20 რჩევა კერძო სკოლის შერჩევის დროს – საქართველოში უკვე ორასზე მეტი კერძო სკოლაა
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობა მზარდია. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 218 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. EDU.ARIS.GE-მ კონსულტაცია იურისტებთან გაიარა. ჩვენ იმ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც კერძო სკოლასთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინოთ:
1. წლების შემდეგ იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, მუდმივად გახსოვდეთ, რომ კერძო სკოლა ბიზნესია. ბიზნესის მიზანი ეკონომიკური მოგების ნახვაა. თქვენ კი არამატერიალური მიზნები გამოძრავებთ.
2.უსიამოვნო “სიურპრიზებისგან” თავი დაიზღვიეთ და წინასწარ დაადგინეთ კლასში მოსწავლეების რაოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საჯარო სკოლაზე მეტი მოსწავლე დაგხვდეთ კლასში.
3.თუ სკოლა დღის ბოლომდე იტოვებს ბავშვებს, გაარკვიეთ, ეს შეთავაზება დასაქმებული მშობლების მოსახიბლად აქვთ თუ მართლაც ხედავენ საჭიროებას საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთონ მოსწავლეები.
4.თუ ბავშვი დღის ბოლომდე სკოლაშია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი გარემო და სახალისო აქტივობები. დასვით შეკითხვა, სავალდებულო საგნების გარდა რა გაკვეთილები შედის ცხრილში. მაგალითად, აქვთ თუ არა წიგნიერების, მოტივაციისა და მედიაწიგნიერების საათები, ცეკვა, სიმღერა, ფეხბურთი, ბალეტი, ცურვა, ხატვა, ფოტოხელოვნება და ა.შ. შედის თუ არა ეს საგნები/წრეები ფიქსირებულ გადასახადში.
5.მოიკითხეთ, დასაქმებული პედაგოგებიდან, რამდენმა დაუმტკიცა სახელმწიფოს თავისი კომპეტენცია და ფლობს სერტიფიკატს.
6.მნიშვნელოვანია იცოდეთ, პედაგოგები იყენებენ თანამედროვე მიდგომებს თუ მოსწონთ სწავლების კონსერვატიული მეთოდები. როგორ მუშაობს სკოლა მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარის გამომუშავებაზე.
7.ზოგჯერ საგაკვეთილო პროცესი ისე მარტივად არ მიდის, როგორც შორიდან ჩანს. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ, როგორ უმკლავდება სკოლა რთული ქცევის ბავშვებს. რა ითვლება დისწიპლინურ გადაცდომად და როგორ მოქმედებენ პედაგოგები რთულ სიტუაციაში.
8.თუ მოსწავლეები სკოლაშივე მეცადინეობენ, მოიკითხეთ, ბავშვთან ერთად ვინ ინაწილებს პასუხისმგებლობას სწავლის ხარისხზე.
9.გულდასმით დაათვალიერეთ სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სველი წერტილები სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს და ის სივრცეები, სადაც ბავშვებს გაკვეთილების შემდეგ უწევთ ყოფნა.
10.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. უმჯობესია დაიდოს 12 წლიანი კონტრაქტი, სადაც განსაზღვრული იქნება, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გადასახადი არ გაიზრდება. გასათვალისწინებელია გადახდის გრაფიკი და სკოლიდან გადასვლის შემთხვევაში, სწავლის საფასურის უკან დაბრუნების სქემა. კატეგორიულად მოითხოვეთ ხელშეკრულების მეორე პირი ან ასლი.
11.გაარკვიეთ, მიბმულია თუ არა გადასახადი უცხოურ ვალუტაზე. თუ ასეა, ხელშეკრულებაში დააფიქსირეთ, კურსის ცვალებადობის შემთხვევაში, რა ნიშნულზე გაჩერდება თქვენი ვალდებულება.
12.გაარკვიეთ, რა შემთხვევაში გროვდება სკოლაში დამატებითი თანხები.
13.მოიკითხეთ აქვთ თუ არა სკოლის ფორმა, სავალდებულოა თუ არა მისი ტარება. რა ჯდება ფორმის შეკვეთა, აქვთ თუ არა ბავშვებს გამონაკლისი დღეები თავისუფალი ჩაცმისთვის.
14.დასვით შეკითხვა, სად მთავრდება სკოლის ფუნქციები. მაგალითად, რა გავლენა აქვს სასწავლო პროცესზე რელიგიას, თვლიან თუ არა ბავშვების სულიერ აღზრდას თავიანთ მოვალეობად, რა ხერხებით მოქმედებენ.
15.გაარკვიეთ, სოციალურ პროექტებში მონაწილეობის რა გამოცდილება აქვს სკოლას. აგროვებენ თუ არა ნივთებს მზრუნველობა მოკლებული თანატოლებისთვის, ეხმარებიან თუ არა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, სხვა მოწყვლად ჯგუფებს და ა.შ.
16.გაარკვიეთ, რა სიხშირით გაყავთ ბავშვები სკოლის გარეთ, მუზეუმში, კინოში, თეატრში, ზოოპარკში, ექსკურსიაზე და ა.შ.
17.გაარკვიეთ, სასკოლო საზოგადოების გარდა ვის აქვს სკოლაში შესვლის, ბავშვებთან ურთიერთობისა და თავიანთი პროდუქციის რეკლამირების უფლება.
18.თუ სკოლის ადმინისტრაცია ბავშვის ექსკურსიაზე წაყვანას მშობლების გარეშე ითხოვს, დაადგინეთ კონკრეტულად თქვენი შვილის კლასზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა; იმ პირის საკონტაქტო ნომერი, რომელიც ულიმიტოდ შეძლებს უპასუხოს ზარებს; ასევე, მოითხოვეთ, ტრანსპორტის ტექ.გამართულობის დამადასტურებელი საბუთი, მძღოლის მართვის მოწმობა, დღის განრიგი.
19.გააკონტროლეთ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. პერიოდულად მოითხოვეთ საკვების დეგუსტაცია. გაარკვიეთ, შედის თუ არა მენიუში ნახევარფაბრიკატები. ინახება თუ არა მაცივარში ყოველი დღის საკვების სინჯი, ბავშვის მოწამვლის შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის გამოსაყენებლად.
20.გაარკვიეთ, რამდენად ჩაკეტილია სკოლა მშობლებისთვის. რა ჰქვია მშობლებთან ურთიერთობის ფორმას. თუ მშობელთა კრებამ გაიჟღერა, პერიოდულად მოითხოვეთ პედაგოგებთან ინდივიდუალური გასაუბრების დრო და მიეცით ამას სისტემური ხასიათი.
საქართველოში 218 კერძო სკოლაა. მათ შორის თბილისში – 120 (აქედან 49 – ვაკე საბურთალოს რაიონში), იმერეთში – 28, აჭარაში – 21, ქვემო ქართლში – 15, სამეგრელოში – 13, კახეთში – 9, შიდა ქართლში – 7, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში- 2-2, რაჭა-ლეჩხუმში -1. სტატისტიკა აჩვენებს, რომ არც თუ დაბალი ფასების მიუხედავად, კერძო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება.
როცა სკოლა ბიზნესია – „კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის უფსკრული ღრმავდება“
საჯარო თუ კერძო – როგორ ირჩევენ მშობლები სკოლას შვილებისთვის?
რა ჯდება და ღირს თუ არა კერძო სკოლაში სწავლა?
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება