GE

2019 წლისთვის სკოლების უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც მუნიციპალიტეტების საქმე იქნება

მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურისა და მისი მოვლისა და დაფინანსების უფლება სრულად 2019 წლისთვის გადაეცემათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურისა და მისი მოვლისა და დაფინანსების უფლება სრულად 2019 წლისთვის გადაეცემათ, მას შემდეგ რაც, ამ საკითხს კანონი დაარეგულირებს. კანონპროექტი კი პარლამენტს მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარედგინება.

როგორც მურღულიამ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, საბოლოო, ანუ კანონის დონეზე  დარეგულირებულ დეცენტრალიზაციას რიგ კანონებში ცვლილება სჭირდება. მათ შორის, როგორ ნაწილდება ფინანსები მუნიციპალიტეტებს შორის და ამაზეც ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მიდის აქტიური მუშაობა.

მურღულიას განმარტებით, დეცენტრალიზაციის პროცესი საბოლოოდ გულისხმობს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა, მათ შორის იჯარა, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების  მიღმა, მუნიციპალიტეტების საქმე იქნება.

ამასთან, მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა საკუთარი ფართი სხვა შეუსაბამო ბიზნესს არ დაუთმონ. პირველ რიგში, იქნება კანონი, შემდეგ კი სტანდარტი, რომელსაც განათლების სამინისტრო დაადგენს.

„მიმდინარე წელს ეს პროცესი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. დღეს სკოლებს პარტნიორი ჰყავთ განათლების სამინისტრო, შემდეგ იქნება თვითმართველობები. უძრავი და მოძრავი ქონებას დღესაც სკოლა განკარგავს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე გვაცნობებს. მე არ მინახავს წერილი, სადაც სკოლა იტყოდა რომ მაღაზია უნდა გავხსნა ჩემთან. ძირითადად, ტიპიური არენდის მიმართულებებია: სპორტის წრე, მხატვრული წრე და რაღაც ამდაგვარი. ამიტომ, სამინისტროს წინააღმდეგობა არასდროს გაუწევია, თუმცა იშვიათი შემთხვევები იყო. როცა სკოლას აქვს ცალკე მდგომი შენობა და ვიღაცას უნდა გამოიყენოს საწყობად ან ინდუსტრიული დანიშნულებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავდით ხმაურის საკითხს, ბავშვებისთვის უსაფრთხოების საკითხს და ა.შ. ამ ტიპის საკითხები სასურველია განხილული იქნას სამინისტროსთან ერთად, თუმცა თვისობრივად სკოლა თავად განკარგავს იმ რესურსებს, რომელიც აქვს. მომდევნო წლიდან არ იქნება სკოლა ვალდებული შეატყობინოს სამინისტროს, თუმცა შეატყობინებს თვითმმართველობას“, – აღნიშნა მურღულიამ.

ამბობს, რომ სტანდარტი, რომელსაც დაადგენენ გამორიცხავს სკოლაში მაგალითად ისეთი მაღაზიის გახსნას, რომელიც ხელს შეუშლის საგანმანათლებლო პროცესს.

„თუმცა შეიძლება, რომ სკოლის ისეთ სივრცეში, რომელიც არ არის  სწავლის აქტიური სივრცე იყოს კანცელარიის მაღაზია, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გარდა ამისა, მურღულია განმარტავს, რომ შესაძლებელია, საბოლოოდ მივიღონ რეგულაცია და მუნიციპალიტეტები გააფრთხილონ, რომ ფართის იჯარით გაცემისას, ნებართვა არ გასცენ სხვა საქმიანობაზე გარდა საგანმანათლებლოსი.

„არსებობს სკოლები, რომელთაც სკოლის გარეთ ბევრი დამხმარე სათავსო აქვთ და ასეთი სათავსოს გაქირავებით სკოლა იღებს შემოსავალს. ამ  შემოსავლის გამოყენება ხდება ისევ სკოლის საჭიროებისთვის. ამიტომ, ცალხმრივი მოჭრა რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი, არ მიმაჩნია სწორად. ამასთან,  ძალიან დიდი დაფიქრება და გააზრებაა საჭირო,  შეიძლება თუ არა ასეთი მიდგომა კონკრეტულ შემთხვევებში“, – აცხადებს მურღულია.

სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი სამინისტრომ სამართავად თვითმმართველობებს გადასცა – დეტალები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური