GE

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია – ბრძანება

27 აგვისტოს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი წესი დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული) და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

ბრძანების თანახმად ცნობილი გახდა, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე.

იხილეთ 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით 

ცხრილში მოცემულ იმ მიმართულებებზე, რომლებზეც საგნის გამოცდად ერთდროულად მითითებულია როგორც ისტორია, ისე მათემატიკა, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან/და ისტორია. თუმცა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი.

რაც შეეხება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად ჩასაბარებელ საგნებს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა 3 სავალდებულო და ერთ არჩევით საგანში:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული);
ბ) ბიოლოგია;
გ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.

“ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა), სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამებისა), უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

ა) ფიზიკა;
ბ) ქიმია;
გ) ბიოლოგია;
დ) ზოგადი უნარები;
ე) გეოგრაფია;
ვ) ლიტერატურა;
ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ) სამოქალაქო განათლება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებები დეტალურად იხილეთ ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური