GE

20 000 ლარიანი სასწავლო გრანტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პირებისთვის – ვის შეუძლია მიიღოს დაფინანსება?

ფოტო –
Tamar Zantaraia (RFE/RL)

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას, სასწავლო გრანტის მოცულობა განსაზღვრა.

გრანტის წლიური მოცულობა 20000 ლარია, თუმცა ის ბენეფიციარს კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი გადასახდის მიხედვით აუნაზღაურდება. მთავრობის დადგენილება  3 ივნისს გამოქვეყნდა (საქართველოს მთავრობის დადგენილება №261)

ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი?

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​13 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს  მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაზე.

როგორია განცხადების წარდგენის წესი?

დაინტერესებულმა პირმა განცხადება განათლების და მეცნიერების სამინისტროში 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგი დოკუმენტები უნდა დაურთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,  ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.

მთავრობის დადგენილების სრული ტექსტი შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური