GE

რომელია სწორი – აჯილდოებს თუ აჯილდოვებს? უდავო თუ უდაო? მომჟაო თუ მომჟავო?

გრამატიკულ ცნობარში დღეს ბგერის ჩართვის და დაკარგვის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებს მიმოვიხილავთ:

სიტყვაში ბგერის ჩართვის ან ამოღების წესების დასადგენად ამჟამად ერთი თანმიმდევრული პრინციპი, წესი არ არსებობს. ხშირია მისი დაკარგვის შემთხვევები იქ, სადაც მისი არსებობა, ერთი შეხედვით, კანონიერია ( მაგალითად, ვ ფუძის ნაწილია) და ასევე ხშირია მისი მოულოდნელად გაჩენა ( ჩართვა) ფუძის და ახალდართული დაბოლოების საზღვარზე.

ბგერის ჩართვა

ვ ფუძესა და დაბოლოებას შორის ჩნდება მაშინ, თუ ფუძეს ამთავრებს ხმოვნები ა, ე, ო და მოსდევს ა და ე ხმოვნები. ეს, ხშირ შემთხვევაში, ხდება მე-ე, სა-ე და სი-ე თავსართ-ბოლოსართების დართვის დროს. მაგალითად, ავიღოთ ო-ზე დაბოლოებული სიტყვა:

ახლო

დავუმატოთ თავსართი სი და ბოლოსართი ე:

სიახლოვე

წესის თანახმად, ვ-ს ჩართვა ამ შემთხვევაში სავალდებულოა!

საგანგებოდ უნდა გამოიყოს ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვების მართლწერა:

ო ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვები ვ-ს გაიჩენენ მაშინ, თუ ისინი დასრულებულ მოქმედებას გამოხატავენ ( მეორე სერია, წყვეტილი, დაესმის კითხვა რა ვქენი/რა ქენი/რა ქნა…).

ჯილდო – დააჯილდოვა (რა ქნა?)

მაგრამ

აჯილდოებს ( ვ-ს გარეშე!)

უთო – დააუთოვა

მაგრამ

აუთოებს

ვ ასევე ჩნდება ნასახელარ ზმნებში:

ხე – ახევებს

ქვა – აქვავებს

ბგერის დაკარგვა:

ფუძისეული ვ იკარგება მაშინ, როცა ის ექცევა ხმოვნებს შორის და მომდევნო ხმოვანი არის ო ან უ.

თავი – თაობა; ხევი – ხეობა; ბუნებრივი – ბუნებრიობა;

ნათესავი – ნათესაობა; სანახავი – სანახაობა; საცოდავი – საცოდაობა…

(გამონაკლისებად მიჩნეულია ერისთავი – ერისთავობა და მოურავი – მოურავობა; აგრეთვე უცხო წარმოშობის სიტყვები: აქტივობა, უპერსპექტივობა);

ვ იკარგება – ურ და – ოდ დაბოლოებების დართვისას მათი მეშვეობით წარმოებულ სიტყვებში:

თავი – მეთაური, ფშავი – ფშაური, აქტივი – აქტიური, ყვავის-ყვაოდა, ჩივის – ჩიოდა, ირხევა-ირხეოდა.

იგივე შეეხება თავსართ-ბოლოსართების დართვის შემთხვევებს: საფლავი – სასაფლაო, რეცხვა/მრეცხავი-სამრეცხაო, ნიძლავი – სანაძლეო.

გამონაკლისია შემდეგი სიტყვები:

უთავო, უდავო, სადავო, საზავო, მოშავო, მომჟავო და ა.შ.

აქ წარმოდგენილია ყველაზე ხშირი შემთხვევები. ვ-ს შენარჩუნების, დაკარგვისა და ჩართვის ყველა შემთხვევის აღნუსხვა ორთოგრაფიული ლექსიკონის პრეროგატივაა და წესით, სრულად იქ უნდა იყოს აღნუსხული.

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური