GE

დიდი ბრიტანეთის სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, თუ როდის განაცხადონ თანხმობა სექსზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სკოლებისთვის ახალი რეგულაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რეკომენდებულია, სკოლის მოსწავლეთათვის სექსუალური ურთიერთობის საფუძვლის სწავლება, მათ შორის ურთიერთობაზე თანხმობაც. მოსწავლეთა ასაკი 11 წლიდან იწყება.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, რეგულაციას წინ უსწრებდა პარლამენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილები სავალდებულო უნდა გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ფეხმძიმე გოგონების რიცხვი განუწყვეტლივ მცირდება და ახლა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, 1969 წლიდან მოყოლებული, ბოლო გამოკვლევები ადასტურებს, რომ მოზარდებს შორის ფეხმძიმობის მაჩვენებლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი მეოთხე ადგილს იკავებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

თუმცა, სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები აშკარაა, საბავშვო საქველმოქმედო ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს ციფრები იმ წარმატების დასტურია, რომელიც სკოლის მოსწავლეთა სქესობრივი აღზრდისკენ მიმართულმა სწორმა ძალისხმევამ მოიტანა.

დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის ნიკი მორგანის თქმით ახალგაზრდა გოგონებმა უნდა მიიღონ შესაბამისი განათლება, რათა მოემზადონ თანამედროვე ცხოვრებისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაში ბავშვებს უნდა ასწავლონ ის, თუ როგორ დათანხმდნენ სქესობრივ ურთიერთობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მიხედვით ამგვარი ურთიერთობა ნებადართული მხოლოდ 16 წლიდან არის.

ამჟამად სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, არ დაესწრონ სექსუალური განათლების გაკვეთილებს, თუ მშობლები წინააღმდეგნი არიან რელიგიური, თუ ეთიკური მიზეზით.

გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მშობელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ამგვარ გაკვეთილებს.

თუმცა მოაქვთ კი რაიმე სარგებელი ამ გაკვეთილებს?

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ მოზარდები, რომლებიც სექსუალური განათლების გაკვეთილებს ესწრებოდნენ, როგორც წესი, არ ჩქარობენ ჰქონდეთ პირველი სქესობრივი კონტაქტი და უფრო ხშირად იყენებენ კონტრაცეპტივებს.

ყველაზე დიდ პრობლემად კი, ასოციაცია PSHE-ის წარმომადგენლის ჯონ დილონის აზრით, რჩება ის, რომ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების ინტეგრაცია ისედაც გადატვირთულ სასკოლო პროგრამაში ხდება.

„რა თქმა უნდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უშედეგო იქნება, თუკი ამ გაკვეთილებს სავალდებულოს არ გავხდით – თვლის დილონი. – ამავდროულად, ბევრი სკოლა არ მოისურვებს ამ გაკვეთილის ჩასმას პროგრამაში, რადგანაც იგი  მოსწავლეს დროს აკარგვინებს, სკოლას კი სჭირდება უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭება აკადემიური მაჩვენებლებისათვის“.

საბოლოოდ, არსებობს მტკიცებულებები, რომ ისეთ საგანს, როგორიცაა სქესობრივი აღზრდა, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია დიდი სარგებლობის მოტანა, რადგან, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი პირადი ურთიერთობები, თავს გრძნობენ ბედნიერად.

წყარო: BBC.CO.UK

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური