GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

25 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.

„ბევრს ჰგონია, რომ წარმატება მხოლოდ კარიერული წინსვლა და მაღალი თანამდებობაა. სინამდვილეში წარმატება ის პატარა ნაბიჯებია, რომლებიც ყოველდღე შეუმჩნევლად გვაყენებს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მოგიწოდებთ, რომ იყოთ პროაქტიულები და არ დაელოდოთ იმას, რომ შესაძლებლობები გიპოვნიან თქვენ, არამედ თავად ეძიეთ ისინი“, – აღნიშნა რექტორმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

„თქვენ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეთ და დიდ სფეროში შეაბიჯეთ, სადაც ცოდნის რეალიზება და კარიერული წინსვლა გელოდებათ. თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ლექტორი და თქვენი დიდი გულშემატკივარი. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და თქვენი ინიციატივების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ფართო ასპარეზი. მჯერა, როგორ ღირსეულადაც დაასრულეთ ცხოვრების ეს ეტაპი, ასევე, ღირსეულად გააგრძელებთ მუშაობას და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოიყენებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებისადმი მისალოცი სიტყვით სხვადასხვა დარგის გამორჩეული წარმომადგენლები და ფაკულტეტების დეკანებიც წარდგნენ.

საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები.

განსაკუთრებით ემოციური ნაწილი აღმოჩნდა უნივერსიტეტის მასკოტის „მისტერ შეპარდის“ გამოჩენა. საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და მოეწყო ქუდების აყრის ცერემონია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პიანისტი გიგი ჭიპაშვილი (Gigi PianoMan), წამყვანი კი დავით გვეტაძე გახლდათ.

საღამოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, მედიცინის და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური