საბავშვო ბაღებში ხელფასების მატების დრო და სავარაუდო ოდენობა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაასახელა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ შინაარსს, დღეს, 3 ოქტომბერს, პარლამენტის განათლების, მცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცნობს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვის პასუხად, თუ როდიდან და რა ოდენობით გაეზრდებათ ანაზღაურება საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კაკაურიძემ ასეთი პასუხი გასცა:
„რაც შეეხება ბაღებში ხელფასების მატებას, იანვრიდან არის ეს გათვალისწინებული ისევე, როგორც წელს იყო. მატება იქნება არანაკლებ 100 ლარით, მოდით, ასე ვთქვათ, თუმცა [ბიუჯეტის] საბოლოო ვარიანტის დაზუსტებისას, შეიძლება, კიდევ რაღაც დავაზუსტოთ“.
როგორც მინისტრმა დამატებით განმარტა, სახელფასო მატება პროცენტული მაჩვენებლის თვალსაზრისით 10% ნამდვილად არ იქნება, ვინაიდან საჯარო სექტორისგან განსახავებით ბაღებში განსხვავებული სიტუაციაა და ხელფასები დაბალია.
“ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთნაირად, დატვირთვიდან ამომდინარე, ნომინალურ მაჩვენებელში გაიზარდოს ხელფასი და მინიმუმ 100-ლარიან ზრდას ვფიქრობთ, რომ უნდა გაკეთდეს და შეიძლება, ეს ასი ლარი ზოგისთვის იყოს 25%, ზოგისთვის 20% და ზოგისთვის, შეიძლება, 7-8%-ის ფარგლებში იყოს. თუმცა, ალბათ, გარკვეულწილად სწორია, რომ მათი ანაზღაურება თანაბრად იყოს გაზრდილი. საბოლოო ჯამში, ამაზე მუნიციპალიტეტები იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული სახელფასო მდგომარობისა და რესურსების გათვალისწინებით”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტს ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, 2024 წლის მიწურულს დაამტკიცებს.
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება