GE

სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი სამინისტრომ სამართავად თვითმმართველობებს გადასცა – დეტალები

რეგიონებსა და დედაქალაქში სკოლების ბიუჯეტის მართვას, სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს განათლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობები უკვე მარტიდან განახორციელებენ. სწორედ მათი ფუნქცია იქნება სკოლების საჭიროებების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა. თუ რომელ სკოლაში უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და სად არის აუცილებელი ახალი სკოლის აშენება, ამისთვის თვითმმართველობებს წელს ვადა 15 თებერვლამდე ჰქონდათ. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სკოლების დირექტორებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები უკვე გამართეს. თებერვლის ბოლოს მთავრობა შესაბამის ნორმატიულ აქტს მიიღებს, მარტიდან კი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაწყებად ტენდერიც გამოცხადდება. თუ რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია, როგორ მოხდება თანხების კონტროლი და როდის დაიწყება სკოლების რეაბილიტაცია, EDU.ARIS.GE–ს ამ პროცესის ზედამხედველი და განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესაუბრა.

ახალი რეგლუაციის მიხედვით, სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტის განკარგვის ფუნქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა. ზუსტად რას გულისხმობს ეს პროცესი?

–დავიწყოთ თავიდან, პრიორიტეტს მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წყვეტს მუცნიპალიტეტი. თუ აქამდე, პირობითად, სამინისტროში წყვეტდნენ პირველ და მეორე სკოლას შორის რომელი უნდა გარემონტებულიყო, იმიტომ რომ ყველას ფული არაა, ეს კარგად გვესმის, ასევე, სად უნდა აშენდეს სკოლა, ახლა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტთან ერთად, თუმცა მთლიანად მუნიციპალიტეტზეა გადაწყვეტილების მიღება გადასული. მუნიცპალიტეტი ჩვენთან იქნება კავშირზე, ჩვენ სტანდარტებთან და პრინციპებთან, ჩვენ რეკომენდაციების მივცემთ, მაგრამ მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტლებას ყველა სკოლას შორის რომელი გარემონტდება,  ან ყველა საჭირო სკოლას შორის რომელი აშენდება.

–ეს რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება თუ შეეხება მხოლოდ რეგიონებს და არა დედაქალაქს?

–თბილისიც ისეთივე  მუნიციპალიტეტია, როგორიცაა ქუთაისი და ხარაგაული. ყველას ეხება. ეს არის დეცენტრალიზაციის ერთი საკვანძო მიმართულება  ევროინტერგრაციის ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულება. ამიტომ, ყველა  თვითმართველობა თანაბრად იქნება ვალდებული  ამ პრიორიტეტებზე იმუშაოს.

–როდის დაიწყო სკოლების დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხების რაიონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის პროცესის შესახებ მუშაობა? (ასეთი ცვლილების სურვილი განათლების წინა მინისტრმა გამოთქვა)

–მუშაობა გასულ წელს დაიწყო. მთავრობამ წლის დასაწყისში მოისმინა მინისტრის ინფორმაცია და დაადასტურა რომ ეს მოდელი არის სწორი მოდელი.  მეომორანდუმი ფორმდება. ინფორმაციის წარმოდგენის ვადა მათი პრიორიტეტების შესახებ მუნიციპალიტეტებს 15 თებერვალამდე ჰქონდათ. თებერვლის ბოლომდე  დამტკიცდება ყველა პროექტი ინფრასტრუქტურისა და  განათლების სამინისტროს  ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში. ამის შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება მარტის დასაწყისში ყველგან. უშუალოდ სამუშაოები კი მაშინ დაიწყება, როცა სკოლა ცარიელი იქნება. ახალ მშენებლობებს კი ეს შეზღუდვა არ აქვთ.

–სამინისტროს მხრიდან ვინ კურირებს ამ პროცესს?

–სამინისტროში ეს სფერო მე მაბარია, ისევე, როგორც ჩაბარებული მაქვს ინფრასტრუქტურის საკითხები. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კი ჩართულია რეგიონების კურატორი კახა გულედანი.

–როგორ მოხდება ბიუჯეტის გადაცემა, რა პრინციპით განხორციელდება ეს პროცესი?

–ჩემთვის, გულის სიმშვიდისა და სულის სიმშვიდისთვის კარგია, რომ თანხები  ჩაირიცხება ფაქტიური შესრულებით, რაც გამორიცხავს არამიზნობრივ განკარგავს.

–ანუ, ჯერ შესრულდება კონკრეტული სამუშაო და შემდეგ ჩაირიცხება თანხები?

–რა თქმა უნდა, ავანსის თემებს მოვუწესრიგებთ ყველას, ვისაც სჭირდება, მაგრამ როგორც იცით, ასეთი ტიპის პროექტებისთვის ავანსი არის მაქსიმუმ 20-30 პროცენტი. რეალურად თანხების ჩარიცხვა მოხდება ფაქტიური შესრულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელი გახდება  თანხის არამიზნობრივად გახარჯვა.

–სატენდერო თანხები არის ბიუჯეტით გათვალისწინებული?

–დიახ, და შესაბამისად მოხდება მათი განკარგვა.

საჯარო სკოლების კატეგორიზაცია და ბრენდირება განხორციელდება

„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური