GE

„125 ლარით გაზრდით ხელფასს იანვრიდან 43 500-მდე პედაგოგი მიიღებს“ – ვალერიან გობრონიძე ბიუჯეტის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, სტატუსიან პედაგოგებს ანაზღაურება 2023 წლის იანვრიდან გაეზრდებათ. ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მინისტრის მოადგილე, ვალერიან გობრონიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ორ მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ამ ბიუჯეტის დიდი ნაწილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სკოლების მოწესრიგებაზე კიდევ ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება და ამ სიკეთით ისარგებლებს დაახლოებით, 230 ათასი მოსწავლე.

2023 წლიდან, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს ექნებათ გაზრდილი ხელფასი. ასევე, გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ სკოლის პედაგოგები, დაახლოებით, 43 500 პედაგოგი, რომელსაც აქვს სტატუსი დადასტურებული, მიიღებენ 125 ლარით გაზრდილ ხელფასს. ასევე, სკოლისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მიიღებენ 10%-ით გაზრდილ ხელფასს. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებიც მიიღებენ 125 ლარით გაზრდილ ხელფასს და ამასთან ერთად, 2023 წლიდან, კიდევ უფრო მეტი სკოლა იქნება, სადაც მანდატურები იქნებიან წარმოდგენილი და უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს. 2023 წლის პირველი იანვრიდან, გაზრდილი ხელფასები, რომელიც დაანონსებულია, თითოეულ პერსონალს შეეხება“, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ 12 დეკემბერს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი განათლების ხარისხის განვითარებასაც მოიაზრებს და ამ კონტექსტში მან 2023 წლიდან დაგეგმილი სკოლების ავტორიზაციის საკითხი გამოყო.

როგორც მთავრობის მიერ მომზადებულ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ვკითხულობთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 345,0 მლნ ლარზე მეტით, ხოლო ჯამურად განათლების დაფინანსება გაზრდილია 550,0 მლნ ლარით.

ასევე იხილეთ:

რა თანხები დაიხარჯება 2023 წელს განთლების სექტორში და რა სიახლეებია დასაქმებულთათვის – ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური