GE

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ – სოფიო გორგოძის რეკომენდაცია აპლიკანტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის  საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებული, ამის შესახებ მან 7 ივნისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ ეს არის უკვე კონკრეტულად მათი განრიგი, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ დღეს და რომელ საათზე იქნებიან. 20 ივნისის შემდეგ უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, სადაც დარეგისტრირდნენ და ამ დროისთვის საგამოცდო ბარათები უკვე ხელმისაწვდომი იქნება. უნდა ამობეჭდონ და ამ ბარათთან და პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცხადდნენ გამოცდაზე“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფო გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე აბიტურიენტების ყველაზე მეტი კითხვა საგამოცდო პროგრამების ცვლილების ვადებს ეხება და მათ ურჩევს, რომ ჩამონათვალში მაქსიმალურად ბევრი პროგრამა მიუთითონ.

„ამჟამად აბიტურიენტებისგან ყველაზე აქტუალური კითხვაა- როდემდე შემიძლია ვცვალო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი? ვურჩევ, რომ თუ ცოტა პროგრამა აქვთ არჩეული, აირჩიონ ბევრი, ამის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. მათ პროგრამების გადანაცვლებისთვის მთელი ივლისი აქვთ. როდესაც აბიტურიენტებს უკვე ეცოდინებათ თავიანთი ქულები, შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდეც კი შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ. ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან როდესაც აბიტურიენტებმა თავიანთი ქულები იციან, თავიანთი შანსებიც უკეთ იციან. კონკურსიც შეუძლიათ ნახონ და თუ დაინახავენ, რომ აქვთ მაღალი ქულები, მაგრამ კონკურსი ძალიან დიდია, შეუძლიათ გადანაცვლება მოახდინონ“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 პირველ ივლისს დაიწყება და აბიტურიენტებისა და მაგისტრობის მსურველებთან ერთად გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარებენ, ამასთან, წელს პირველად გამოცდა ჩატარდება სპეციალური მასწავლებლებისთვის.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – განრიგი და სხვა დეტალები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური