GE

აბიტურიენტები ისტორიის ტესტის I ვარიანტის საკითხებზე – „მომეჩვენა, რომ თანამედროვე ისტორია ჭარბობდა“

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს და ხვალ აბიტურიენტები ისტორიის არჩევით გამოცდას წერენ. ისტორიის საგანს სამი სესია დაეთმობა.

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ტარდება.

ისტორიის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 92%-ზე მეტი, ხოლო დარეგისტრირებული სტუდენტებიდან 69%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა სტუდენტმა და ორმა აბიტურიენტმა.

პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები უკვე უყვებიან EDU.ARIS.GE-ს ტესტის საკითხებს და მის სირთულესაც აფასებენ:

“არ იყო რთული ვარიანტი, მარტივად შევაფასებდი. წყარო იყო დიდგორის ბრძოლის შესახებ, რაც ძალიან კარგი გასააზრებელი ტექსტი იყო, დავითის სამხედრო რეფორმაზე, როგორ გაანაწილა მან ჯარი, რაც გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

“რაც შეეხება რუკას, 1918 წლის რუკა იყო მოცემული, რომელსაც ნამდვილად არ მოჰყვებოდა რთული კითხვები. ზოგადად, ყველა ეპოქაზე იყო ერთი კითხვა მაინც, მაგრამ მომეჩვენა, რომ უფრო მეტად თანამედროვე ისტორია ჭარბობდა. საქართველოს ისტორიიდანაც იყო კითხვები, მაგალითად ერთს გავიხსენებ – მარტყოფის ბრძოლაში ჯარს ვინ მეთაურობდაო, იყო ასეთი შეკითხვა”, – გვეუბნება ქეთი რამაზაშვილი, რომელიც ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე თბილისის 39-ე სკოლაში იმყოფებოდა.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლიზი მარშანია კი ამბობს, რომ ტესტში რუკის შესახებ დავალება იოლად ვერ შეასრულა:

“წყაროს ანალიზი დავით აღმაშებელზე გვქონდა – დიდგორის ბრძოლაზე. ძალიან ადვილი კითხვები ჰქონდა. რაც შეეხება ანალოგიას, ვენის კონგრესზე იყო მოსული. რუკა, წინა წელთან შედარებით, გართულებული იყო. ზოგადად, კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, ერთადერთი, რუკის ნაწილით დავრჩი უკმაყოფილო”.

რთულ დავალებად შეაფასა ანალოგია არტურ დალაქიშვილმა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა ტესტის შინაარსი:

“ძალიან ბევრი კითხვა იყო ევროპის შესახებ. ძალიან ძნელად შევაფასებდი “ანალოგს”, იყო ვენის კონგრესზე და თუ არ გახსოვს, ვერ დაწერ, მაგრამ მე პირადად მახსოვდა და ჩემთვის ადვილი იყო. წყაროც უმარტივესი – დიდგორის ბრძოლის შესახებ შეგვხვდა და როგორც ვიცი, ყოველ წელს მოდის, ერთი საკითხი მაინც ან დავითია, ან უშუალოდ ბრძოლის შესახებ. როგორც უკვე ვთქვი, ევროპაზე და რომზე ბევრი კითხვა გვქონდა და ეს მომენტი ჩემთვის ცოტა ძნელი იყო, მაგრამ როცა დაკვირვებით კითხულობ შეკითხვას და ლოგიკურად იაზრებ, მერე უკვე იცი, რა უნდა დაწერო. რუკა, ალბათ, ამ ვარიანტში ყველაზე რთული იყო, თვითონ საკითხები არ იყო მარტივი, ასე ვფიქრობ. ალბათ, ეს ყველაზე ძნელი ვარიანტი არ იქნება, თუ არა ყველაზე მარტივი. როგორც ამბობენ და მეც მიმაჩნია, რომ პირველი ვარიანტი ისტორიაში ყოველთვის ადვილია”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას არტურ დალაქიშვილი.

ტესტირებიდან გამოსული კოკა ნოზაძე კონკრეტულ კითხვებსაც იხსენებს:

“ისტორიის ტესტირება რთული არ იყო. ჩემთვის, თითქმის ყველა საკითხი ნაცნობი აღმოჩნდა. კითხვები მე-16-მე-18 საუკუნეების ისტორიულ მონაკვეთებზე ჭარბობდა. რანდენიმე შეკითხვის გახსენებაც შემიძლია: საიდან წამოვიდა ლურსმული დამწერლობა; ვინ იყო ფარაონ მენესი და ა.შ. წყაროში მოყვანილი იყო დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდი და დიდგორის ბრძოლა, რასაც მარტივად გავართვი თავი – აღმაშენებლის ეპოქა ხომ ყველა ქართველმა კარგად უნდა იცოდეს. რუკის მიხედვით დავალების შესრულებაც არ გამჭირვებია. უშუალიდ რუკა 1918 წლის იყო”.

“წყაროთ დავიწყე წერა, კითხვები რომ მეადვილა ცოტა დავმშვიდდი, შემდეგ დავიწყე დანარჩენი საკითხების დაწერა. მართალია, რუკა რთული მომეჩვენა, მაგრამ არამგონია, რომ ბევრი შეცდომა მქონდეს მაგაშიც. ვფიქრობ, ადვილი ვარიანტი იყო, არაფერი ისეთი, რაზეც ერთი წლის განმავლობაში არ გვიმუშავია”, – იხსენებს აკაკი ბასილაძე.

რუკის სირთულეზე კიდევ ერთი აბიტურიენტი საუბრობს და ამბობს, რომ ყველა სხვა დავალება მისთვის მარტივად შესასრულებელი აღმოჩნდა: “მასწავლებელთან იმიტირებული გამოცდა როცა მქონდა, მაშინ გამიჭირდა პირველად რუკა და შემდეგ ახლა. კითხვები იყო ძალიან რთული, მართლა მერთულა. დანარჩენი საკითხები რთული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ცოტა მაშინებს რუკის ფაქტორი”.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს მარიამ ბარამიძემ და მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური