„პირველი წამყვანი პროფესორი გაზაფხულზე გვეყოლება – ბიუჯეტის პრობლემა არ არსებობს, ეს საკითხი [10 000-ლარიანი ხელფასი] სასაცილოა…“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ერთ-ერთი სიახლე სახელმწიფო უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორის თანამდებობის შემოღებასა და ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირისთვის 10 000-ლარიანი ხელფასის დანიშვნას შეეხება.
იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს ეს თანამდებობა რამდენიმე თვეა დაემატა, წამყვანი პროფესორი ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ჰყავს. შესაბამისად, არც ამ ოდენობის სახელფასო ანაზღაურება აუღია ვინმეს.
უფრო მეტიც, ოქტომბრის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის წარდგენისას საზოგადოებას ამცნო, რომ „უნივერსიტეტებში ერთ წელიწადში 10 000-ლარიანი ხელფასი მიღწეული არ იქნება“ და რომ ხელფასები 20-წლიან პერიოდში გაიზრდება.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, კითხვები – როდის გვეყოლება პირველი წამყვანი პროფესორი და რა ბედი ეწია 10 000-ლარიან ხელფასს, დაესვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიასთვის, რომელიც სამინისტროში სწორედ უმაღლესი განათლების მიმართულებას კურირებს.
განათლების მინისტრის მოადგილე გვარწმუნებს, რომ „ბიუჯეტის პრობლემა საერთოდ არ არსებობს“. გაბისონია ამბობს, რომ ძალიან კარგად იცის, რა თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ხელფასზე საუბარი უხერხულიც კია.
როგორც ზვიად გაბისონიამ 29 ოქტომბერს, ჩვენი კითხვების პასუხად განაცხადა, პირველი წამყვანი პროფესორი 2027 წლის გაზაფხულზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეყოლება და მინისტრის მოადგილის მტკიცებით, პირველივე წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე შერჩეული პირის სახელფასო ანაზღაურება სწორედ 10 000 ლარი იქნება.
როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს
„გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში 10 000-ლარინი ხელფასები სწრაფად ვერ მიიღწევა. მე ასეთ დეტალებში არ შევალ – რამდენი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ 100 პროფესორს 10 000 ლარი გადავუხადოთ, ცოტა უხერხულიც არის ამაზე ლაპარაკი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიწყებს თუ არა, [წამყვან პროფესორს] ხელზე ექნება 10 000 ლარი, დარიცხული – 12 500 ლარი. ეს არის გაცხადებული და არაფერს არ უარვყოფთ. გაზაფხულზევე იქნება ეს პირველ სამ ფაკულტეტზე, როგორც მითხრეს. შემდეგ მოჰყვება დანარჩენი ფაკულტეტები და შემდეგ თანდათან… უნივერსიტეტები ხომ გადაადგილებას აკეთებენ შიგნით მილევადი რეჟიმის ფაკულტეტების ნაწილში და აზრი არ აქვს [წამყვანი პროფესორის კონკურსის] გამოცხადებას, სანამ სტრუქტურული რეორგანიზაცია არ დასრულდება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მანვე განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე კონკურსის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორების შერჩევა:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ავტონომიურობის ფარგლებში, თვითონ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ სამ ფაკულტეტზე გამოეცხადებინა წამყვანი პროფესორების კონკურსი, რომელიც სახელმწიფოსთან თანხვედრაში იყო და ბიუჯეტის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. სასაცილოა ეს საკითხი, რომ 1 მლნ ლარი არ გვაქვს ახლა იმისთვის, რომ სახელფასო ბიუჯეტი იყოს. სხვა რამეზეა საუბარი: პირველი – სახელფასო ფონდების დაახლოებაა საჭირო და მეორე – ყველაზე მთავარი, რატომაც თსუ-მ გადადო გაზაფხულისთვის ეს კონკურსი, არის ის, რომ ფაკულტეტებზე სტრუქტურული შემადგენლობა მიმართულებების, დეპარტამენტების არის განსხვავებული…
სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს კონკურსები ჯერ არ გამოუცხადებიათ და გეტყვით რატომ – ეს არც ყოფილა გეგმა იმისა, რომ ერთდროულად უნდა შემოგვეღო ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ წამყვანი პროფესორისა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე უნდა ყოფილიყო ასახული. შემდეგ მისი ასახვა დავიწყეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ სამ ფაკულტეტზე. სამმა ფაკულტეტმა გადაწყვიტა, რომ სტრუქტურული შემადგენლობა ერთიან მდგომარეობაში უნდა მოიყვანონ და მას შემდეგ, რაც ამას განახორციელებენ, ჩემი ინფორმაციით, გაზაფხულზე დაუბრუნდებიან ამ საკითხს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირველ წამყვან პროფესორს გაზაფხულზე იხილავთ“.
ამავე თემაზე:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება
-
გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროშიც პრემიერ-მინისტრს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება – რა ცვლილება მიიღო პარლამენტმა
by ARIS.GE-განათლება
