GE

5 წლის ბავშვების ჩარიცხვის გამო, კერძო სკოლა ავტორიზაციის გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა

ფოტო –
deutscheschule.ge

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის მიღება დაშვებულია მხოლოდ 6 წლის ასაკში. იმის გამო, რომ ერთ-ერთმა კერძო სკოლამ აღნიშნული წესი დაარღვია, ავტორიზაციის გაუქმების საფრთხე შეექმნა.

2021 წლის 24 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ – თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შესწყდა, რადგან უწყებამ დაადგინა, რომ სკოლამ გამოკვეთილი დარღვევები გამოასწორა. დარღვევებს შორის ერთ ერთი, პირველ კლასში 5 წლის ბავშვების მიღება იყო.

„ექსპერტის განმარტებით, სკოლას 3 მოსწავლე, 2014 წელს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, 5 წლის ასაკში ჰყავდა მიღებული, შესაბამისად, ეს მოსწავლეები წლების განმავლობაში არ ფიქსირდებოდნენ განათლების მართვის საერთო საინფორმაციო ბაზაში, რაც მათ საქართველოში მობილობის განხორციელების შესაძლებლობას ართმევდა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.

როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოს სხდომის ოქმშია აღნიშნული, განმეორებითი მონიტორინგის დროს სკოლამ წარადგინა ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის მიმართვა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, მოსწავლის მიერ გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. მშობლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვარს მიღებული დროებითი განჩინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსწავლე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩარიცხული იქნებოდა გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის მე-6 კლასში. რაც შეეხებოდა მეორე მოსწავლეს, იგი წარმოადგენდა გერმანიის საელჩოს თანამშრომლის შვილს, გერმანიის საელჩოს 2021 წლის 04 თებერვლის კორესპონდენციით ირკვეოდა, რომ გერმანული სასკოლო სისტემის მიხედვით, 5 წლის ბავშვს, რომელიც მზად იყო სკოლისთვის, შეეძლო სკოლაში სწავლის დაწყება.

გარდა აღნიშნული პრობლემისა, სკოლას დარღვევის სახით დაფიქსირებული ჰქონდა რეგულაციების დარღვევა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებითაც. როგორც დოკუმენტაციით ირკვევა, სკოლამ ხარვეზები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოასწორა და ავტორიზაცია აღარ გაუუქმდა.

„ეს იმ სკოლაში ხდება, სადაც საერთო ჯამში 65 000 ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი“ – მოსწავლის მშობლის წერილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური