800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს
მასწავლებელთა შეფასების სქემის პრეზენტაციის თარიღი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავს. როგორც მინისტრის მოადგილე ლია გიგაური EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, წინ ჯერ სახელმწიფო კომისიის სხდომაა და პრეზენტაციის დრო მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.
დეტალები არც პედაგოგთა გამოცდაზე ბარიერის გაუქმებაზე მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებითაა ცნობილი. როგორც გიგაური ამბობს, დეტალები ჯერ დამუშავების პროცესშია.
ლია გიგაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის მომავალ თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან ერთად პედაგოგებთან შეხვედრებს დაესწრო და მათგან როგორც შენიშვნები, ისე რეკომენდაციები მიიღო.
ლია გიგაური: ძალიან საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები იყო გამოთქმული. მათი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია. როცა რაიმე ცვლილებას ვამზადებთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ პრაქტიკოს ადამიანებთან შეხვედრის საფუძველზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სრული სურათი შევიქმნათ.
სწორედ ამიტომ, ეს საკითხები სხვადასხვა პედაგოგიურ წრეში არაერთხელ მოგვისმენია და ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომზადებულია, ამ საკითხებსაც ითვალისწინებს. მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მათ მიერ გამოთქმული ბევრი რეკომენდაცია ცვლილებების პაკეტში ფაქტიურად უკვე ასახულია და მომავალი სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ეს პრობლემები გადაიჭრება.
–გრიფირებულ სახელმზღვანელოებზე პედაგოგებმა ყველაზე მეტი პრეტენზია გამოთქვეს. რას სთავაზობთ მათ?
–ლ.გ:სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ასევე იდენტიფიცირებულია, ვინაიდან მანამ, სანამ გრიფირების ახალი პროცესი დაიგეგმებოდა, სახელმძღვანელოების ანალიზი ჩატარდა. შესაბამისად, ეს საკითხები გრიფირების ახალ წესში გათვალისწინებულია, რათა იგივე რისკების წინაშე არ დავდგეთ და მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ. ასევე, ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მომავალში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით იქნება მიღებული.
–სქემის პრეზენტაციის თარიღი თუ გახდა ცნობილი?
ლ.გ: ჩვენ ჯერ სახელმწიფო კომისიის სხდომა გვაქვს და შემდეგ პრეზენტაციაც გვექნება.
–ზოგადად, სქემის ცვლილებაზე რას ფიქრობთ და რა იცვლება კონკრეტულად?
ლ.გ: მოგეხსენებათ, სქემა საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ეს სწორედ იმას გულისხმობდა, რომ აღმოჩენილი ხარვეზები გადამუშავებულიყო. ჩვენ ეს შეფასებული გვაქვს და ცვლილებების ახალი პაკეტი მომზადებულია. მას სახელმწიფო კომისია განიხილავს და შემდეგ უკვე კანონში ცვლილებებს მოვამზადებთ.
–პედაგოგთა გამოცდაზე ბარიერის მოხსნასთან დაკავშირებით მინისტრის ინიციატივას აჟიოტაჟი მოჰყვა. რა შეგიძლიათ გვითხრათ დეტალებზე?
ლ.გ: დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე საკითხის დამუშავება მიმდინარეობს.
–2017 წლიდან პედაგოგები ანაზღაურების ზრდას ელოდებიან…
ლ.გ: ანაზღაურების სამეტაპიანი ზრდა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო. ამიტომ, ყველასათვის ცნობილია თუ როგორი იყო დადგენილება პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. ზუსტად ამ სქემით მივდივართ.
–რომელ პედაგოგებს უხდებათ ხელფასი 800 ლარი?
ლ.გ: სრული დატვირთვის შემთხვევაში უხდებათ 800 ლარი. მას სრული საათობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს და შესაბამისი დანამატებით საშუალო ხელფასი 800 ლარი გამოდის.
გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
თაკო არის© მათეშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება