სამი ყველაზე ეფექტიანი თანამედროვე სწავლის მეთოდი და მათი ანალოგები საქართველოში
ავტორი: თათული ღვინიანიძე
დრო გადის, სამყარო პროგრესირებს და, ბუნებრივია, სწავლა-სწავლების ტრადიციული მეთოდები ძველდება. არსებობს მოსაზრება, რომ პედაგოგთა ნაწილს უჭირს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, გამონაკლისი არც საქართველოა; განათლების მენეჯერები კი მაინც ჯიუტად აიძულებენ მასწავლებლებს კომფორტის ზონის დატოვებას; თამამად შეიძლება ითქვას, რომ „თავს ახვევენ“ დასავლურ, ინოვაციურ მიდგომებს ცოდნის გაზიარებისა და ბავშვების/მოზარდების აკადემიური თუ ზნეობრივი აღზრდისთვის, ხშირად კულტურულ-სოციალური კონტექსტის გაუთვალისწინებლობითა და ქართველთა კოლექტიური ხასიათისთვის გვერდის ავლით. მიუხედავად უცხოურიდან ჩვენს რეალობაში მეთოდოლოგიათა კალკისებური გადმოტანისა, ისინი [მეთოდები] სახეს იცვლიან.
აღნიშნულ სტატიაში თავი მოვუყარე სამ ყველაზე ეფექტიან სწავლის მეთოდს, რომელიც წარმატებით დაინერგა ევროპის სკოლებში. ვცადე, თითოეული რამდენიმე კუთხით დამენახებინა მკითხველისთვის, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მათი სპეციფიკის სრულად აღქმა და, რაც მთავარია, ქართული ანალოგების განხილვა პარალელური ლაიტმოტივის სახით. ტექნიკების სელექციისას ვიხელმძღვანელე ერთადერთი პრინციპით – რამდენად ვხვდებით მათ მსგავს/იდენტურ სწავლის მეთოდს საქართველოში ზოგადი განათლების საფეხურზე.
რატომ ევროპული მეთოდები?
ჩვენი ქვეყნის დასავლური პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს განათლების სისტემაც ევროპულ მოდელზე ეტაპობრივად გადასვლას ცდილობს. ჯერ კიდევ 2014 წელს ევროკავშირსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება (მოგვიანებით რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ). შეთანხმების 361-ე მუხლი საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას განათლების სისტემა მოარგოს ევროპის სტანდარტებსა და ევროკავშირის საკანომდებლო აქტებს, მათ შორის უზრუნველყოს მასწავლებელთა სათანადო კვალიფიკაცია და სწავლების/სწავლის ხარისხი, რათა აკადემიურმა დაწესებულებმა იფუნქციონირონ სრულფასოვნად და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ამასთან ერთად, საქართველო სარგებლობს 2017 წელს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტით – „რეკომენდაციები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავების შესახებ”. იგი ემსახურება სასწავლო პროცესების, განათლების რეფორმის და კვალიფიკაციის გამჭვირვალობას. რეკომენდაციების გათვალისწინებამ, თავის მხრივ, ქართული განათლება ვალიდურად უნდა აქციოს ევროპის ფარგლებში.
რადგან საქართველოს განათლების სისტემის სქემა ეფუძნება ევროპული მეტა-ჩარჩოებს, იზიარებს მის ფასეულობებს და ნორმებს, მეტიც აქტიურად მიმდინარეობს რეფორმა და მოდერნიზაცია, ლოგიკურია, რომ დავინტერესდი ევროპაში დანერგილი და აპრობირებული სწავლის მეთოდებით. მოდი, განვიხილოთ სამი ტექნიკა, რომელსაც განსხვავებული ელფერით საქართველოშიც ვხვდებით:
1.პროექტზე დაფუძნებული სწავლა (Project-Based Learning)
თუ სწავლის ტრადიციულ მეთოდოლოგიაში პროექტები ითვლებოდა დამატებით კომპონენტად, რომლის გამოყენება-არგამოყენების საკითხი პირწმინდად მასწავლებლის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული, თანამედროვე ევროპის განათლების სისტემაში, ცალკეა გამოყოფილი „პროექტზე დაფუძნებული სწავლა (PBL)“ და პედაგოგებიც აცნობიერებენ მის შეუცვლელ მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, შედიხართ ბავშვებით სავსე საკლასო ოთახში; მათ, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ სახელმძღვანელოები და თქვენ მიერ მოყოლილი ამბები, ამიტომ გიწევთ იპოვოთ ხელჩასაჭიდი, ერთგვარი ანკესი, რომლითაც მათ „გამოიჭერთ“ და საგაკვეთილო პროცესში ჩართავთ. პროექტების დამსახურებით, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირი გზით ასწავლოთ, მოზარდები თავად, დამოუკიდებლად სწავლობენ. პროექტები საშუალებას გაძლევთ ასწავლოთ არა აბსტრაქტული, არახელშესახები საკითხები, არამედ მათი ყურადღება მიმართოთ რეალური გამოწვევებისკენ და დაავალოთ პრობლემების გადაჭრა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მოზარდი მეტად ჩართულია საკლასო სამუშაოში და საშინაო დავალებასაც უჩვეულო ინტერესით ასრულებს.
კონსტრუქციულ-სისტემური ხასიათით „პროექტზე დაფუძნებული სწავლა“ 21-ე საუკუნის პირმშოა, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით უფრო შორეულ წარსულში იწყება, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში: მაშინ, როცა არისტოტელე საუბრობდა ადამიანის უნარზე – დაესწავლა ქმედებით. სოკრატემ კი შექმნა სწავლების მოდელი, რომელიც მოიცავდა საკითში გარკვევას/საკითხის დაუფლებას კითხვების დასმისა და კრიტიკული განსჯის გზებით. აღნიშნული ხერხები ძალიან ჰგავს პროექტზე დაფუძნებული სწავლის თავისებურებებს. PBL-ის ისტორიის მიმოხილვისას უნდა გავიხსენოთ მე-20 საუკუნის ამერიკელი თეორეტიკოსისა (მოღვაწეობდა განათლების მიმართულებით) და ფილოსოფოსის, ჯონ დიუის (John Dewey) მოსაზრებებიც, რომელიც მხარს უჭერდა გამოცდილების მიღებით სწავლას. სწორედ ის ითვლება პროექტზე დაფუძნებული სწავლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ჯონი ირწმუნებოდა, რომ აუცილებელია აქტიური სწავლების მეთოდი, როდესაც მოსწავლე არა მხოლოდ ვერბალურად არის ჩართული პროცესში, არამედ ფიზიკურად მონაწილეობს. ასევე, საყურადღებოა მარია მონტესორის (Maria Montessori) – იტალიელი მეცნიერისა და პედაგოგის – ღვაწლი, რომელმაც საერთაშორისო მოძრაობა წამოიწყო დაწყებითი კლასის მოდერნიზაციის მიზნით. იგი იზიარებდა დიუის შეხედულებებს და წერდა: „ბავშვები სწავლობენ არა მასწავლებლის მოსმენით, არამედ გარემოს შესწავლითა და პირადი გამოცდილებით.“
თუმცა, ოფიციალურად PBL პირველად გამოიყენეს ბეროუზმა და ტამბლინმა 1960 წელს, ჰამილტონის მაკმასტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროგრამაზე.
PBL იდეალურად დაბალანსებული მეთოდია, რადგან მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, ანუ მაქსიმალური ჩართულობით, მოზარდი/ბავშვი სწავლობს „რა“ და „როგორ“ უნდა გააკეთოს. მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ მაგალითი: სრული ზოგადი განათლების საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს დაავალეთ ბიზნეს გეგმის შედგენა, რომელიც, ერთი მხრივ, მათ შემოსავალს მოუტანს, მეორე მხრივ, გადაწყვეტს რომელიმე სოციალურ პრობლემას.
თინეიჯერს შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად, სურვილისამებრ. იმისთვის, რომ მოზარდებმა დავალებას თავი გაართვან, მათ მოუწევთ დაძებნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების შესახებ, მოიფიქრონ გამოსავალი – მათი აზრით, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება; ამის შემდეგ აირჩიონ ბიზნესის სფერო და ტიპი, მოიძიონ ბიზნესგეგმის შედგენის შაბლონი და მიჰყვნენ მას. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ექნება უნარები ბიზნესპროექტის დასაწერად, აუდიტორიის წინაშე წარსადგენად და, ასევე, იგრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას – გააცნობიერებს, რომ პირად ინტერესებზე კონცენტრაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია კოლექტიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაც.
მას შემდეგ, რაც მაგალითის დახმარებით გავიაზრე PBL, გამოიკვეთა მისი, როგორც სწავლის ინოვაციური ტექნიკის აშკარა უპირატესობები: ხელს უწყობს ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცებას.
საქართველოში, პროექტზე დაფუძნებული სწავლება გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ბოლო ორი წელია იტესტება და ინერგება ე.წ. კომპლექსური დავალება, რომელმაც მომავალში უნდა ჩაანაცვლოს სტანდარტული, ტრადიციული დავალების ფორმა. კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქტია, რომელსაც მოსწავლე თავისი ხელით ქმნის, მის მიერ მოძიებული ინფორმაცის გაანალიზებაზე დაყრდნობით. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: პოვნას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას. თავიდან ის განსაზღვრული იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა ამჟამად შეეხება როგორც საბაზო, ასევე, სრულ ზოგად განათლებას. კომპლექსური დავალება (როგორც PBL-ის ნებისმიერი სახეობა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მასალის სიღრმისეულ გააზრებას, ნაცვლად იმისა, რომ თინეიჯერმა/მოზარდმა საგნობრივი საკითხები ზედაპირულად ისწავლოს.
2.კოოპერაციული სწავლა (Cooperative Learning)
კოოპერაციული (ერთობლივი) სწავლის პრინციპი მარტივად შეგვიძლია ავხსნათ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკით – „ძალა ერთობაშია!“ (ეს ფრაზა საქართველოს გერბზეცაა გამოსახული, როგორც მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის ერთადერთი საშუალება). თანამშრომლობით სწავლის იდეა, როგორც მისი სახელიდან ჩანს, ემყარება გუნდური მუშაობის კონცეფციას და კოლექტიურ ძალისხმევას; მოსწავლეები ერთად უმკლავდებიან პრობლემებს და შეძენილ ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კოოპერაციული სწავლა არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც ახლა, მისი გამოყენების მცდელობები ჰქონდათ ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დაწყებამდე. სოციალურმა თეორეტიკოსებმა (ოლპორტმა, უოტსონმა, შოუმ და მიდმა) დაინახეს კორპორაციული სწავლის თვალშისაცემი ეფექტიანობა. მათმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობის დროს შესრულებული დავალების ხარისხი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია კი დიდხანს რჩებოდა მეხსიერებაში. თუმცა, აღმოჩენამ ვერ მოახერხა ფართო მასებში გავრცელება, სანამ XX საუკუნის 30-40-იან წლებში მკვლევრებმა, მეიმ და დობიმ არ დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ საერთო მიზნისკენ სწრაფვა ადამიანებს სასურველი შედეგის მიღწევაში, მათ შორის დასწავლაში, ეხმარებათ. ამავე პერიოდში ჯონ დიუიმ, კურტ ლევინმა და მორტონ დოიტმა დაიწყეს კოოპერაციული სწავლის კვლევა (ისინი მიიჩნევიან თანამშრომლობით სწავლის ფუძემდებლებად) და ტრადიციული მეთოდის გაკრიტიკება. ჯონ დიუს სჯეროდა, რომ სკოლას დემოკრატიული სტრუქტურა სჭირდებოდა, დაპირისპირებისა და ასპარეზობის მომენტი კი მაქსიმალურად უნდა შემცირებულიყო. თუმცა საბოლოოდ, 1940 წელს, მორტონ დოიჩმა ჩამოაყალიბა თანამშრომლობისა და კონკურენციის თეორია იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ყველაზე ხშირად მიმართავენ დასავლურ ცივილიზაციაში.
თუ თქვენ იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ექსპერიმენტებს არ ერიდებიან და ცდილობენ საკლასო ოთახი „ახალი იდეების ინკუბატორად“ აქციონ, დააჯგუფეთ მოზარდები 5-5 წევრად. სთხოვეთ მათ, აირჩიონ საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, შემდეგ კი გაინაწილონ მოვალეობები. თითოეულმა წევრმა უნდა მოიძიოს კონკრეტული ტიპის ინფორმაცია. თუ ერთი გაიგებს კუთხის გეოგრაფიულ თავისებურებებს (ტერიტორია, ჰავა, ჰიდროლოგიური მონაცემები და ა.შ.), მეორე უნდა კონცენტრირდეს კულტურულ თავისებურებებზე (ტრადიციები, დღესასწაულები, მრწამსი), მესამე – სამზარეულოზე (კერძები, სასმელები, ნუგბარი), და ა.შ. მას შემდეგ რაც თითოეული შეისწავლის მისთვის განკუთვნილ ნაწილს, შეძენილ ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებენ, რათა პრეზენტაციის წარდგენისას, ყველამ შეძლოს პასუხის გაცემა კლასელებისგან მიღებულ შეკითხვებზე. აღნიშნული აქტივობა დაგეხმარებათ, სრულად გააცნობიეროთ კოოპერაციული სწავლის ყველა წახნაგი. შემდეგ კი, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებთ განხილული ტექნიკის დადებით მხარეებს, რაც აისახება მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე: ლიდერობა, პოზიციის ტოლერანტურად დაფიქსირება, კონფლიქტების მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია, მსჯელობა და ახსნა, არგუმენტაცია, თავდაჯერებულობა, ემოციების მართვა, სხვა პიროვნებასთან/პიროვნებებთან კოლაბორაცია.
შეიძლება ითქვას, რომ კოოპერაციული სწავლა – სტატიაში განხილულ სხვა მეთოდებთან შედარებით – ყველაზე ხშირად გვხდება ქართულ სკოლებში, ჯგუფური მუშაობის სახით, ვინაიდან მეტნაკლებად ნაცნობი იყო ქართველი პედაგოგებისთვისა და მოსწავლეებისთვის. აღნიშნული განვითარების ფორმას ადამიანი გაუცნობიერებლად მიმართავს ყოველდღიურობაშიც, პირობითად, ეზოში თამაშისას, ცოტათი მოდიფიცირებულ ფორმასთან შეხება ჰქონდა ბაღშიც. აქვე უნდა მივაქციოთ ყურადღება ისტორიულ კონცეპტს, წყაროებზე დაყრდნობით, ქართველური/ქართული ტომები მუდმივად ერთიანდებოდნენ მტრის წინააღმდეგ, მოგვიანებით კოლაბორაციისკენ იხრებოდნენ ქართული ქალაქები და მათი მმართველებიც. დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს გაერთიანების შემდეგ კი, ქართველები გვერდიგვერდ იბრძოდნენ, ერთი მხრივ, ფიზიკური გადარჩენისთვის, მეორე მხრივ, რელიგიის შენარჩუნებისა და სუვერენიტეტისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კოოპერატიული სწავლის მეთოდი ყველაზე შესაფერისია ქართველებისთვის, ერის გენეტიკური და ისტორიული ცნობიერების გათვალისწინებით.
3.დიზაინ აზროვნება (Design Thinking)
დიზაინ აზროვნება კიდევ ერთი სწავლის თანამედროვე მეთოდია, რომელიც წარმატებით დაინერგა ევროპულ სკოლებში. სწავლის ამ მეთოდის საჭიროება წარმოშვა ზრდასრულ ადამიანებში კრეატიულობის სავალალო დეფიციტმა, რაც რიგი კომპანიების ფინანსებსა და იმიჯზე უარყოფითად აისახა. გამოიკვეთა შემოქმედებითი ადამიანების ჩამოყალიბების აუცილებლობა.
XX საუკუნის 50-60-იან წლებში ხელოვნებისა და დიზაინის ახალი მიმდინარეობების განვითარებამ, გააჩინა იდეა, რომ დიზაინი გამოეყენებინათ როგორც სწავლის მეთოდი. ასე ჩაისახა განსაკუთრებული ხერხი ამოცანებისა და პრობლემების დასაძლევად. ჯონ ე. არნოლდი იყო პირველი, ვინც დიზაინ აზროვნებაზე მსჯელობა დაიწყო და საზოგადოებას თავისი ნაშრომიც გაუზიარა – „შემოქმედებითი ინჟინერია“ (1959); იგი ეხებოდა დიზაინ აზროვნების უნიკალურ უნარს, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობების პოვნის საშუალება ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია ლ. ბრიუს არჩერის წვლილიც, მას ეკუთვნის ნააზრევი – „დიზაინერების სისტემატური მეთოდი“ (1965), რომელშიც გამოყოფს დიზაინის აზროვნების ოთხ სფეროს. საკუთრივ ტერმინი – „დიზაინაზროვნება“ – კი ეკუთვნის IDEO-ის ხელმძღვანელ ტიმ ბრაუნს.
დიზაინ აზროვნება ხუთი ეტაპისგან შედგება. მათი სწორად გააზრების საუკეთესო გზა მაგალითის მოყვანაა:
თანაგრძნობა – პირველ რიგში, მოსწავლე იჩენს ემპათიას და ინტერესდება, რომელიმე ჯგუფით, მაგალითად, ბულინგით ტრავმირებული თანაკლასელებით. იწყებს მოკვლევას, უკავშირდება ექსპერტებსა და პროფესიონალებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მასწავლებელს, ფსიქოლოგსა და მანდატურს, კონსულტაციას გადის, იღებს რჩევებს. თავად დაზარალებულებთან გასაუბრების ხარჯზე აგროვებს საჭირო ინფორმაციას (მათ შორის მსხვერპლის განცდებს, გრძნობებს, პერსპექტივას).
პრობლემის განსაზღვრა – პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე მოსწავლე აანალიზებს მოძიებულ ინფორმაციას და ახერხებს მის ლოგიკურ სინთეზს, რათა გამოკვეთოს მწვავე საკითხები; ამ შემთხვევაში უნდა გაარკვიოს, რა სახის ბულინგის მსხვერპლია თანატოლი, როგორ აისახება ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჩაგვრა მას ცხოვრებაზე, როგორ უმკლავდება სიტუაციას (ან, საერთოდ, ახერხებს თუ არა არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებას). ეტაპის ბოლოს კი უნდა დასახოს ამოცანა – ბულინგის მიზეზის გაგება და მისი აღმოფხვრა.
იდეების გენერირება – მესამე დონეზე მოსწავლემ უნდა წამოაყენოს ყველა სავარაუდო იდეა პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ე.წ. „ბრეინ შთორმის“ გამოყენება.
პროტიტიპების შექმნა – მეოთხე ეტაპი ექსპერიმენტულია და მოიცავს იდეების გენერირებისას განხილული ვარიანტების მოდელირებას. ინიცირების შემდეგ ვლინდება იდეათა პრაქტიკულობა და ავკარგიანობა, შესაბამისად, მოსწავლე შედარების მეთოდის გამოყენებით, აარჩევს საუკეთესოს.
ტესტი/გამოცდა – დიზაინ აზროვნების მეთოდს აგვირგვინებს პრობლემის მოგვარებისთვის არჩეული გზის ხელახალი ტესტირება, რათა მოსწავლე დარწმუნდეს არჩევანის სისწორეში. რაც გრძელდება მიღებული შედეგის ანალიზით, რათა გაიგოს, რამდენად მოახერხე მიზნის მიღწევა.
როგორც ხედავთ, ხუთივე ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, მოსწავლეს უნდა განუვითარდეს ან გაუმყარდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა პრობლემების კრეატიულად გადაჭრა, ინოვაციური აზროვნება, პერსპექტივების მრავალფეროვანი სპექტრის აღქმა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, კომპლექსების დაძლევა. იგი მოსწავლეს ეხმარება დაძლიოს სრულიად უცხო/ახალი პრობლემები და სწრაფად ადაპტირდეს ნებისმიერ გარემოებასთან. უნდა აღინიშნოს, მაშინაც კი, თუ პრობლემა არასწორადაა განსაზღვრული, დიზაინ აზროვნება საშუალებას იძლევა ნებისმიერ ეტაპზე მოხდეს სამოქმედო კურსისა და გეგმის კორექტირება.
ქართულ საჯარო სკოლებში დიზაინ აზროვნებით სწავლის შემთხვევებს იშვიათად შეხვდებით. მაშინაც კი, როცა პედაგოგები იყენებენ სწავლის ამ მეთოდისთვის დამახასიათებელ დავალებებს, ხშირად ეს მცდელობა გვირგვინდება როლური თამაშებით. როლური თამაშები შეგვიძლია მივიჩნიოთ დიზაინ აზროვნების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მასში ყოველთვის არ არის გათვალისწინებული დიზაინ აზროვნების ხუთივე ეტაპი.
სამყაროს ინტერნეტიზაციამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, რომელმაც სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანა კაცობრიობა, მართალია გაამარტივა ცხოვრება, გააფართოვა ადამიანის თვალსაწიერი და ცოდნა სამყაროს შესახებ, მაგრამ ახალი უნარების ათვისების აუცილებლობა წარმოშვა. ვინაიდან სწორედ სკოლის პასუხისმგებლობაა ცხოვრებისთვის მოამზადოს მოსწავლეები, შესძინოს მათ პრაქტიკული ჩვევები და ჩამოაყალიბოს ჯანსაღ მოქალაქეებად, საჭირო გახდა ტრადიციული სწავლის მეთოდების ჩანაცვლება თანამედროვე ალტერნატივებით – მათ შორის ისეთი ტექნიკებით, როგორიცაა „პროექტზე დაფუძნებული სწავლა“, „კოოპერატიული სწავლა“ და „დიზაინ აზროვნება“. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათი დახმარებით მოხერხდა იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რომელსაც ტრადიციული მიდგომები წარმოშობდა – უფრო კონკრეტულად, სწავლა გახდა ორმხრივი, ინტერაქტიული, მოსწავლეზე მორგებული პროცესი, რომელიც ვიზუალიზაციის პრინციპს ემყარება; ბავშვს/მოზარდს გაუმარტივდა კონცეპტების აღქმა და გააზრებული ინფორმაციის დამახსოვრება. სწავლის თანამედროვე მეთოდები ეხმაურება ჩვენი ეპოქის გამოწვევებს და შეუძლია მოსწავლეებს შესძინოს არა მარტო ზოგადი თეორიული ცოდნა სამეცნიერო მიმართულებით (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ა.შ.), არამედ – პრაქტიკული. შესაბამისად, მომავალში ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად „კომფორტის ზონის“ დატოვება და სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა ნამდვილად ღირს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება