200 000-მდე ლარი დისტანციური სწავლების ერთთვიანი პიარ კამპანიისთვის და ამ დრომდე უცნობი სტატისტიკა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, ერთ თვეში 199 996 ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი შესყიდვის უფლების დაჩქარებული წესით მოპოვებისთვის, უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. გადაწყვეტილება 2 ივნისამდე უნდა მიიღონ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვას გეგმავს, რომლის მთავარ მიზანს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველში არსებულ 2086 საჯარო სკოლაში 530 ათასი ბავშვი ირიცხება. კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მარტის დასაწყისიდან შეწყვეტილია და სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
განათლების სამინისტრო ხშირად საუბრობს ამ კუთხით არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე, თუმცა აქამდე არ ასაჯაროებს სტატისტიკურ მონაცემებს. დღემდე უცნობია სკოლების რამდენი მოსწავლე ერთვება სისტემატიურად დისტანციურ გაკვეთილებში და რამდენი არ ჩართულა არასოდეს. პრემიერი გახარიასგან კი, პარლამენტში პირდაპირ მოვისმინეთ, რომ ინტერნეტიზაციისა და დისტანციური სწავლების კუთხით არსებულ პრობლემაზე იმუშავებენ. ასევე, განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ დაახლოებით რა უჯდება ბიუჯეტს განათლების სისტემაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მართვა და სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
ამ დრომდე ასევე არ გაჟღერებულა ზოგადი მონაცემები რა ხდება კერძო სკოლებში, როგორ და რა მეთოდებით იპოვეს მათ გამოსავალი არსებულ რეალობაში.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოყვანილი არგუმენტების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისიდან მიმდინარე დისტანციური სასწავლო პროცესი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დროებით ალტერნატივად მიიღო და სერიოზულად ვერ აღიქვა. ამის გამოსასწორებლად კი, სამინისტრო ერთ თვეში 15 ივნისიდან 18 ივლისამდე, 200 ათას ლარამდე თანხის გაღებას აპირებს.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა. გადაწყდა დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლა. პანდემიის პირობებში კაცობრიობა ახალ ნორმებს აყალიბებს და ეჩვევა ცხოვრებას ახალ მოცემულობას. დისტანციური სწავლებაც ამ ახალი ცხოვრების („ახალი ჩვეულებრივი“-ს) ნაწილია, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ ცვლილებას მხოლოდ დროებით ალტერნატივად აღიქვამს და ამიტომაც არ უღრმავდება და არ უყენებს მაღალ მოთხოვნებს არსებულ სასწავლო პროცესს. დისტანციური სწავლის მოდელი ეს არის სასწავლო დაწესებულების ღირსეული ალტერნატივა, რომელიც აგრძელებს მოსწავლე-სტუდენტების განათლებას და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს.
„შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი არის განათლების სისტემაში მომუშავე კომპეტენტური ადამიანების დაუღალავი, ოპერატიული შრომის შედეგი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს სწავლის უზრუნველყოფასა და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს. ამასთან, ვინაიდან ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია, 2 კვირის ვადაში სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას. პროექტი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩაეშვა. პროექტი ასევე ითვალისწინებს გაკვეთილებს ეთნიკური უმცირესობებისთვის, აბიტურიენტებისთვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდიკის დანერგვა იგეგმება სამომავლოდაც მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ კამპანია საზოგადოებრივ და სოციალურ ხასიათს ატარებს და ის გათვლილია ფართო საზოგადოებაზე, თუმცა ყველაზე მეტად მოსწავლეების ოჯახებს ეხება.
„საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და მის სარგებელზე, რათა შესაბამისად უზრუნველყონ მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში და უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლების უწყვეტად მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ ხსენებული საკითხი წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას და ამასთან, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება ივნისის შუა რიცხვებში, აუცილებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს დროულად და შეუფერხებლად. მაგრამ ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სწავლას აგრძელებენ ივლისის თვის ჩათვლით და აუცილებელია, მოვიცვათ, როგორც ივნისის, ასევე ივლისის თვეც. აქედან გამომდინარე, დროის სიმცირის გათვალისწინებით, ვერ მოესწრება ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადაში მოხდეს მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით, მსოფლიოს წინაშე არსებული ახალი გამოწვევის, კორონავირუსით გამოწვეული რთული ვითარების პირობებში“,-ვკითხულობთ დოკუმენტში.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადაა 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 18 ივლისის ჩათვლით პერიოდი. საინფორმაციო/საკომუნიკაციო კამპანიის მომსახურება კი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: კრეატივი: – კრეატიული კონცეფცია. აღსრულება: – ქეის ისტორიები | ფოტოგადაღება – ეპოქები | ფოტოგადაღება – რესპონდენტები | ვიდეოგადაღება – მთავარი ვიდეო, სარეკლამო: – ქეის ისტორიები | ფოტო პოსტები – ეპოქები | ფოტო პოსტები – რესპონდენტები | ვიდეო პოსტები – მთავარი ვიდეო, პიარ გაშლა: – სტატიები.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის რომელი კომპანიებთან თანამშრომლობით უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია სამინისტრომ.
რამდენი მოსწავლე ესწრება დღეში ერთ სრულ ინტერაქტიულ გაკვეთილს, ისევ უცნობია
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება