GE

180 კრედიტიანი ბაკალავრიატისა და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამის შემუშავების განახლებული წესი გამოქვეყნდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით განახლდა და გამოქვეყნდა სამწლიანი ბაკალავრიატის და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს შემუშავდა.

მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმოწერით 29 თებერვალს გამოქვეყნებული ბრძანება უკვე ძალაშია და მასში წერია, რომ:

“ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”. (ვრცელდება მხოლოდ: ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებზე (180 კრედიტიანი ბაკალავრიატი); (60 კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.).

რა თქვა გიორგი ამილახვარმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებაზე 29 თებერვალს:

“ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ. ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებთ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ არ არის არაფერი სიახლე და პირიქით, ამის არგაკეთება პრაქტიკულად აცდენაში ამყოფებდა ქართულ განათლების სისტემას. პირველი, ჩვენ შევჯერდით, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა (არსებულ ოთხწლიანთან ერთად), რომლის არსებობაც თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება და მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს ან ერთ-ერთი. აქ არ იზღუდება არც ოთხწლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის [შემოვიღოთ], თუმცა ამით არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზეც მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

“რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა, ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება – ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც, ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე და მიმდინარეობს ექსპერტებთან მსჯელობა, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომ შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ ჩაბარების მსურველს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს გამოცდებზე გასვლა. ორივე პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას ჩვენ უნივერსიტეტებს მივცემთ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე”.

როგორ განმარტა განათლების სამინისტრომ სიახლის მნიშვნელობა 1-ელ მარტს:

“აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს. უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები”.

იხილეთ განათლების მინისტრის განახლებული ბრძანებით დამტკიცებული წესი, სადაც მოცემულია ინფორმაცია ზემოაღნიშნული ტიპის – 180 კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, მისი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ და ასევე  60 კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და დაშვების წინაპირობა:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი

ცნობისთვის, ამჟამად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევისთვის სტუდენტს ესაჭიროება მინიმუმ 240 კრედიტის დაგროვება ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში განსაზღვრულია არანაკლებ 120 კრედიტი.

ამავე თემაზე:

ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩაბარებისას საერთო სამაგისტრო გამოცდისგან გათავისუფლდებით – რა ცვლილებები შევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური