GE

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე უკვე 30–ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დროისათვის 30 000–ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

„აბიტურიენტების უმრავლესობა რეგისტრირებულია. ამ ეტაპზე, 30 000-ს გადავაჭარბეთ, თუმცა, როგორც ყოველთვის, როგორც გვჩვევია ჩვენ, ბოლო დღეებში ვაკეთებთ ყველაფერს და ბოლო დღეებში საკმაო რაოდენობა ემატება აპლიკანტების. აქედან გამომდინარე, ალბათ, მივაღწევთ 40 000-ს, იმდენად რამდენადაც, კიდევ სამი დღეა დარჩენილი და პარასკევს 18:00-საათამდე აქვთ აბიტურიენტებს უფლება რეგისტრაცია გაიარონ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ რეგისტრაციის პირველი ეტაპის სრულად გავლა აუცილებელია და აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„პირველ რიგში, აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამაში იგულიხმება იმ აუცილებელი ველების შევსება, რომლებიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო. უნდა აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 30 მარტის შემდეგ საგამოცდო ქალაქს ვეღარ შეცვლიან აბიტურიენტები და რეგისტრაციასაც ვეღარ გაივლიან.

„თუმცა დანარჩენი ყველაფრის შეცვლა შეეძლებათ. მე ვგულისხმობ არჩევანს. არჩევანი ეხება საგამოცდო საგანს და საგნებს, ასევე უმაღლესი სასწავლებლებსა და იმ პროგრამებს, სადაც მათ სწავლის გაგრძელება სურთ. ეს ეტაპი დასრულდება 15 მაისს და ამის შემდეგ მათ აღარ შეეძლებათ საგამოცდო საგნის, ან საგნების ცვლილება ასევე საგამოცდო ენის ცვლილება, თუმცა 15-აგვისტომდე მათ ექნებათ დრო, შეცვალონ სასწავლებლების და პროგრამების არჩევანი.

„რაც უნდა გაითვალისწინონ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სრულად გაიარონ რეგისტრაცია და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი მონაცემები ასახულია ჩვენს ბაზაში. ამის დამადასტურებელი გახლავთ ის, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათ ავტომატურად მისდით შეტყობინება მითითებულ ამა თუ იმ ელექტორნულ მისამართზე. თუ შეტყობინება ვერ მიიღეს, ეს იმას ნიშნავს რომ რეგისტრაცია დასრულებული არ არის და, დიდი ალბათობით, დაავიწყდათ შენახვის ღილაკზე თითის დაჭერა. აი, ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ 30 მარტის 6-საათამდე მათ სრულად გაიარეს რეგისტრაცია“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, ცნობარში გასატარებელი ცვლილებებია, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია–აკრედიტაციასთან არის დაკავშირებული.

„წინა წლებში, აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის დრო ჰქონდათ აპელაციების შეტანის დასრულებამდე, წელს სააპელაციო ნაშრომების გასწორების პროცესის დროც დავუმატეთ აბიტურიენტებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო მივცეთ მათ იმისთვის, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთონ, იმდენად, რამდენადაც რიგ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი.

„შეიძლება, არაგეგმიურად სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც შევიდნენ და დიდი ალბათობით, იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომლებსაც სტუდენტებისა და აბიტურიენტების მიღება აქვთ გამოცხადებული, შეიცვლება. ამიტომაც ყველა აბიტურიენტს დაბეჯითებით ვთხოვ, ამ პერიოდის განმავლობაში – ვგულისხმობ 15-აგვისტომდე (და გთხოვთ, რომ ნუ დაველოდებით ამ თარიღს) გარკვეული პერიოდულობით გადავამოწმოთ ჩამონათვალი, რადგან შესაძლებელია, მათ მიერ არჩეულ პროგრამას აკრედიტაცია ჩამოერთვას ან უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდეს და ისინი ამ კონკრეტული არჩევანის გარეშე დარჩებიან. ამიტომაც თავლი ადევნონ იმ სიახლეებს, რომელსაც ჩვენ მივაწვდით“, – აღნიშნა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

აბიტურიენტის ცნობარი 2018

როგორ დავრეგისტრირდეთ ეროვნულ, საგრანტო, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის

რა ფერის ტუშიანი კალმები უნდა მიიტანონ აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური