2017 წლის მაღალქულიანი აბიტურიენტების წარმატების ფორმულა მომდევნო წლის აბიტურიენტებისთვის
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აბიტურიენტები საგნებს ირჩევენ, რეპეტიტორებს ეძებენ და წიგნებს იმარაგებენ. მათგან ყოველდღიურად არაერთ კითხვას ვიღებთ. თუმცა არის კითხვები, რომლის ადრესატებიც უკვე ყოფილი აბიტურიენტები და ახლა უკვე პირველკურსელები არიან. რა პროფესია იყო მაღალქულიანებში პოპულარული? რა პრინციპით სწავლობდნენ ? არჩევითი საგანი რამდენი ჰქონდათ? გართობისთვის თუ ეცალათ? საკმარისია ერთი წელი მომზადება გრანტის მოსაპოვებლად?… ეს სწორედ ასეთი კითხვების მცირე ნაწილია.
ქირურგი, ფიზიკოსი და მმართველი – 2017 წლის ყველაზე წარმატებულმა აბიტურიენტებმა, რომელთა მონაცემებიც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა, ეს სპეციალობები აირჩიეს. ბათუმელი, თბილისელი და გორელი საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდები თავიანთი წარმატების საიდუმოლოს ამხელენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლო წლის შრომის შედეგი არაა.
ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ თითოეული მათგანი სასწავლებლად უცხოეთში წასვლას გეგმავს, თუმცა პირობას დებენ, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან, რათა თავიანთი ცოდნა ქვეყანას მოახმარონ.
ანა ბერიძე ბათუმის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, მედალოსანი. მისი პროფესიული არჩევანი ერთმა შემთხვევამ განაპირობა – ქართულის ოლიმპიადიდან ბაზალეთში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბანაკში მოხვდა. სამი დღის განმავლობაში იგი მართვისა და სამართლის სკოლის წარმომადგენლების ლექციებს ისმენდა.
”მართვის ლექციებს ამავე სკოლის მეოთხეკურსელი გვიკითხავდა. იმდენად მომხიბლა ამ ადამიანის იმიჯმა, დიქციამ, ცოდნამ, პერსპექტივებმა, რომელსაც ეს სკოლა იძლეოდა, გადავწყვიტე, რომ მართვა იყო ის, რაც უნდა მესწავლა. მრავალპროფილური სპეციალობაა – ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია – ყველაფერს მოიცავს. ეს იყო ის, რასაც ყოველთვის ვეძებდი, ამიტომ მანდ ჩავაბარე,” – შედეგად, 100 %-იანი დაფინანსებით ანა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია.
აბიტურიენტობის პერიოდი არცთუ დატვირთული ჰქონდა, რადგან ამბობს, რომ ყველაფრის სწავლა ბოლო წლისათვის არ გადაუდია. მისი თქმით, მთელი 12 წელი კარგად სწავლობდა და ამიტომ ბოლო წელი შედარებით მსუბუქიც კი იყო.
”აბიტურიენტობის დროს უფრო მოვიცალე თეატრებისათვის, ფილმებისათვის, მხატვრული ლიტერატურისათვის, უფრო აქტიურად დავიწყე კითხვა. რეპეტიტორებთან, ყოველი შემთხვევისათვის მეც დავდიოდი, რადგან მაინც ვღელავდი, მაგრამ სხვა მხრივ რთულ და დაძაბულ წლად არ ვთვლი. შეიძლება უკვე მიჩვეული ვიყავი და მაგიტომაც არ მომეჩვენა. სამაგიეროდ ძალიან საინტერესო იყო, უამრავი ბავშვი გავიცანი, მეგობრები შევიძინე. მოკლედ, სახალისო იყო” – ამბობს ის.
გარდა ამისა, ანა დაკავებულია ცურვითაც. აინტერესებს ბიოლოგია და თანამოაზრეებთან ერთად მცირე ცდებშიც იღებს მონაწილეობას. მისი გატაცება კი თეატრია.
ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ მაგისტრატურის გავლას საზღვარგარეთ გეგმავს. თუმცა ჯერ პროფილი არ შეურჩევია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის, რომ სწავლის გაგრძელების სასურველ ადგილად მას ევროპის ქვეყნები არ დაუსახელებია. ანასთვის აღმოსავლეთი უფრო საინტერესოა და ამიტომ სწავლის გაგრძელებას ჩინეთში ფიქრობს.
”უნივერსიტეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ შორეული აღმოსავლეთის ენები ვისწავლოთ. ჩინეთში ძალიან კარგი უნივერსიტეტია, რომელიც მიზიდავს და შეიძლება იქ წავიდე,” – აღნიშნავს ანა.
აბიტურიენტებს კი იგი შრომისაკენ მოუწოდებს, რადგან მათ მომავალს ის განსაზღვარვს, თუ სად ჩააბარებენ და რა პროფესიას დაეუფლებიან.
კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი დავით ოქროპირიძეა. მან გორის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩააბარა. მომავალში ქირურგობას აპირებს.
ამბობს, რომ აბიტურიენტობის წელი დაძაბული და სხვა წლებთან შედარებით რთული იყო. ზოგადი უნარების გარდა ყველა საგანში ემზადებოდა და ძირითად დროს მეცადინეობას უთმობდა. თუმცა, განსაკუთრებულად რთულს მაინც არ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწავლას სათანადო ყურადღებას არც წინა წლებში აკლებდა.
”ჩემი შედეგი მხოლოდ რეპეტიტორების დამსახურება არაა. სკოლამაც დიდი საფუძველი მომცა,” – ამბობს ის და დასძენს, რომ მცდარია სტერეოტიპი, თითქოს საჯარო სკოლა კარგ განათლებას ვერ იძლევა. დავითის თქმით, მის წარმატებაში სკოლას და სკოლის მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით.
რაც შეეხება მის პროფესია, ამბობს, რომ მედიცინა ყოველთვის აინტერესებდა, რადგან ეს ყველაზე ჰუმანურ საქმედ მიაჩნია. მისი აზრით, არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ, ან ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებ.
სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში სურს წასვლა. თუმცა, დასძენს, რომ სამუშაოდ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
”აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ განსაკუთრებული არაფერია საჭირო. მთავარია თავიდანვე კარგი საფუძველი ჰქონდეთ, შეიქმნან მოტივაცია და სწავლას საკმარისი დრო დაუთმონ. ალბათ ესაა წარმატების გარანტი, ” – ამბობს დავითი.
მარიამ არუსტაშვილი კი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი უმაღლესი ქულებით გახდა. ამბობს, რომ ინგლისურის გარდა არაფერში მომზადებულა. მეცადინეობას თავს დამოუკიდებლად ართმევდა და რაც ყველაზე დაუჯერებლად ჟღერს, მარიამი აცხადებს, რომ აბიტურიენტობის წელი წინა წლებზე მსუბუქი აღმოჩნდა.
კითხვაზე-რატომ ფიზიკა, მარიამი შემდეგნაირად გვასუხობს:
“იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს. ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული რისი კეთება მენდომებოდა, ამიტომ ისეთი სფერო ავირჩიე, რომლითაც სწავლის გაგრძელება და მუშაობა მრავალი მიმართულებით შემეძლება. ვფიქრობ, რომ აზროვნების განვითარებასა და გაფართოებაში ძალიან დამეხმარება. არ ვიცი მეცნიერებას გავყვები თუ არა, მაგრამ თუ ასე მოვიქცევი, აუცილებლად დიდ მიზნებს დავისახავ,” – ამბობს მარიამი.
სწავლის გარდა მარიამი აბიტურიენტობის დროსაც კი აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით – ცეკვავს, ჩართულია პროექტებსა და ოლიმპიადებში.
მაგისტრატურაზე სწავლას ისიც საზღვარგარეთ აპირებს, თუმცა სამუშაოდ საქართველოში გეგმავს დაბრუნებას.
”თუკი მეცნიერებას გავყვები და აქ არ გვექნება პირობები, მომიწევს საზღვარგარეთ მუშაობა, თუმცა ვეცდები აქაურობასაც შევმატო რამე. იქიდანაც შეიძლება გამოადგეს ადამიანი ქვეყანას. თუკი აქ ვერ გააკეთებ საყვარელ საქმეს, იმის კეთებას რაც არ გიყვარს, ჯობია სხვაგან იყო და იქ აკეთო ის, რაც გიყვარს,” – მიიჩნევს მარიამი.
ვინ არიან 2017 წლის ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები
გაიცანით 2017 წლის აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით ჩააბარა
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება