კრიტიკა და თავის მართლება განათლების კომიტეტზე, სადაც 6 წელს მიღწეულთა პირველ კლასში შესვლა განიხილეს
საკანონმდებლო ორგანოში 17 მარტს დაჩქარებული წესით განიხილება ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ კანონში”, რომელიც სასკოლო ასაკში გამონაკლისი წესის დადგენას შეეხება.
კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, გამონაკლისის სახით, მშობლებს უფლება ექნებათ, რომ პირველ კლასში საკუთარი სურვილის შესაბამისად, ნებაყოფლობით, მიიყვანონ ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
გამონაკლისი წესისთვის გარდამავალ დებულებას განათლების კომიტეტის ოპოზიციაც და საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს უჭერს, თუმცა განხილვა დღეს კრიტიკისა და ერთგვარი თავის მართლების ფონზე წარიმართა.
თამარ ხვედელიანი, რმელიც განათლების კომიტეტში ოპოზიციას წარმოადგენს, უკან დახევას უწოდებს მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კომიტეტმა ჯერ უარი უთხრა მშობლების საინიციატივო ჯგუფს გამონაკლისი წესის დაშვებაზე და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც მშობლებმა იგივე მოთხოვნა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრისადმი გააჟღერეს.
“ძალიან მძიმე გადაწყვეტილება აუწყეს მშობლებს კომიტეტზე, როდესაც მათ უარი უთხრეს გამონაკლისის წესზე და ამისთვის სამინისტროდან სქელტანიანი კვლევებიც მოიშველიეთ. ერთი საათის განმავლობაში არწმუნებდით მშობლებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მათი შვვილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება და ეს იყო ძალიან მძიმე პროცესი და ძალიან მძიმე დღე იყო. ვნახე დედების გულწრფელი ემოციები, თქვენ კი ასე ერთხმად დაუჭირეთ მხარი ამ დასკვნას მაშინ. მე მივესალმები დღეს, რომ თქვენ უკან დაიხიეთ”, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა ხვედელიანმა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა კი განმარტეს, რომ ეს არ არის უკან დახევა და ისინი უსმენენ საზოგადოების ხმას, სწორედ ამიტომ შეიცვალა უარი თანხმობით. დეპუტატების უმრავლესობამ მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ ის დღესაც ეყრდნობა კვლევებს და მიმართა მშობლებს, იფიქრონ შვილების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რადგან 5 წელი სასკოლო ასაკისთვის არასასურველია.
საკითხის მომხსენებლის, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას ინფორმაციით კი, მშობლების ნაწილი საერთოდ არ გეგმავს შვილის სკოლაში შეყვანას ამ გარდამავალ პერიოდში, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო პრინციპი:
“ეს ჩვეულებრივი, მენეჯერული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემი აზრით, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება და ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ”.
ამავე თემაზე:
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
-
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი
by განათლებული ბლოგი
-
დამტკიცდა ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები
by ARIS.GE-განათლება