„არ მგონია საზეიმოდ გვქონდეს საქმე, ხელფასის 10%-ით მატებასთან ერთად, ცხოვრებაც ძვირდება“ – როგორ ხვდება სასკოლო საზოგადოება 2022 წლის იანვარს
„ალბათ, თავად ამაყად გრძნობენ თავს, რომ პირობა შეასრულეს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვეზეიმება, სანამ ხელფასი ჩამერიცხება, გონებაში უკვე დახარჯული მაქვს და ალბათ, მარტო მე რომ ვიყო ოჯახში შემომტანი, ჩემი ხელფასით შვილებსაც ვერ გამოვკვებავდი, სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია“, – ასე ეხმაურება EDU.ARIS.GE– სთან საუბარში დაანონსებულ 10%-იან სახელფასო მატებას თბილისის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი.
როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საჯარო სექტორში დასაქმებულ თანამშრომელთა სახელფასო მატებაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან, ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ მათ შორის სკოლის მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალსა და მანდატურებს.
საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულების გამოხმაურებები ამ სიახლის შესახებ უმეტესად კრიტიკული იყო. ნაწილი ამბობს, რომ ამ ოდენობით სახელფასო მატება მათთვის პირობებს ვერ გააუმჯობესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ცხოვრება საათობრივად უძვირდებათ.
EDU.ARIS.GE მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა. დავინტერესდით, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად დამაკმაყოფილებელია ანაზღაურების 10-პროცენტიანი ზრდა. ამასთან, გავარკვიეთ როგორია მათი ამჟამინდელი ანაზღაურება.
საჯარო სკოლების მასწავლებლები დღემდე არაფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ, მათი ხელფასი განისაზღვრება სამუშაო სტაჟისა და სტატუსის მიხედვით.
სტატუსის დანამატი:
უფროსი მასწავლებლებისთვის – 570 ლარი
წამყვანი მასწავლებლებისთვის – 950 ლარი
მენტორი მასწავლებლებისთვის -1250 ლარი
ასევე, დამრიგებლისთვის დანამატია 101.25 ლარი. რაც შეეხებათ სპეციალურ მასწავლებლებს, მათი მინიმალური ანაზღაურება 370 ლარია. სპეცმასწავლებლის ხელფასი იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე ჰყავს. მაგალითად: ორი შშმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში 420 ლარი; 5 ან მეტის შემთხვევაში 570 ლარი.
5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო 542.70 ლარია.
რაც შეეხებათ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათი ხელფასების ოდენობას თავად სკოლა განსაზღვრავს. მასწავლებელთა დასაქმების საიტი, სადაც ვაკანსიები არამხოლოდ პედაგოგების, არამედ სკოლის სხვა თანამშრომლებისთვისაც გამოცხადებულ ვაკანსიებს მუდმივად აახლებს, სწორედ აქ გადავამოწმეთ რამდენია მათი ანაზღაურება და საათობრივი შრომა. მაგალითად, სსიპ – ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლას ადმინისტრატორისთვის სავარაუდო ხელფასის გრაფაში 350-390 ლარი აქვს მითითებული, სამუშაო ხანგრძლივობად კი განსაზღვრული აქვს 40 საათი კვირაში. სსიპ – ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებული IT სპეციალისტის ვაკანსია, რომელიც ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ითვლება, თვეში 360-480 ლარია, სამუშაო დატვირთვა კი, კვირაში 40 საათი.
თბილისში, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაკანსიები, სამწუხაროდ, არაა გამოცხადებული, თუმცა მოქმედ ვაკანსიებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მათი თვიური ხელფასი საუკეთესო შემთხვევაში 500 ლარს არ სცდება.
ამას ემატება ისიც, რომ ყველა დასაქმებული ვალდებულია შემოსავლის 20% სახელმწიფოს გადაუხადოს.
ნანა, ისანში მდებარე ერთ-ერთი საჯარო სკოლის ხარისხის მართვის სპეციალისტია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი სახელფასო ანაზღაურება 350 ლარს შეადგენს, რადგან სრულ განაკვეთზე არ მუშაობს. სკოლაში აქვს რამდენიმე საათი, როგორც ინფორმატიკის მასწავლებელს, თუმცა ჯამში მისი ანაზღაურება 600 ლარს არ სცდება. ამბობს, რომ ხელფასების ზრდა დროულია განსაკუთრებით მაშინ, როცა ფასები ყოველდღიურად იმატებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ამ ანაზღაურების პირობებში შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას.
„ყოველწლიურად საუბრობენ, რომ ხელფასები უნდა მოგვემატოს, გვემატება რასაკვირველია და მადლიერიც ვარ, რომ ტყუილად არ გვპირდებიან, მაგრამ არ მგონია საზეიმოდ გვქონდეს საქმე, რადგან ხელფასის მომატების პარალელურად, ცხოვრებაც ძვირდება. სულ რომ 2000 ლარზე ავიდეს ჩვენი ხელფასები, თუ პურის ფასი მოიმატებს, შაქრის, გაზის, ბენზინის, რა ვიცი ყველაფრის ფასი გაზრდილია, ეს მატება მაინც ცოტა იქნება ჩვენთვის. ალბათ, დარეგულირებული ფასების პირობებში აღარ ვიწუწუნებდით ამდენს, მაგრამ როგორც კი იმატებს ჩვენი ხელფასი, ყველაფერს ფასი ემატება, სჯობდა ისე არ გაზრდილიყო ფასები და იგივე ხელფასი დაგვრჩენოდა“, – სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა.
გია, რუსთავის ერთ-ერთი დიდი საჯარო სკოლის მანდატურია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალური ხელფასი რომელსაც იღებს 750 ლარია, თუმცა სხვა დასაქმებულების შემთხვევაში მასაც ექვითება შემოსავლის 20% საპენსიო დანაზოგით კი არ სარგებლობს, რადგან 40 წელს გადაცილებულია და მიეცა უფლება მისი გაუქმების.
გია ამბობს, რომ ხელზე 600 ლარს იღებს, რაც არასაკმარისია, სწორედ ამიტომ კიდევ ერთ სამსახურში უწევს მუშაობა, ღამის დარაჯად.
„ხელზე ვიღებ 600 ლარს, თუმცა ოფიციალური ხელფასი 750 გვაქვს. ვინც ოჯახს არჩენს, ამ ხელფასით გაუჭირდება. პირადად მე, მეორე სამსახური რომ არ მქონდეს ძალიან გამიჭირდებოდა. რასაც ამბობენ, რომ მოგვიმატებენ დაცინვაა. ჯერ 10% არაფერია და დაქვითული საერთოდ რა რჩება? ჩემს შემთხვევაში სახლში 4 სული ვართ და ყველა ვმუშაობთ, ამიტომ მაინც არ გვაქვს საწუწუნო, თუმცა ბევრი ვიცი, ვინც მარტივად ანებებს თავს ამდენ წვალებას, გარბის სკოლიდანაც და ქვეყნიდანაც და კიდევ უფრო მეტი გაიქცევა ასე თუ გაგრძელდება“.
თბილისის 174-ე საჯარო სკოლის ქართული-ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ ხუციშვილმა, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ერთგვარი კალკულაცია შემოგვთავაზა, თუ რა სარგოს მიიღებს მასწავლებელი ფინანსთა მინისტრის დაანონსებული 10%-იანი სახელფასო ზრდით და გვითხრა, რომ 20%-იანი საშემოსავლო დაბეგვრისა და 2%-იანი საპენსიო დაქვითვის გათვალისწინებით, 10% ვერ გაზრდის მათ შემოსავალს და ეს უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციაა, რადგან რეალურად, მისთვის არაფერი იცვლება. ჩვენთან საუბარში, მეტი სიცხადისთვის, რესპოდენტმა 4 არგუმენტიც გამოყო:
„არ ვარ კმაყოფილი, აღნიშული გადაწყვეტილებით, ამისთვის რამდენიმე ფაქტობრივი არგუმენტიც მაქვს: 1) ბევრჯერ დაანონსდა მსგავსი სიახლე, მაგრამ გაგვიცრუვდა იმედები, ან ძალიან გაიწელა დროში. 2) 10%-იანი ზრდა ყოვლად შეუსაბამო და სამარცხვინო ზრდაა, რადგან მოგეხსენებათ, 20% საშემოსავლო იქვითება, ამას + 2 % საპენსიო დაქვითვა, რომელსაც 40-წლამდე მყოფი მასწავლებლები ვერ ვაუქმებთ. 3) რეალურად 15 სთზე, 800 ლარიან ანაზღაურებას “ემატება” 80 ლ, საიდანაც იქვითება 22% – 17,60 ე.ი. რა გამოდის, გვემატება 62,4 ლარი, რაც 10% ნამდვილად არ არის და 4) ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან (ფასთა მატება ყოველდღიურად ავტ.) მიმართებით, ყოვლად შეუსაბამო და სამარცხვინო ზრდაა“.
დაანონსებულ სიახლეზე გვესაუბრა თბილისის 213-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნატო ფერიშვილიც. მისი თქმით, მასწავლებლებს, ისევე როგორც ჯარისკაცებსა და ექიმებს, განსაკუთრებით მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ და მასავით არ უწევდეთ დამატებითი სამსხურის ძებნა.
„რა თქმა უნდა, მასწავლებელს მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. მასწავლებლობა ძალიან ძნელი პროფესიაა, არაფერს ვამბობ მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ურთულესი პროფესიაა… ვინც ამ სფეროში არ არის, ადვილი ეჩვენება, მაგრამ ასე არ არის. მითუმეტეს დღეს, როცა ძალიან სპეციფიკური ხასიათის ბავშვები მოდიან და ჩვენც ყველა მოსწავლეს უნდა ვედგეთ თავზე. ისეთი დროა, ხშირად ჩვენი შვილებისთვის ვეღარ ვიცლით. რაც მეტად არის საერთოდ ადამიანი დატვირთული, ხელფასიც ამის მიხედვით დაერიცხება. ჩემს შემთხვევაში, არ მაქვს სრული განაკვეთი, კვირაში 10 საათი მაქვს, რაც ძალიან ცოტაა, იძულებული ვარ სხვა სამსახურის ძებნაზეც ვიფიქრო. განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები დღითიდღე იზრდება, მგონია, რომ სხვა მასწავლებლებიც დაფიქრდებიან დამატებითი შემოსავლის ძიებაზე“, – გვიყვება პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
როგორ განაწილდება 2022 წლის განათლების ბიუჯეტი – რა წერია პირველად დოკუმენტში
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება