GE

21 წლის მასწავლებლობის მსურველი: „არის რაღაცები, რასაც არ ვისწავლიდი უფროსი ასაკის პედაგოგებისგან..“

„ბევრი მოქმედი მასწავლებელი მახსენდება, რომლებსაც არ აქვს დადასტურებული კომპეტენცია გამოცდით, მაგრამ დღემდე ვსაუბრობთ, როგორ საუკეთესოდ გვასწავლიდნენ. მეც მყავდა ასეთი დაუვიწყარი პედაგოგები“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 21 წლის მასწავლებლობის მსურველი, ხათუნი მიროტაძე, რომელმაც 6 ივლისს, მასწავლებლის საგნის გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარა.

ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე სწავლობს და ბიოლოგის პროფესიას ეუფლება. მესამე კურსის სტუდენტი ფიქრობს, რომ მისი პროფესიის წარმომადგენლებს დასაქმებისთვის საკმაოდ ფართო არეალი აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე, მისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე – სკოლაზე გააკეთა არჩევანი.

„ფარმაცევტობა, ლაბორანტობა, სხვადასხვა ექსპერიმენტული საქმიანობის წარმართვა… საკმაოდ ბევრი სფერო და ადგილია, სადაც ბიოლოგებს შეგვიძლია დასაქმება. საქართველოში ფარმაცევტისა და მასწავლებლის სამუშაო ანაზღაურება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი ჩემთვის ბევრად მისაღებად გამოიყურება და სკოლაში დასაქმება ჩემთვის, ამ ეტაპზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – ამბობს სტუდენტი.

ხათუნას ვკითხეთ, რა არის ის, რის სწავლასაც არ ისურვებდა უფროსი ასაკის პედაგოგებისგან და პირიქით – რას ისწავლიდა.

„მათგან, პირველ რიგში, ვისწავლიდი ძალიან ბევრ პრაქტიკულ საქმეს. თუნდაც მოსწავლის შეფასების ნაწილში. ასევე, ვისწავლიდი კოლეგებთან ურთიერთობის ტექნიკას. ძალიან ბევრ რამეს… მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ვისწავლიდი. ესაა მკაცრი, დისციპლინური და სადამსჯელო მეთოდები, რომლებსაც ძალიან ბევრი ასაკოვანი პედაგოგი იყენებდა და იყენებს”, – ამბობს ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველი.

ჩვენი რესპონდენტი სისტემაში მყოფი მასწავლებლებისთვის დაუსრულებელი ტრენინგების საკითხსაც შეეხო და გვითხრა, რომ თუ მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ინდივიდუალურ და მათზე მორგებულ გრაფიკს შეიმუშავებს, მომავალში ამ ტრენინგების გავლის წინააღმდეგი არ იქნება:

„მე ვფიქრობ, ჩვენზე მორგებული, ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი თუ იქნება შემუშავებული, მაგალითად, თავად ავირჩევთ სასწავლო წლის რომელ თვესა და რიცხვში გავივლით ტრენინგს, ეს იქნებოდა ძალიან კომფორტული და არ გამოიწვევდა სირთულეებს”.

ხათუნა მიროტაძეს ასევე ვკითხეთ, რა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც  მასწავლებლის პროფესიას დატოვებდა. მომავალმა პედაგოგმა გვითხრა, რომ მისთვის წითელი ხაზები ნამდვილად არსებობს და თუ ის გადაიკვეთება, აღარ ექნება სურვილი, მასწავლებლის პროფესიით განაგრძოს მუშაობა:

„არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ დიახ, ჩემთვის არსებობს წითელი ხაზები. თუ ჩემი შრომითი უფლებები დაირღვევა, თუ სკოლაში არ იქნება კოლეგიალური გარემო, თუ მომიწევს ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც, ვფიქრობ, პედაგოგს არ შეესაბამება – ე.წ. შეუსაბამო დავალებების, მაშინ, ალბათ, დავტოვებ სკოლას. ყოველ შემთხვევაში გამიჩნდება ამის სურვილი”.

ასევე იხილეთ:

„ისტორიის საგანს ისტორიკოსები უნდა ასწავლიდნენ და არა სხვა პროფესიის წარმომადგენლები“ – მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი მესტიიდან

ცნობილია 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური