GE

„ხელისუფლების სანდო წარმომადგენელი იყო უნივერსიტეტში დესანტირებული“ – ლექტორი შარვაშიძის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის არჩევის ფაქტს უკვე უწოდეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. თავად გიორგი შარვაშიძე კი გადაწყვეტილებას გამხდარიყო უნივერსიტეტის 30-ე რექტორი, უმაღლესი განათლების სისტემაში აუცილებელ გასატარებელ რეფორმებს უკავშირებს. გუშინ გიორგი შარვაშიძეს რექტორის რანგში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. მას პირველკურსელებისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებაც კი არ მიეცა. „აუდიტორია 115“–ის საპროტესტო აქციის გამო ღონისძიება ჩაიშალა. რა განწყობით ხვდებიან ახალ ხელმძღვანელს უნივერსიტეტის თანამშრომლები – EDU.ARIS.GE თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების ასისტენტ–პროფესორ ლევი გეონჯიანი ინტერვიუს გთავაზობთ.

“საფრთხეს წარმოადგენს ის განწყობა მენეჯმენტის ყოვლისშემძლეობის თაობაზე, რომელსაც ქმნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თუ ბატონ სანდროს ვიდეო-ლექციებს გადახედავთ – ეს სპეციფიური მენეჯმენტია, რომელიც რესურსების მფლობელთა ინტერესებს, მათ იერარქიას ემსახურება. უნივერსიტეტი და განათლება რთული სოციალური სისტემებია, აქ სხვა მენეჯმენტია საჭირო. მინისტრის და რექტორის ადგილას რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და გამოცდილი კრიზისული მენეჯერი – უნივერსიტეტის ავტონომიას არაფერი დაემუქრებოდა”, – ამბობს ის.

-ბატონო ლევი,  როგორ აფასებთ რექტორის პოსტზე გიორგი შარვაშიძის არჩევის ფაქტს?

-ეს ფაქტი უნდა შეფასდეს როგორც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის კრიზისის და კერძოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიზისის გარკვეული ეტაპის დასასრული. ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენები ვითარდებოდა დემოკრატიული პროცედურების დაცვით. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან დაწყებული, აკადემიური საბჭოს წევრების არჩევით ფაკულტეტებზე და სამეცნიერო, სენატის წევრების არჩევით, და ბოლოს – რექტორის არჩევით, უნივერსიტეტმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. არჩევნები, თანდათანობით, საუნივერსიტეტო ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა ხდება.

ეს ჩვეულებრივი არჩევნები არ იყო – ყველაფერი ხდებოდა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე. სტუდენტებმა კატალიზატორის როლი შეასრულეს უნივერსიტეტის მრავალი ნაკლოვანების გამომჟღავნებაში, შეაშფოთეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად მთელი იერარქიული ვერტიკალი.

ამიტომაც ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების ამ შტოს ელიტის სანდო წარმომადგენელი იყო „დესანტირებული“ უნივერსიტეტში სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთია ძალთა თანაფარდობის დღევანდელი მოცემულობა. ეს თანაფარდობა შეიქმნა და განმტკიცდა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის სისუსტის გამო, და განათლების რეფორმის მეცნიერების მიერ შემოთავაზებული რეფორმის მრავალი ნაკლოვანების გამო. ამ ფაქტორებმა გააძლიერეს საგანმანათლებლო ბიუროკრატია, მაგრამ ისიც მოუმზადებელი და უძლური აღმოჩნდა სტუდენტებთან შეტაკებისას. უმაღლესი განათლება და სისტემა ძალაუფლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმედია, ის დროც მალე დადგება, როდესაც ჩვენი დამოუკიდებელი უნივერსიტეტი თავის საუკეთესო წარმომადგენლებს სისტემატურად მიავლენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სახელმწიფოს პრობლემების გადასაწყვეტად.

-როგორ ფიქრობთ, გიორგი შარვაშიძე იყო საუკეთესო კანდიდატურა, თუ აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილებაზე გარედან ჩარევას ჰქონდა ადგილი?

-არ მგონია, რომ გარედან ჩარევა საჭირო იყო ამ კანდიდატურის გასაყვანად. ჩვენ გაგვაჩნია კანდიდატების მიერ წარმოდგენილი კონცეფტუალური დოკუმენტები და სამუშაო გეგმები. აქ ბატონ გიორგის უპირატესობა აშკარაა. სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის პროფესურა სუსტად ფლობს ასეთი დოკუმენტების  შედგენის ტექნოლოგიას და მართვის საფუძვლებს. ამ კულტურასაც აუცილებლად უნდა ფლობდეს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ეს დროის მოთხოვნაა.

შესაძლებელია, სამინისტროს მაღალჩინოსნები იჩენდნენ ინიციატივას. ეს ბუნებრივია ამ იერარქიისათვის, მაგრამ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი მაინც თავისუფალი იყო თავის არჩევანში, როდესაც შემოხაზავდა საარჩევნო ბიულეტენში ამა თუ იმ კანდიდატურას.

ამ გარემოებას მიცემულ ხმათა თანაფარდობაც ადასტურებს. როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს უნივერსიტეტი დე ფაქტო ავტონომიურია, და მისი მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რა ტიპის და ზომის იერარქიული სტრუქტურა ჩამოყალიბდება უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში, რა გუნდს შეარჩევს და მოიყვანს საუნივერსიტეტო ხელისუფლებაში ახალი რექტორი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასარჩევია უნივერსიტეტის კანცლერი. რექტორ-კანცლერის ტანდემი მრავალ ნიუანსს შეიცავს. ასეთი ორხელისუფლებიანობა შესაძლებელია სასარგებლოც იყოს უნივერსიტეტისათვის და საზიანოც. წინა რექტორმა ეს ამოცანა ვერ გადაწყვიტა.

-ბატონი გიორგის  წინა სტატუსი ხომ არ შეუქმნის საფრთხეს  და შეზღუდვას უნივერსიტეტის ავტონომიას?

-ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მყარად აისახა და დაფიქსირდა ბატონ გიორგის ცნობიერებაში მისი ყოფილი საქმიანობა განათლების მართვის იერარქიულ სტრუქტურებში. განათლების მართვის მუშაკთა იმ წესებმა და იმ გამოცდილებამ შექმნა დღევანდელი კრიზისი განათლებაში. ბიუროკრატია ვერ იტანს ცვლილებას, ცხოვრება კი სულ ახალ მოთხოვნებს აყენებს. საფრთხეს წარმოადგენს ის განწყობა მენეჯმენტის ყოვლისშემძლეობის თაობაზე, რომელსაც ქმნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თუ ბატონ სანდროს ვიდეო-ლექციებს გადახედავთ – ეს სპეციფიური მენეჯმენტია, რომელიც რესურსების მფლობელთა ინტერესებს, მათ იერარქიას ემსახურება. უნივერსიტეტი და განათლება რთული სოციალური სისტემებია. აქ სხვა მენეჯმენტია საჭირო. მინისტრის და რექტორის ადგილას რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და გამოცდილი კრიზისული მენეჯერი – უნივერსიტეტის ავტონომიას არაფერი დაემუქრებოდა.

-როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ახალი რექტორი თავი გაართვას რთულ მემკვიდრეობას?

-მემკვიდრეობა ნამდვილად რთულია. სისტემების მართვა მოითხოვს მათი რეალური მიზნების იდენტიფიცირებას, მათი ფუნქციონირების დაკვირვებადობის უზრუნველყოფას და მართვის ადექვატური მიდგომების გამოყენებას სათანადოდ. ამ მომენტისათვის, ერთადერთი მოცემულობაა რექტორის სამოქმედო გეგმა. გეგმა ოთხ წელიწადზეა გაწერილი. შეგვიძლია გამოვყოთ ის რამდენიმე ღონისძიება, რომელიც წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. ამ ჩამონათვალშია უნივერსიტეტის მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხუთი ღონისძიება, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის განვითარების ორი ღონისძიება და სტუდენტური ცხოვრების, კონკრეტულად – სტუდენტთა მომსახურების სისტემის გაუმჯობესების საკითხი. წელიწადი დასრულდება რექტორის თანამდებობაზე ყოფნის 100-დღიანი პერიოდის დასრულებასთან ერთად. ეს იქნება ის მომენტი, როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა გავაკეთოთ პროგნოზები – შეძლებს თუ არა რექტორი თავი გაართვას რთული მემკვიდრეობის შემდგომ მართვას.

აღსანიშნავია, რომ პირველი ღონისძიებაა უნივერსიტეტის განვითარების გრძელ და საშუალოვადიან სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანების წევრი და დამოუკიდებელი სტუდენტების, უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ამ გუნდს აკისრებს რექტორი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო დაცვას საუნივერსიტეტო კონსენსუსის მისაღწევად.

ერთ–ერთ ინტერვიუში ბატონმა გიორგიმ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტში ასეთი ძალა არსებობს, ამიტომ ეს 100 დღე იქნება უნივერსიტეტის სიმწიფის და შემოქმედებითი პოტენციალის ლუსტრაციაც. თუ ეს გუნდი შედგება და კონსესუსი ჩამოყალიბდება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი განვითარების ახალ ტრაექტორიაზე გადავა, თუ არა – კრიზისი გაღრმავდება მთელ საგანმანათლებლო სისტემაში.

მოდით, მივცეთ ბატონ გიორგის ეს 100 დღე. უკმაყოფილების გამოხატვას ყოველთვის მოვასწრებთ. ის დემოკრატიული პროცედურების მიმდევრობა მაინც წესად ვაქციოთ, რაც გავიარეთ. არც სტუდენტური პროტესტი თვითმიზნად არ უნდა იქცეს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური