GE

სკოლამ საშინაო დავალება იმ მიზეზით აკრძალა, რომ პედაგოგებმა გაკვეთილის ხარისხი გააუმჯობესონ

ესექსის სკოლაში საშინაო დავალებები სრულად აიკრძალა იმ მიზეზით, რომ მასწავლებლებს მეტი დრო დარჩეთ გაკვეთილის  გეგმის შესამუშავებლად.

ფილიპ მორენტის სკოლისა და კოლჩესტერის კოლეჯის სასწავლო ნაწილი, ქეთრინ ჰატლი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მის მასწავლებლებს მისცემს საშუალებას, უკეთ გამოიყენონ საკუთარი დრო, ნაცვლად უამრავი საშინაო დავალებების შესწორებაში დროის ხარჯვისა. დავალებების ნაცვლად, მოსწავლეები თავად გეგმავენ დამატებით მეცადინეობას, ონლაინ, კოლეჯის ვებსაიტის დახმარებით.

წერილი, რომელიც მშობლებს დაეგზავნათ იუწყება, რომ ახალი სისტემა მოსწავლეებში გაზრდის მათ პასუხისმგებლობას საკუთარ განათლებაზე. ამავე წერილში ვკითხულობთ: „ჩვენ ვცვლით მიდგომას საშინაო დავალების მიმართ და ტრადიციული მოდელიდან უფრო დამოუკიდებელ სტილზე გადავდივართ.“

ჰატლის მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუმცა, ასევე დარწმუნებულია მასწავლებელთათვის გამოთავისუფლებული დროის ეფექტიანობაში. მისი თქმით: „მასწავლებლის პროფესია შეუსრულებელი მისიაა. დღის განმავლობაში არ არის საკმარისი დრო, რათა მასწავლებლებმა გაკვეთილიც ჩაატარონ, საშინაო დავალებაც შეამოწმონ და გაკვეთილებიც დაგეგმონ. ეს არის გადახვევა ტრადიციული მიდგომისაგან, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავაყენებთ მოსწავლეების განათლებასა და პროგრესს  საფრთხეში“.

აღნიშნული სკოლა არ არის პირველი, რომელმაც საშინაო დავალების გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ერთი წლით ადრე, დამოუკიდებელმა სკოლა-ინტერნატმა „ჩელტენჰემის ქალთა კოლეჯმა“, პრაქტიკიდან ამოიღო დავალებები, რათა გადაეჭრა უკვე „ეპიდემიად“ ქცეული მენტალურ პრობლემები.

2013 წელს, ნორვიჩში მდებარე, ჯეინ ოსტინის კოლეჯში სასკოლო საათები საღამოს 5 საათამდე გაზარდეს, მაგრამ აქვე დასძინეს, რომ მოსწავლეებმა სწორედ ამ გახანგძლივებული საათების განმავლობაში უნდა დაასრულონ სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები, მათ შორის საშინაო დავალებებიც.

მისის ჰატლის აზრით, საშინაო დავალებების გაუქმების შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ „მოსწავლეების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებას, ყოველდღიური საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად“.

სკოლის საათების შემდეგომ, დამატებითი, კლასგარეშე მეცადინეობა მოსწავლეთათვის სავალდებული არ არის, თუმცა სკოლის ვებგვერდი მოსწავლეების ონლაინმეცადინეობას წამახალისებელი პრიზებით აჯილდოებს.

სკოლის სასწავლო ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ საშინაო დავალებაში ხშირად შედიოდა საკითხები, რომელთა ახსნაც გაკვეთილის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ამიტომ სასწავლო გეგმის ოპტიმალური განაწილება მასალის უკეთეს განხილვას შეუწყობს ხელს. ამრიგად, მოსწავლეები გაივლიან ერთი და იმავე და მნიშვნელოვან სასწავლო მასალას და საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, რომელიმე მოსწავლე სხვას არ ჩამორჩება.

დიდი ბრიტანეთის სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, თუ როდის განაცხადონ თანხმობა სექსზე

წყარო: independent.co.uk

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური