GE

8000 მოსწავლით მეტი – 2026- 2027 სასწავლო წელს საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება

„ბავშვის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეს იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ვკითხულობთ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების განმარტებით ბარათში, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამ ერთჯერად გამონაკლისს ყველა ეთანხმება, თუმცა როგორც განათლების სამინისტრო დოკუმენტში განმარტავს, კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2026 წელს პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება (საშუალოდ 8,000 მოსწავლით, (როგორც ეს იყო წინა წლებში).

„აღნიშნული მაჩვენებელი აღებულია მაქსიმალური ოდენობით. 2025-2026 სასწავლო წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის მაჩვენებელი საჯარო და კერძო სკოლებს შორის ნაწილდება შემდეგნაირად, საჯარო სკოლაში რეგისტრირებულია დაახლოებით 86%, ხოლო კერძოში 14%), რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, ვინაიდან გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერული დაფინანსების, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და „ჩემი პირველი კომპიუტერით“ უზრუნველყოფის ხარჯები“, – ვკითხულობთ გგანმარტებით ბარათში.

რა თანხებზეა საუბარი – განმარტება კანონპროექტიდან

კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, 6 წლის ასაკის, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვთა პირველ კლასში მიღების შემთხვევაში, პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 8000 მოსწავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026- 2027 სასწავლო წელს საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება, კერძოდ, 2026 წლისთვის – 7,560.6 ათასი ლარი, რომელიც მოიცავს:

ვაუჩერულ დაფინანსებას – 504.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვას დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: საშუალოდ 8000 ბუკს მოსწავლეებისთვის და საშუალოდ 200 კომპიუტერს პირველი კლასის დამრიგებლისთვის (კომპიუტერები ყოველ წელს გადაეცემათ პირველი კლასის დამრიგებლებს, რომლებიც სადამრიგებლო კლასს მიყვებიან V კლასამდე) – ერთეულის ღირებულება 738 ლარი – ბიუჯეტი 6,051.6 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი – 320.0 ათასი ლარი, მერხი და სკამი (მერხები და სკამების შესყიდვა ხორციელდება დანაკლისისა და ცვეთის შესაბამისად. ვინაიდან, 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სკოლაში მხოლოდ 6 წლის ბავშვები მოვიდოდნენ, შევსების საჭიროება დაითვალა ამ მოცემულობით) – 685.0 ათასი.

“აღნიშნული დეტალური ჩაშლა მოიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებებში ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას და არ გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფას”, – განმარტავს გივი მიქანაძის უწყება.

ნაწილობრივ შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი

გარდა ამისა, ცვლილების შემდეგ ნაწილობრივ შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ვინაიდან იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღარ ივლიან 9 საათიანი მომსახურების მქონე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში, არ იქნება საჭირო კვების ხარჯის გაწევა.

“აღნიშნული კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს კერძო ბაღების და კერძო სკოლების შემოსავლის ნაწილზე და გამოიწვევს მათი შემოსავლების ცვლილებას. ის ბავშვები, რომლებსაც მიეცემათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, შესაძლოა კერძო ბაღში დადიოდნენ და სკოლაში წასვლის შემდეგ აღარ გადაიხდიან ბაღის საფასურს. გარდა ამისა, შესაძლოა იმ 8000 ბავშვიდან, რომლებსაც მიეცემათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, ნაწილი კერძო სკოლებში ჩაირიცხოს, რაც გაზრდის კერძო სკოლების შემოსავლებს”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე იხილეთ:

კრიტიკა და თავის მართლება განათლების კომიტეტზე, სადაც 6 წელს მიღწეულთა პირველ კლასში შესვლა განიხილეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური