2022 წლის ბიუჯეტში სასკოლო საზოგადოების ხელფასებისთვის დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო
საქართველოს პარლამენტში 12 ნოემბერს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გაიმართა.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, სხდომაზე განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 22,3 მილიონი ლარით არის გაზრდილი, საიდანაც 10 მილიონი ლარი სკოლის ადმინისტრაციული პერსონალისა და იმ პირთა ხელფასების მატებისთვისაა გათვალისწინებული, ვის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა გასულ დღეებში ისაუბრა.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 22, 3 მილიონი ლარით, აქ გათვალისწინებულია სკოლების დაფინანსებაში დამატებით 10 მილიონი ლარი. მათ შორის გათვალისწინებულია, მასწავლებლების ხელფასები, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების მატებაზეც არის რესურსი გათვლილი, ასევე, მანდატურების და სკოლაში არსებული მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ხელფასების ზრდაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც გიორგი კაკაურიძემ მოხსენებისას აღნიშნა, განათლების სფეროს დაფინანსება მომდევნო წელს, წლევანდელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 112 მლნ. ლარის ოდენობით. გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულება, სკოლამდელი და ზოგადი განათლება, დაახლოებით 90 მლნ. ლარითაა გაზრდილი, რომელიც აერთიანებს მასწავლებელთა ხელფასების რაოდენობის ზრდასაც.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ შეჯამებისას აღნიშნა, მთლიანად განათლების სისტემის დაფინანსებაზე მიმართულია მშპ-ს 3.8%, ეს ციფრი გაიზარდა, დაახლოებით 3.5% იყო და აუცილებელია შემდგომი ზრდა მიბმული იყოს ხარისხის გაზრდასა და ეფექტურობის გაზრდაზე ყველა მიმართულებით.
განხილვისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად) მომხრე 7 და წინააღმდეგი 0.
ასევე იხილეთ:
მოამზადა რუსკა ადვაძემ
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება