2020-2021 წლისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი და მოცულობა განისაზღვრა
2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობა განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით განისაზღვრა და ის 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს შეადგენს.
დოკუმენტის თანახმად, გრანტის გაიცემა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ბრძანების საფუძველზე ასევე განისაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელზეც გრანტი უნდა გაიცეს და როგორია დაფინანსების პრინციპი.
„2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს, რომლებმაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება მოიპოვეს.
რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, მას შეუძლია პროგრამის ფარგლებში მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2020 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბრძანებით განისაზღვრა დაფინანსების და დარჩენილი თანხის გადანაწილების პრი პრინციპი:
დაფინანსების პრინციპი
1.პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.
3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.
დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2019 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გაიყოფა თანაბრად და 50-50% გადაუნაწილდება იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიებს და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილების შესაბამისად.
სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად დოკუმენტების (ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტი და განცხადება) წარდგენა 2020 წლის 14 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით განათლების სამინისტროში იქნება შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან და საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება