოეულ ფერს მიანიჭეთ საკუთარი სახლი. თუ თქვენს პატარას ჯერ არ შეუძლია სარჭების დამოუკიდებლად დამაგრება, შეაგროვებს ჭიქაში.

„ფერადი ბოულინგი“
ვღებავთ სამზარეულოს ხელსახოცისგან მორჩენილ მუყაოს რულონებს, რომლებიც კეგლების ფუნქციას ასრულებენ. ბავშვი გააგორებს ბურთს და წააქცევს იმ ფერის „კეგლებს“, რომელსაც დედა ეტყვის.

„ზღარბო ზღარბო“
ფერადი მუყაოს ფურცლებისგან გამოვჭრით წრეებს, დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრით და ვჭრით შუაზე. ერთი მხრიდან ვხატავთ ცხვირსა და თვალს. ბავშვს ვაძლევთ ფერად სკრეპებს (სამაგრებს) და ვთავაზობთ მიამაგროს მუყაოს იმგვარად, რომ გამოვიდეს ზღარბი. მთავარი პირობა: სკრეპის ფერი უნდა ემთხვეოდეს მუყაოსას.

წყარო: ros-obrazovanie.ru

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური