GE

2017-2018 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და პირობები განისაზღვრა

საქართველოს მთავრობამ 2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა დაამტკიცა. წელსაც, ისევე როგორც შარშან, მაგისტრების დაფინანსებისთვის 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი გამოიყო.

2017 წლის 15 მარტის  საქართველოს მთავრობის  №131 დადგენილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა  2 000 000 (ორი მილიონი)  ლარით.

ხოლო სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება განისაზღვრა 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება განისაზღვრა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

თითოეულ სტუდენტზე გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები აქვთ გამოცხადებული: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);  ჯანდაცვა; ჰუმანიტარული; ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა); საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა); სამართალი; მათემატიკა და ფიზიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ბიზნესი და ეკონომიკა;

აღნიშნულ პროგრამულ მიმართულებებზე 2 მილიონი ლარიდან  39,96% (799 200 -შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი ლარი) თანაბრად ნაწილდება, ხოლო 60,04% (1 200 800 – ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი ლარი) შემდეგი პროცენტული მაჩვენებლით გადანაწილდება მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე:

საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%; სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;  განათლება − 6,07%; ჰუმანიტარული − 6,07%; ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;  ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%; სამართალი − 3,07%;  მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;  აგრარული − 2,17%;  ჯანდაცვა − 1,17%; ხელოვნება − 0,67%.

როგორ დავრეგისტრირდეთ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – გზამკვლევი და პროცედურა

გასულ წლებში გამოყენებული ტესტები

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური