GE

15 ათასი წლის წინანდელი გიგანტური დათვის ძვლები – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციის აღმოჩენა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რაჭის ქედზე მდებარე მღვიმეში სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში, საუკუნეების წინანდელი გიგანტური დათვის ნაშთები აღმოაჩინეს. მასალა კვლევის სტადიაშია და ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები, პროფესორ ირაკლი ჯულაყიძესთან ერთად, მნიშვნელოვანი აღმოჩენებისთვის ემზადებიან.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ექსპედიცია მნიშვნელოვანი იყო, როგორც აღმოჩენის კუთხით, ასევე სტუდენტებისთვის პრაქტიკული ჩვევების გაზიარება-სწავლების მხრივაც.

„7-8 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სტუდენტებთან ერთად ვიყავით რაჭის ქედზე, მოგზაურთა და მთამსვლელთა კლუბ „თეთნულდის“ მიერ აღმოჩენილ საყავრიას მღვიმეში. ეს მღვიმე კლუბმა დაახლოებით 4 წლის წინ აღმოაჩინა, შემდეგ ამ მღვიმით დაინტერესდნენ national geographic-ის ფოტოგრაფი ვიქტორ ლიაგუშკინი, ასევე ჩეხი სპელეოლოგები. ჩვენ მაშინ დავუკავშირდით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მათ სპეციალისტებთან ერთად მოვახდინეთ მღვიმის პირველადი დათვალიერება. პანდემიის გამო, პროცესები აღარ გაგრძელებულა, თუმცა ამჟამად სტუდენტებთან ერთად გავეშურეთ და მღვიმიდან დარჩენილი პალეოზოოლოგიური მასალა გამოვიტანეთ.

„სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 300 ათასი წლის წინ რაჭის ქედზე გიგანტური ცხოველები ბინადრობდნენ, აღმოჩენილი ძვლები კი დაახლოებით 15 ათასი წლის წინ გადაშენებულ მღვიმურ დათვს ეკუთვნის. ასევე, აღმოჩენილია ბარძაყის და ნეკნის გიგანტური, მასიური ძვლები. მასალები მზადდება კონფერენციისთვის, ნიმუშები კვლევის ეტაპზეა, ხდება მათი ხსნარებით დამუშავება და კვლევა“, – ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი.

მისივე თქმით, საკვლევი მასალის მოპოვების გამოცდილების გარდა, მუშაობის პროცესში სტუდენტები სამეცნიერო ნაშრომების მომზადების ტექნიკასაც სწავლობენ.

„მსგავსი ექსპედიციები ჩვენთვისაც საინტერესოა და სტუდენტებისთვის ბევრი უნარისა და ჩვევის მიმცემია. ექსპედიცია შეიძლება იყოს ერთდღიანი, თუმცა უკვე შემდეგაა ძალიან ბევრი ისეთი სამუშაო, რომელიც ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას უვითარებს სტუდენტს. გარდა იმისა, რომ ისინი უშუალოდ მოიპოვებენ სამეცნიერო საკვლევ მასალას, ასევე ეუფლებიან რთულ რელიეფში ორიენტირების უნარ-ჩვევებს და უფრო მოტივირებულები ხდებიან, ითვისებენ გუნდური მუშაობის უნარებს, კვლევის პერიოდში ხვეწენ გადმოცემის უნარებს, სწავლობენ, როგორ უნდა გაუზიარონ სხვას ინფორმაცია, როგორ უნდა დაწერონ თემა, ააგონ სტრუქტურა, როგორაა აგებული სამეცნიერო ნაშრომი, რამდენი გვერდი უნდა იყოს, როგორ უნდა გაფორმდეს და ა.შ. ასევე სწავლობენ, რა მეთოდით უნდა გააკეთონ პრეზენტაცია, სად უნდა მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია, რომ უნდა მიუთითონ ყველა წყარო და არავითარ შემთხვევაში, პლაგიატი არ უნდა მოხდეს“, – აცხადებს ირაკლი ჯულაყიძე.

ე.წ საყავრიას მღვიმის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტმა იცის. 15 ათასი წლის წინანდელი პალეოზოოლოგიურ მასალას შორისაა სამი სრული თავის ქალა, კბილებით და ეშვებით და გიგანტური ზომის ბარძაყის ძვლები. ამჟამად სტუდენტები საკვლევ ნიმუშებს სხვადასხვა ლაბორატორიაში სწავლობენ და მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში შედეგებს კონფერენციის სახით წარადგენენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ექსპედიცია იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არ იქნება ბოლო გასვლა. საკმაოდ რთული გზა იყო, მაგრამ დავძლიეთ. როდესაც მღვიმეში შევედით, იქაურმა სიტუაციამ ჩვენზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ ყველა სირთულე დაგვავიწყდა. ყოველი ახალი ძვლის პოვნა ჩვენთვის დიდ ემოციასთან იყო დაკავშირებული. ახლა უკვე ვართ მასალების კვლევის პროცესში, თავად ჩვენ, სტუდენტები ვცდილობთ შევისწავლოთ მასალა. მსგავსი გასვლები სტუდენტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ პრაქტიკაში გადმოგვაქვს ის ცოდნა, რასაც თეორიულად ვითვისებდით. 8 სტუდენტი ვიყავით ექსპედიციაში, მღვიმის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე არაა გასაჯაროებული, რადგან კვლევის პროცესშია და არ გვსურს განადგურდეს“, – განაცხადა აკაკი წერეთლის ახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ზოსიაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ექსპედიციის ფარგლებში, საყავრიას მღვიმის გარდა, ასევე ვიყავით წმინდა ადგილზე, ცხრაჯვარზე და ცხრაჯვარი 2-ის მღვიმის დათვალიერებაც მოვახდინეთ. ეს ყველაფერი ფეხით, სალაშქრო პირობებში ხდებოდა. მრავალი წინაღობა გადავლახეთ, ხუთი საათი დაგვჭირდა მღვიმეში შესვლა-გამოსვლისთვის. გზად თოვლიც კი შეგვხვდა. ძალიან ემოციური იყო. დიდი ძალისხმევის შემდეგ, მასალა შევაგროვეთ. გვქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. ამ კუთხით დიდი დახმარება გაგვიწია უნივერსიტეტმა. ვისაც არ გვქონდა, გადმოგვცა ფარნები, ქვესაგებები (პარალონები), საძილე ტომრები და ა.შ. ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ლექტორს, ირაკლი ჯულაყიძეს, რომელიც მთელი გზა გვიზიარებდა თავის გამოცდილებას. ნაპოვნი მასალის შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია. მისი რჩევით, ვაკვირდებოდით ადგილებს. გზაში დათვის ნაკვალევიც ვნახეთ. ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური ექსპედიცია იყო“, – ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი თამარ ჯღამაია.

ექსპედიციისას აღმოჩენილი მასალები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში განთავსდება. სამეცნიერო ექსპედიციებით სწავლების მეთოდი ერთ-ერთი აპრობირებული გზაა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 25-წლიანი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შესაბამისი მიმართულებით უკვე დასაქმებულები არიან, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვადასხვა უწყებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური