GE

55-ე საჯარო სკოლის გარე ფასადის განათება ისევ შველას ითხოვს

როცა ქვეყანაში ყოველდღე ამდენ პრობლემას ვაწყდებით, რა მოხდა, თუ ქვეყნის ყველაზე ლამაზ გამზირზე განთავსებულ 55-ე საჯარო სკოლის ფასადზე ერთი, ორი, სამი, ხუთი ან მეტი ნათურაა გადამწვარი?

სკოლის ფასადი მთლიანად ჩაბნელებულია და ბავშვებს ხელ-ფეხის მოტეხვის საშიშროება ემუქრება? – არა.

ნათურები სასაცილოდ ციმციმებენ, ხოლო ლამის ნახევარი გადამწვარია – როგორც ეს ორი წლის წინ ხდებოდა? – არა.

მაშ, რა გალაპარაკებთ, არა?!

მეორე მხრივ, რომ დავფიქრდეთ – რა გახდა ამ გადამწვარი ნათურების ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც გამოცვლა, რომ სკოლის ფასადის განათება მაინც მოწესრიგდეს? სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ღამის საათებში მოსეირნე დედაქალაქის უამრავ სტუმარს გაუხარდება, EDU.ARIS.GE-ს გაუხარდება.

როგორ არის ნათქვამი, სიბნელე – უსწავლელობაო? არა, არა, ან რა შუაშია სკოლის ფასადის განათება? მაპატიეთ, გადავუხვიე.

ახლა ფასადის განათებას რომ დაუბრუნდეთ. სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სკოლა ენერგოდამზოგავი ნათურების ელექტროენერგიის ხარჯებს თვითონ იხდის, მაგრამ ნათურების გამოსაცვლელად საჭირო ამწეს დაქირავება უჭირს და ვაკის გამგეობას დახმარებას სთხოვს ხოლმე. გამგეობა კი, დირექტორის თქმით, სკოლას ყოველთვის ეხმარება.

გასაგებია.

სკოლის ფასადის სურათს თავადაც ხედავთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm